დიდი 10. XIII ტურის წინ: ზამთრის არდადეგები მიილია

AutoSharing Option
30 იანვარს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი მე-13 ტურის შეხვედრებით განახლდება. გათამაშების პირველი ეტაპი ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" მოიგო. თუმცა, უახლოეს მდევრებს ბევრით ვერ უსწრებს და წინ, სავარაუდოდ, ძალზე დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი.

მე-13 ტურს სწორედ ლიდერ "ლელოსა" და გათამაშების აუტსაიდერის თბილისის "არმაზის" დაპირისპირება გახსნის, რომელიც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართება.

ლელოელებს ზამთრის შესვენებისას რამდენიმე მორაგბე დაემატა. ძირითადად "ლელოს" ახალგაზრდული გუნდიდან, რომელიც შარშან A ლიგაში ასპარეზობდა და ფინალში დამარცხა. გუნდს საფრანგეთიდან დაუბრუნდა მეორეხაზელი, 26 წლის ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული. ასაკით
მისი ტოლია უკანახაზელი თემურ ჩიტიძე, რომელიც ასევე "ლელოს" კვართს მოირგებს.

"არმაზის" შემადგენლობაში კი არაფერი შეცვლილა. გუნდი ამჟამად 9 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტს, "არმიას" შვიდი ქულით ჩამორჩება.

"ლელოს" უახლოესი მდევარი "ბათუმია", რომელსაც სამი ქულით უსწრებს. ბათუმელები შინ მიიღებენ თბილისის "აკადემიას".

ბათუმელებს რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბესთან ერთად გამოცდილი მგეზავი ბაკურ ჩუბინიძე დაემატა. გუნდში დაბრუნდა სამხრეთაფრიკელი ლეგიონერი კორნე ნიუვენჰეიზენი. ცხადია, ეს შევსება, გუნდს, რომლის ლიდერიც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილია საგრძნობლად გააძლიერებს.

"ბათუმი", თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლეულს ჩემპიონობითვის იბრძოლებს.

"აკადემია", რომელიც უმაღლეს ლიგას წლევანდელ სეზონში დაუბრუნდა, 23 ქულით მე-7 ადგილზეა და, წესით, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე არ უნდა დაემუქროს. მართალია, მე-6 ადგილოსანი ბოლნისის "ყოჩები" აკადემიელებს 9 ქულით უსწრებს, მაგრამ თუ გაუმართლათ, პაატა ნარიმანაშვილის სამწყსოს პლეი ოფში მოხვედრაც შეუძლია.

"აკადემიას" ფულბეკი დავით ლაზარიშვილი, გარემარბი გიორგი სვანიძე და შერკინების ბურჯი ლაშა ტიტვინიძე დაემატნენ. თამაში ნეიტრალურ მოედანზე, ფოთში გაიმართება, მიუხედავად ამისა, ფავორიტები მაინც ბათუმელები არიან.

ზღვისპირელებს ერთი ქულით ჩამორჩება ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი", რომელიც სტუმრად ეთამაშება ქუთასის "აიას". ტურის ცენტრალური მატჩიც სწორედ ესაა.

რკინიგზელებს დაუბრუნდათ შერკინების კვაჭი ლევან გენებაშვილი. რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშესთან ერთად გუნდს გააძლიერებს შერკინების ბურჯი ნიკოლოზ გიორგაძე. პირველ ხაზში მატება "ლოკომოტივისთვის" უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გუნდი რამდენიმე, საკმაოდ ძლიერმა პირველხაზელმა დატოვა.

ქუთასური გუნდი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია მიმდინარე გათამაშებაში და მუდმივად საკუთარი სკოლის აღზრდილებით ძლიერდება. ზამთრის არდადეგებზე ახალგაზრდულიდან ძირითად გუნდში დაწინაურდნენ, შერკინების ბურჯი უშანგი ჭეიშვილი, მეორეხაზელი არსენ მაჩალაძე, ცხრა ნომერი ელგუჯა კიკვაძე და მესამეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი.

"აიამ" უკვე გამართა ერთი ოფიციალური მატჩი. გადატანილ შეხვედრაში ქუთათურებმა სტუმრად წააგეს ბოლნისის "ყოჩებთან" - 20:27. ამ მარცხის შემდეგ ბესიკ ხამაშურიძის სამწყსო ბოლნისელებს ერთი ქულითღა უსწრებს.

"ყოჩების" მეტოქე მე-13 ტურში რუსთავის "ხარებია", რომელიც 20 ქულით მე-8 ადგილზეა. ბოლნისურ გუნდს საფრანგეთიდან დაუბრუნდა მისივე აღზრდილი, საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე. მის გარდა ძირითად გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე ჩაირიცხა ახალგაზრდული გუნდიდან.

რუსთაველთა ნამატი შუამარბი გიორგი ხუციშვილი და ასევე რამდენიმე საკუთარი სკოლის აღზრდილი მორაგბეა. სავარაუდოდ, "ხარები" პლეი ოფში გასვლისთვის ვერ იბრძოლებენ. მისი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უფრო იქნება.

წლევანდელი სეზონის აღმოჩენა, გორის "ჯიქი" დიდი ხნის მანძილზე პირველობას არავის უთმობდა, მაგრამ ბოლო ტურებში განცდილი წარუმატებლობის გამო მე-4 საფეხურამდე დაქვეითდა. მისი მეტოქე მე-13 ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი, "არმია" იქნება.

გორელებს, რომელთა სარაგბო სტადიონის მშენებლობა ახლახან დასრულდა, მეორეხაზელი ლევან ტურაშვილი და შერკინების ბურჯი ალექსანდრე ხმელიძე დაემატა.

"არმია", მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავს, სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. მისი ნამატი გარემარბი გიორგი ზიბზიბაძე და რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეა. არმიელებს, სავარაუდოდ, მძაფრი ბრძოლა ელით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ადგილოსანი ავტომატურად ვარდება უმაღლესი ლიგიდან და პირველი ლიგის გამარჯვებულს უთმობს ადგილს. ბოლოსწინა ადგილზე გასული კი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება პლეი ოფში.

საქართველოს ჩემპიონატი. XIII ტური
ბათუმი-აკადემია, ყოჩები-ხარები, აია-ლოკომოტივი, არმაზი-ლელო, ჯიქი-არმია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ლელო 12 9 1 2 +56 41
2.ბათუმი 12 8 1 3 +43 38
3.ლოკომოტივი 12 8 0 4 +53 37
4.ჯიქი 12 7 1 4 +58 35
5.აია 12 7 1 4 +28 33
6.ყოჩები 12 7 0 5 +16 32
7.აკადემია 12 5 0 7 -54 23
8.ხარები 12 4 0 8 -56 20
9.არმია 12 2 1 9 -73 16
10.არმაზი 12 0 1 11 -71 9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული