არადა, მატჩის პირველი ნახევრის 35 წუთით თუ ვიმსჯელებთ, რკინიგზელების მოგებას "არმიასთან" მატჩში ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა. ლოკომოტიველებმა 13-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და მატჩში გამარჯვება მოახერხეს - 21:16.
როგორც უკვე ვთქვით, თამაში "არმიის" უპირატესობით დაიწყო. ეს გუნდი უფრო აქტიური და მოტივირებული ჩანდა იმდენად, რომ "ლოკომოტივი" მისსავე ნახევარზე ჩაკეტა და მეტოქეს სახიფათო შეტევის განხორციელების საშუალება მხოლოდ 35-ე წუთზე მიეცა, როცა ანგარიში 13:0 იყო არმიელთა სასარგებლოდ.
არმიელებმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით მატჩის დასაწყისშივე გახსნეს. საჯარიმო
"არმიას" უპირატესობა არც ამის მერე დაუთმია. მეტიც, არმიელები იმდენად გაკადნიერდნენ, რომ საჯარიმოს კარში აღარ ურტყამდნენ. ამან შედეგი გამოიღო. მორიგი საჯარიმო ურჯუკაშვილმა აუტში გადაიტანა. დერეფანი არმიელებმა მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში მოიგეს, მოლი ააგორეს და ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი თორნიკე გოგლიძე იყო. ურჯუკაშვილმა გარდასახა - 13:0.
თამაშს ისეთი პირი უჩანდა, რომ "არმიას" გამარჯვებაში ხელს ვერაფერი შეუშლიდა. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ რკინიგზელები. მათ პირველი შეტევა 35-ე წუთზე წამოიწყეს. მორკინალების დარტყმებით მეტოქის ლელოს მიუახლოვდნენ. აქ კი ყველაზე კარგად "ლოკომოტივის" ახალწვეული, შერკინების კვაჭი ირაკლი ჩომახაშვილი გაისარჯა, რომელმაც ლელოში შეაღწია. გარემარბმა დიტო კალანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:13. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. "ლოკომოტივი" უფრო სწრაფად და ბევრად უფრო უნარიანად ირჯებოდა. 48-ე წუთზე მათ მორიგ იერიშში ისევ მორკინალებმა იაქტიურეს. მათ დარტყმებს მეტოქე ვერ უძალიანდებოდა და ლელო "ლოკომოტივის" კიდევ ერთმა პირველხაზელმა ზაზა ხარებავამ მიითვალა. კალანდაძემ ამჯერად ზუსტად გარდასახა - 12:13.
რკინიგზელებმა ანგარიშში დაწინაურება 61-ე წუთზე შეძლეს. საჯარიმო ისევ კალანდაძემ დაჰკრა ზუსტად - 15:13. მანვე მატჩის ბოლომდე კიდევ ორჯერ დაარტყა ზუსტად საჯარიმო, რაზეც არმიელთაგან შეცვლაზე შესულმა გიგი გაბუნიამ ერთი საჯარიმოთი უპასუხა.
რკინიგზელებმა საოცარი, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს - 21:16.
დიდი 10. პირველი ტური
არმია-ლოკომოტივი 16:21
არმია (15-9) მახარაშვილი, ჯიმუხაძე, მერკვილიშვილი, ურჯუკაშვილი, მესხი, ჯინაშვილი, ღვინჯილია (გაბუნია 74). (1-8) ჩაიკა (ქორიძე 65), მეკოკიშვილი, დონაძე (ფსუტური 56), სურგულაძე (ნიბლაძე 57), ნიშნიანიძე, გოგლიძე, დაუშვილი (ოქრომელიძე 60), სულუაშვილი (ქარუცხნიშვილი 70).
ლ: გოგლიძე. 2ს,გ: ურჯუკაშვილი. ს: გაბუნია.
ლოკომოტივი (15-9) ნიკოლავა, ბიწაძე, ძნელაძე, გაგოშვილი, კალანდაძე, შკინინი, კლიმიაშვილი (დავითაშვილი 47). (1-8) ხარებავა (ქავთარაძე 76), ჩომახაშვილი, ბურდული, გეგია (მახარაძე 62), მიქაძე, ფოფხაძე, ჟღენტი (ელოშვილი 60), გასვიანი.
2ლ: ჩომახაშვილი, ხარებავა. 3ს,გ: კალანდაძე.
მსაჯი: შოთა თევზაძე.
სხვა მატჩები
აკადემია-ლელო 6:9
აია-ხარები 25:9
არმაზი-ბათუმი 18:26
ჯიქი-ყოჩები 17:12
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 1 1 0 0 +16 5
2. ჯიქი 1 1 0 0 +5 5
3. ბათუმი 1 1 0 0 +8 4
4. ლოკომოტივი 1 1 0 0 +5 4
5. ლელო 1 1 0 0 +1 4
6. აკადემია 1 0 0 1 -1 1
7. არმია 1 0 0 1 -5 1
8. ყოჩები 1 0 0 1 -5 1
9. არმაზი 1 0 0 1 -8 0
10. ხარები 1 0 0 1 -15 0
II ტური
აკადემია-ხარები, ბათუმი-აია, ყოჩები-არმაზი, ლოკომოტივი-ჯიქი, ლელო-არმია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"