წლევანდელ სარაგბო სეზონს "ბაგრატი" ბრწყინვალედ ატარებს. ქუთაისური კლუბი პირველი ლიგის ლიდერია და საუკეთესოთა შორის დაწინაურების რეალური შანსი აქვს. გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ "ბაგრატის" მწვრთნელს, ბექა სხულუხიას ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონს? ალბათ, უკმაყოფილების მიზეზი არ გექნებათ...
- 2015 წელი სარაგბო კლუბ "ბაგრატისთვის" წარმატებული გამოდგა. გარკვეული შეცდომებისა და ხარვეზების მიუხედავად, წლის ბოლოსთვის კარგი შედეგი
- გასულ 10 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეთ, არადა, იმ შეხვედრაშიც ფლობდით უპირატესობას...
- სამწუხაროდ, "თიბისი უნივერსიტეტთან" სტუმრად 14:15 დავმარცხდით. ამ წაგებას არასათანადო ფიზიკურ მომზადებას დავაბრალებდი. ისეთ პირობებში გვიწევს ვარჯიში, რომ სრულყოფილად მომზადებას ვერ ვახერხებთ. ის თამაში კარგად დავიწყეთ, 14:8 ვიგებდით, მაგრამ ბოლო წუთებზე დასანანი ლელო მივიღეთ და ძალზე საჭირო ქულები დავკარგეთ. ვიმედოვნებ, რომ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ქუთაისში გაიმართება, "თიბისი უნივერსიტეტს" დავამარცხებთ და საწადელ მიზანს მივაღწევთ.
მწვრთნელებიც და მორაგბეებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში ითამაშოს. ეს არ იქნება მხოლოდ "ბაგრატის" წარმატება, ამით ქუთაისური რაგბის ოჯახიც გამარჯვებული დარჩება. ჩვენი მიზანია, რომ თაობები არ დავკარგოთ და უფრო მეტ მორაგბეს მივცეთ მაღალ დონეზე თამაშის საშუალება. ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან და ქალაქშივე რომ იქნება კონკურენტუნარიანი გარემო, უფრო ძლიერ მორაგბეებად გაიზრდებიან.
- როგორც ვიცით, "ბაგრატიდან" რამდენიმე მოთამაშე ასაკობრივ ნაკრებშიც იყო მიწვეული...
- ამ ეტაპზე ასაკობრივ ნაკრებებში ლაშა ლომიძე და გივი ლეშკაშელი იყვნენ მიწვეულნი. მალე ახალი შესარჩევი ეტაპი იწყება და, იმედია, ნაკრებ გუნდებში სხვა ბაგრატელებიც გამოჩნდებიან.
- "ბაგრატის" შემადგენლობაზე რას გვეტყვით, რამდენად დაბალანსებული შემადგენლობა გყავთ?
- გუნდი ძირითადად გამოცდილი, ასაკოვანი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც თავის დროზე "აია" გადაიყვანეს უმაღლეს ლიგაში, ახლა კი "ბაგრატს" ეხმარებიან იმავე მიზნის მიღწევაში. მათ გარდა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომლებმაც გუნდს ახალი ენერგია შესძინეს.
მეორე წრეში ახალგაზრდული გუნდიდან რამდენიმე მოთამაშის დამატებას ვაპირებთ. ასევე, გვინდა უცხოეთიდანაც მოვიწვიოთ მორაგბეები, რომ "ბაგრატი" გავაძლიეროთ და გადამწყვეტ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
- უცხოეთიდან ვის მოწვევას აპირებთ?
- ჯერჯერობით ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ და ქუთაისური რაგბის ქომაგები გავახაროთ.
- გასულ წელს სტადიონის პრობლემა გქონდათ. ახლა როგორი ვითარებაა, ამჟამად სად ვარჯიშობთ?
- სტადიონის პრობლემა ახლაც გვაქვს. თამაშის წინა დღეს "აიას" ბაზაზე ვვარჯიშობთ, სხვა დღეებში კი ავტოქარხნის დასახლებაში ძველი საფეხბურთო ბაზის მოედანზე ვემზადებით. ზამთარში იქ ვარჯიში შეუძლებელია და ვცდილობთ, სკოლებში ან უნივერსიტეტის დარბაზში ვივარჯიშოთ, რომ დარჩენილ ოთხ შეხვედრას მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ.
იმედი მაქვს, "ბაგრატის" უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, როგორც ჩვენს გუნდს, ასევე უმცროს თაობას სავარჯიშო პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ. ჩვენ ძირითადის გარდა გვყავს 16,18-წლამდე და საფესტივალო ასაკის გუნდები, რომლებსაც სათანადო პირობებში მომზადება სჭირდებათ.
- წლეულს თქვენს ასაკობრივ გუნდს ჭაბუკთა B ლიგის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა...
- ჩვენი ბიჭები ჭაბუკთა B ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც ქუთაისურ დერბიში "აიას" თანატოლებთან ფრედ, 12:12 ითამაშეს და მხოლოდ შედარებით უარესი კოეფიციენტის გამო დათმეს ჩემპიონობა. ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. შეხვედრას ორივე გუნდის გულშემატკივრები მრავლად ესწრებოდნენ და, ვფიქრობ, ძალიანაც ისიამოვნეს. სასიხარულოა, რომ ქუთაისური ფინალი შედგა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს ქალაქში ნიჭიერი მორაგბეები იზრდებიან.
ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ აღნიშნულ ასაკში მთავარი შედეგი არ არის. მთავარია, რომ მოზარდმა სწორად თამაში ისწავლოს, ჰქონდეს მოგების წყურვილი და განვითარებისთვის ძალები არ დაიშუროს. ეს ყველაფერი შედეგს სამომავლოდ გამოიღებს, მათ ძლიერ მორაგბეებად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.
ჭაბუკთა B ლიგაში უკვე შედგა ქუთაისური დერბი, იმედია, მომავალ სეზონში "აიასა" და "ბაგრატის" დაპირისპირება დიდი ათის გათამაშებაშიც შედგება. თუკი ჩვენი ქალაქიდან უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი იქნება წარმოდგენილი, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, ეს კი ქალაქში რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს.
- როგორია "ბაგრატის" ფინანსური მდგომარეობა ?
- გასული სეზონი პირველ ლიგაში მესამე ადგილზე დავამთავრეთ, რისთვისაც გარკვეული პრემიალური თანხა იყო გათვალისწინებული. საერთო ჯამში, რაგბის კავშირმა 67 000 ლარით დაგვაფინანსა. ეს თანხა მთელ წელიწადზე უნდა გაგვეწერა.
მოგეხსენებათ, რაგბის გუნდი 30-35 მორაგბით კომპლექტება და აღნიშნული თანხები გუნდის შესანახად ძალიან მიზერულია. გვერდში ამოგვიდგა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი", რომელმაც ფორმები შეგვიძინა. ვიმედოვნებ, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემთხვევაში კერძო სექტორის მხრიდან უფრო მეტი დაინტერესება იქნება.
- წინ საკმაოდ რთული შეხვედრები გელით. კონკურენტებზე რას იტყვით?
- ჩემპიონატს 13 მარტს "ივერიასთან" მატჩით განვაახლებთ. იქამდე თითქმის ორთვენახევარია და ეს დრო ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. "ივერია" ძალიან კარგი გუნდია, რაც ჩვენი უშუალო კონკურენტის "თიბისის" დამარცხებითაც დაამტკიცა. შემდეგ "დინამოსთან" და "თიბისისთან" გვექნება ურთულესი შეხვედრები. უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს. უმაღლეს ლიგაში გადასვლის ასეთი რეალური შანსი "ბაგრატს" არასდროს ჰქონია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
შეკრული გუნდი გვყავს, ყველას გაცნობიერებული აქვს - ან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, ან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მჯერა ჩემი ბიჭების... მონდომება, გამოცდილება და ნიჭი არ აკლიათ, ყველა თამაშზე მოსაგებად ვიბრძოლებთ და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. გულშემატკივრებზეც უნდა ვთქვა, რომლებიც მე-16 მოთამაშის ფუნქციას ასრულებენ, "ბაგრატის" ქომაგთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, თამაშებზე მრავლად დადიან და ბევრს უნდა, რომ ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში იხილონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"