დიდი 10. პლეი ოფის წინ: "ჯიქი"-"აია" და "ბათუმი"-"ყოჩები"

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დადგა. ახლა უკვე პლეი ოფების დროა. 16 და 17 აპრილს, ფოთსა და თბილისში ნახევარფინალების შესარჩევი მატჩები გაიმართება. ფოთის "პარკ არენაზე" "ბათუმი" ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს. თბილისში კი, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", გორის "ჯიქი" ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდება.

ამ გუნდებმა საქართველოს ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში მესამე-მეექვსე ადგილები დაიკავეს. მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი გორის "ჯიქს" აქვს, რომელმაც საკმაოდ რთული მარათონი 50 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

სარაგბო კლუბი "ჯიქი" ექვსი წლის წინათ დაარსდა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. მას
საფუძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში ჩაეყარა. ყველაფერი ნულიდან, ანუ ბავშვებით დაიწყეს. მერე ჭაბუკთა A და B ლიგების ჯერიც დადგა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უმაღლეს ლიგაში დაიმკვიდრა ადგილი.

წლეულს "ჯიქს" საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ის საქართველოს ჩემპიონატის დაწყებიდან შვიდი ტურის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა, მერე, საბოლოოდ, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" და მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" გაუსწრეს.

"ჯიქს" მეტოქე სერიოზული ჰყავს. ქუთაისის "აიას" წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის აღზრდილები ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც ბლომად არიან. თუმცა, ყოველი სეზონის დაწყების წინ მუდმივად ერთი პრობლემის წინაშე დგებიან. ეს წამყვანი მოთამაშეების, უფრო კი მორკინალების გადინებაა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ინფრასტრუქტურაც უკვე გამართული აქვს და ჭაბუკთა ლიგებშიც დომინირებენ, ეროვნულ ჩემპიონატში "აია" პირველობას ვერაფრით ახერხებს. ამის ერთი მიზეზი უკვე ვთქვით, მეორე, ალბათ, ხშირი ტრავმიანობა და შედარებით მოკლე სათადარიგო სკამია. რეგულარულ გათამაშებაში ქუთაისური გუნდი 41 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა.

ერთი სიტყვით, ბესიკ ხამაშურიძეს საკმაოდ საინტერესო გუნდი ჰყავს და შეძლებს თუ არა მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას, მომავალი მატჩები გვიჩვენებს.

არანაკლებ მძაფრი დაპირისპირებაა მოსალოდნელი ფოთში, სადაც "ბათუმი" ნომინალური მასპინძელია და ბოლნისის "ყოჩებს" ეთამაშება.

ბათუმელები 47 ქულით მე-4 ადგილს დასჯერდნენ, თუმცა პოტენციალი აშკარად მეტი გააჩნიათ.

ზღვისპირელებს ჩემპიონატის თითქმის ყველა საშინაო მატჩის გამართვამ ნეიტრალურ მოედანზე მოუწიათ. სარაგბო სტადიონი მშენებლობის პოცესშია და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, გამართული ინფრასრტუქტურის არსებობის შემთხვევაში გუნდის განვითარება, სავარაუდოდ, უფრო სწრაფი ტემპით მოხდება.

ბათუმელთა მეტოქე ბოლნისის "ყოჩები" ქართული რაგბის ერთ-ერთი ფლაგმანია. აქ ეროვნული ნაკრების არაერთი წამყვანი მოთამაშე დაფრთიანებულა.

წლევანდელ სეზონში "ყოჩებს" სტაბილურობა აკლდა. თუმცა, 46 ქულის დაგროვება და პლეი ოფში მოხვედრა მაინც შეძლო. ის სატურნირო ცხრილის საბოლოო ვარიანტში მე-5 იყო.

"ყოჩების" რიგებში თამაშობს რეგულარული გათამაშების შედეგებით საუკეთესო მექულე თემურ სოხაძე, რომლის ანგარიშზეც 170 ქულაა. ცხადია, ის "ყოჩების" ძალიან სახიფათო იარაღია მოწინააღმდეგეებისთვის. მას 20 ქულით ჩამორჩა "ბათუმის" დამრტყმელი ბახვა კობახიძე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდების მატჩი, სწორედ დამრტყმელების დუელად გადაიქცევა.

აქვე გეტყვით, რომ რეგულარული გათამაშების საუკეთესო მელელოვე გორის "ჯიქის" უკანახაზელი გიორგი ხარაზიშვილია, მან 8 ლელო მიითვალა.

საუკეთესო მექულე
1. თემურ სოხაძე (ყოჩები) - 170 ქულა
2. ბექა ურჯუკაშვილი (არმია) - 153
3. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 150
4. გიორგი ხარაზიშვილი (ჯიქი) - 146
5. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 108

საუკეთესო მელელოვე
1. გიორგი ხარაზიშვილი (ჯიქი) - 8 ლელო
2. დავით მესხი (არმია) - 7
3. ალექსანდრე თოდუა (ლელო) - 6
4. დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი) - 6
5. გიორგი სოსელია (არმაზი) - 6
6. სანდრო ქოიავა (ლელო) - 6

პლეი ოფი
16 აპრილი
ბათუმი-ყოჩები

17 აპრილი
ჯიქი-აია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული