დიდი 10. XIII ტური: ფრეების მოყვარული ქუთაისის "აია"

AutoSharing Option
ქუთაისის "აიამ" 2016 წელი მძიმედ დაიწყო. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გუნდი ჯერ "ყოჩებთან" გადადებულ შეხვედრაში დამარცხდა - 20:27, გუშინ კი მე-13 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე თბილისის "ლოკომოტივთან" ფრეს დასჯერდა.

ქუთაისელთა არასტაბილური თამაშის მთავარი მიზეზი ტრავმიანობაა. "ლოკომოტივთან" მატჩში "აიამ" აღნიშნული მიზეზით არაერთი წამყვანი მორაგბე მოისაკლისა.

შეხვედრა თემურ ბენდიაშვილის გუნდის უპირატესობით დაიწყო. თბილისელებმა მეტოქეს შერკინებაში აჯობეს და რამდენჯერმე ჯარიმაც გამოსტყუეს. ლოკომოტიველთა მგეზავი ბექა წიკლაური კარში კარგი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

ამის შემდეგ ქუთაისელები ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად
სტუმრებმა ბურთი ორივეჯერ კიდეზე გადაიტანეს, აუტის მოგების შემდეგ ჯიქურ მიაწვნენ და ლაშა ფოფხაძემ ბურთი ქუთაისელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. წიკლაურმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გაიტანა - 0:5.

გაშვებულმა ლელომ ქუთაისელები "გააშმაგა". "აიამ" მთელი ძალებით შეუტია და ანგარიში ხუთიოდე წუთში გაათანაბრა. მასპინძლებმა საკმაოდ კარგ პოზიციაზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინეს და ბურთი კიდეზე გადაკიდეს. 22-მეტრიანი ზონის ხაზთან აუტის მოგების შემდეგ კი მოლით მიაწვნენ და მერაბ მატკავამ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიტანა. რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:5.

"ლოკომოტივი" მალე ისევ წინ გავიდა. ქუთაისელები შერკინებისას დაჯარიმდნენ, სტუმრებმა ბურთი აუტზე კარგად გადააგდეს, დერეფნის მოგების შემდეგ კი მძლავრად შეუტიეს და გიორგი გეგიამ ლელო გაიტანა. წიკლაურმა გარდასახვა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 12:5.

ქუთაისელები მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუვნენ, 30-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე განავითარეს სწრაფი შეტევა. თბილისელებმა იოსებ კიკვაძი შეჩერება ვერ შეძლეს, რომელმაც ალამთან ახლოს დაამიწა ბურთი. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში ისევ გათანაბრდა - 12:12.

ტაიმის მიწურულს რიონისპირელებს საჯარიმო დარტყმის წყალობით წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ კიკვაძემ შორი მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

მეორე ტაიმი მთლიანად "აიას" კარნახით მიმდინარეობდა, ქუთაისელები რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს გატანასთან, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში შეცდომებს უშვებდნენ, ხანაც ბურთი გადამწყვეტ მომენტში უვარდებოდათ ხელიდან.

დასამახსოვრებელი იყო გიორგი ფრუიძის შესანიშნავი პასი აბრამიძის მისამართით, თუმცა ქუთაისელებმა მწვავე შეტევა ხეირიანად ამჯერადაც ვერ განავითარეს. მასპინძლებს დარტყმებიც არ წაუვიდათ. ჯერ ჯინჭველაშვილმა ვერ გამოიყენა საჯარიმო დარტყმა, შემდეგ კი კიკვაძემ დაახლოებით 60 მეტრიდან სცადა ბედი, მაგრამ ბურთმა კარამდე არ მიაღწია.

ბოლო წუთზე თბილისელებმაც მოიპოვეს ჯარიმის დარტყმის უფლება, მაგრამ კარიდან ძალიან შორი იყო და სტუმრებმა ბურთის კიდეზე გადატანა და თამაშის დასრულება ამჯობინეს.

"აიამ" მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ფრე ითამაშა და ამ მხრივ ყველაზე "მშვიდობისმოყვარე" გუნდად გვევლინება.

დიდი 10. XIII ტური
აია-ლოკომოტივი 12:12
აია: (15-9) მოდებაძე, ი.კიკვაძე, ფრუიძე, ირემაძე, აბრამიძე, ჯინჭველაშვილი, გ.კიკვაძე (თუთბერიძე 52); (1-8) მატარაძე (რატიაშვილი 41), მატკავა, გ.უფრ.ტორაძე, ბაბუნაშვილი, გ.ჩიტეიშვილი, მარშანია, დ.ლოსაბერიძე (მაჩალაძე 70), სალდაძე
2 ლ: მატკავა, ი.კიკვაძე. გ:ჯინჭველაშვილი
სინბინი: რატიაშვილი
ლოკომოტივი: (15-9) ნიკოლავა, კალანდაძე, ძნელაძე, გაგოშვილი, შკინინი, წიკლაური, ხუციშვილი; (1-8) ქვათაძე (გოგონავა 70), გენებაშვილი (ჩომახაშვილი 41), ბურდული, გეგია (საბანაშვილი 66), მიქაძე (ტურაშვილი 74), ფოფხაძე, არაბული, ჟღენტი
2 ლ: ფოფხაძე, გეგია. გ: წიკლაური
სინბინი: ძნელაძე, არაბული
მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი

სხვა მატჩები
არმაზი-ლელო 13:29
ყოჩები-ხარები 19:12
ბათუმი-აკადემია 21:16
ჯიქი-არმია 12:13

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 13 10 1 2 +72 45
2. ბათუმი 13 9 1 3 +48 42
3. ლოკომოტივი 13 8 1 4 +53 39
4. ჯიქი 13 7 1 5 +57 36
5. ყოჩები 13 8 0 5 +23 36
6. აია 13 7 2 4 +28 35
7. აკადემია 13 5 0 8 -59 24
8. ხარები 13 4 0 9 -63 21
9. არმია 13 3 1 9 -72 20
10. არმაზი 13 0 1 12 -87 9

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული