ჯიქი-აკადემია 29:0 - "ჯიქს" გორიც მოუხდა

AutoSharing Option
გორში ახალი სარაგბო არენის აშენების შემდეგ სპორტის ადგილობრივ გულშემატკივართათვის დასრულდა პირველი ოფიციალური მატჩის მოლოდინი. ამიერიდან, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერმა გორის "ჯიქმა" თავის ქალაქში დაიდო ბინა და პირველი შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა.

გორელმა გულშემატკივრებმა დიდი რაგბის ხიბლი და სურნელება უკვე იგრძნეს. პირველ მატჩის თვალის სადევნებლად შეკრებილი ათასამდე მაყურებელი სამომავლო პაექრობებში კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდება. რაგბის გორელ ქომაგებს ყველა მიზეზი აქვთ საამისოდ. მათ აქვთ შესანიშნავი სარაგბო არენა და ჰყავთ ქართული საკლუბო რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი.

მასპინძლებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს. დევი დევსურაშვილმა მოედნის
ცენტრში იგდო ხელთ ბურთი და ისე აუარა გვერდი სამ-ოთხ მოწინააღმდეგეს, რომ მისი შემჩერებელი ვერავინ აღმოჩნდა. პირველი ლელო გაიტანა გორის რაგბის სტადიონზე. გარდასახვა რამაზ ხარაზიშვილმა დაარტყა - 7:0.

პალიკო ჯიმშელაძის შეგირდების უპირატესობა არა მხოლოდ ტაბლოზე, მოედანზეც ნათლად ჩანდა. გორელები უმეტეს დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ. უფრო სწრაფად ათამაშებდნენ ბურთს, შერკინებაშიც ჯობდნენ მოწინააღმდეგეს და უფრო ზუსტნი იყვნენ საჯარიმოების შესრულებისას.

ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა ერთი გარდასახული ლელო და საჯარიმო მიითვალეს. შედეგად, შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით წავიდნენ - 17:0.

ანგარიშში მნიშვნელოვანი უპირატესობით დაწინაურებულმა "ჯიქმა" არც შესვენების შემდეგ მოისვენა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ გორელებმა ფლანგზე ხელდახელ ჩათამაშებული ბურთი კუთხესთან ნიკა ბიწაძის ხელით შეიტანეს ლელოში. ხარაზიშვილმა ვერ გარდასახა - 22:0

"ჯიქს" სათამაშო უპირატესობა ბოლომდე არ დაუთმია. მეტიც, შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი ლელო ნიკოლოზ სუხაშვილმა გაიტანა. ხარაზიშვილმა გარდასახა და გორელებმა საპრემიო ქულაც მიითვალეს - 29:0

პალიკო ჯიმშელაძე, "ჯიქის" მწვრთნელი:
- "შედეგით, ცხადია, კმაყოფილები ვართ. პირველ ტაიმში ქარის საწინააღმდეგოდ გვიწევდა შეტევა, მაგრამ კარგად ვმართეთ სიტუაცია. მორაგბეებმა დავალებები სწორად შეასრულეს. შერკინებაში თამაშით კმაყოფილი ვარ, ამასთან, მოწინააღმდეგე ბევრჯერ ვაიძულეთ, დაჯარიმებულიყო. უპირატესობაც მთლიანად ჩვენი იყო, რაც ქულებშიც ავსახეთ. მადლობელნი ვართ მაყურებლის, რომელიც მოვიდა და გვიქომაგა.

საქართველოს ჩემპიონატი. დიდი 10. II ტური
ჯიქი-აკადემია 29:0
ჯიქი (15-9) სვანიძე, ბიწაძე, დევსურაშვილი (დ. კიკნაძე 56), ჯინჯიხაძე (ხუციშვილი 67), ხარაზიშვილი, ნინიძე, ბროძელი (ზაბახიძე 46) (1-8) ორაგველიძე (მაჭარაშვილი 74), მამრიკიშვილი (სუთიძე 57), დონაძე (გურგენაძე 72), გოგოლიძე (თ. კიკნაძე 64), ტრაპაიძე, შენგელია, მჭედლიშვილი (დიდებულიძე 54), სუხაშვილი
4ლ: დევსურაშვილი, ნინიძე, ბიწაძე, სუხაშვილი.
3გ,ს: ხარაზიშვილი
აკადემია (15-9) მათიაშვილი, დავითაშვილი, ხელაია, ილურიძე (ბერიკაშვილი 56), ჭუაძე, ახობაძე, ღამბაშიძე (ბ. მაზმიშვილი 46) (1-8) გვარამია, ლომაური (სულიაშვილი 56), რ. მაზმიშვილი (ქადარია 67), ზოიძე, დავითაძე, ლუარსაბიშვილი, შუბითიძე (გოგოლაძე 65), გოგლიძე (მოსეშვილი75)
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

სხვა მატჩები
ბაგრატი-ბათუმი 16:21
ლოკომოტივი-არმია 13:19
ლელო-არმაზი 30:9
ყოჩები-აია 15:20

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ჯიქი 2 2 0 0 +48 10 2
2. ლელო 2 2 0 0 +27 10 2
3. აია 2 2 0 0 +12 8 0
4. ლოკომოტივი 2 1 0 1 +12 5 1
5. ბათუმი 2 1 0 1 -2 5 1
6. აკადემია 2 1 0 1 -11 4 0
7. არმია 2 1 0 1 -13 4 0
8. ბაგრატი 2 0 0 2 -11 2 2
9. ყოჩები 2 0 0 2 -23 1 1
10. არმაზი 2 0 0 2 -39 0 0

III ტური
არმაზი-ბაგრატი
ბათუმი-ყოჩები
აია-ჯიქი
აკადემია-ლოკომოტივი
არმია-ლელო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული