ჩემპიონატი ცუდად არც "აიას" დაუწყია და ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, მხოლოდ წინა ტურში, "ლოკომოტივთან" დამარცხდა.
ქუთაისური შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის უმეტეს ნაწილში "აია" მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა და სოლიდური სხვაობითაც იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში "ლელომ" თამაშში გარდატეხა შეიტანა და
ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მათი მრავალფაზიანი შეტევის შედეგად სტუმრები დაჯარიმდნენ და გიორგი ბაბუნაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:0.
სტუმრებმა ირაკლი ყიასაშვილის საჯარიმო დარტყმით ანგარიში მალევე გაათანაბრეს. ამას ქუთაისელთა მწვავე შეტევა მოჰყვა. სტუმრები საკუთარ ლელოს ხაზთან ახლოს დაჯარიმდნენ.
"აიამ" ჯარიმის დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინა და ბურთი კიდეზე გადაიტანა. ქუთაისელებმა აუტი წააგეს და თითქოს შეტევაც ჩაიშალა, მაგრამ თბილისელებმა ბურთი ფეხით ცუდად მოიგერიეს და კვლავ მასპინძლებს ჩაუგდეს ხელში. ქუთაისელებმა შეტევა მარჯვენა ფლანგისკენ განავითარეს, სადაც მირიან მოდებაძემ იყოჩაღა, ცრუ მოძრაობით ოთხი მეურვე ჩამოიცილა და ირაკლი ჩხიკვაძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, მანაც თბილისელებს ხაზი გაუჭრა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:3.
"ლელო" მდევრის პოზიციაში ყოფნას არ შეეგუა და მწვავედ შეუტია. თბილისელებმა ზედიზედ ორი ძალზე მწვავე შეტევა განახორციელეს, ჯარიმები არ დაარტყეს და ორჯერვე ლელოზე ითამაშეს, მაგრამ "აიამ" თავი ყოჩაღად დაიცვა.
33-ე წუთზე სტუმრებმა კვლავ ფეხით თამაშის დროს დაუშვეს შეცდომა, მათი უხეირო აბრაგანი ქუთაისელების ნადავლი გახდა, რასაც სალელოვე შეტევაც მოჰყვა. "აიას" ლელო კი ძალზე ლამაზი გამოვიდა. აბრამიძისა და მოდებაძის აქტიურობის შემდეგ შეტევა ზურაბ ძნელაძემ განაგრძო, რომელმაც ბაბუნაშვილს ულამაზესი პასი გაუკეთა. ქუთაისელთა ახალგაზრდა მგეზავს ისღა დარჩენოდა, რომ მეტოქის ხაზი გაეჭრა და სტუმრები დაელელოვებინა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა თავადვე გაიტანა - 17:3.
სტუმრები მარცხს არ ეგუებოდნენ და ჯიქურ უტევდნენ, მაგრამ "აიას" კედელივით დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ტაიმის მიწურულს ყიასაშვილს საჯარიმო დარტყმით ანგარიშის შემცირება მართებდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ ბარკალაიას ნაცვლად თამაშში მერაბ კვირიკაშვილი ჩაერთო. საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოედანს პირველად დაუბრუნდა.
მეორე ტაიმი "ლელოს" აქტიურობით დაიწყო, თუმცა სტუმართა მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ისევ "აიას" ჯერი დადგა. ქუთაისელებმა მოედნის ცენტრში შერკინება მოიგეს, სტუმრებს ჯარიმა გამოსტყუეს და ბურთი უცებ გაითამაშეს. მათ მიერ ფეხით გადაკიდებულ ბურთს სტუმრები ვერ დაეუფლნენ. ბოლო ფაზაში იოსებ კიკვაძემ მოდებაძეს გაუკეთა გადაცემა და ქუთაისელთა ახალგაზრდა ფულბეკმა სტუმრებს მესამე ლელო გაუტანა - 22:3.
თითქოსდა, მატჩის ბედი აქ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონები ასე არ ფიქრობდნენ. ლევან მაისაშვილმა ცვლილებებს მიმართა. ლელოელებმა მთელი ძალებით შეუტიეს. მასპინძელთა 22-მეტრიან ხაზთან აუტის მოგების შემდეგ ჭეიშვილმა ქუთაისელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა, ყიასაშვილმა კი ლელო ზუსტად გარდასახა - 22:10;
68-ე წუთზე აბრამიძე გაასინბინეს და "აია" მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ამით სტუმრებმა კარგად ისარგებლეს, მათი მწვავე შეტევა ყიასაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა და თავადვე გარდასახა - 22:17;
თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ანგარიში ხუთ ქულამდე შემცირდა. "აია არენას" ტრიბუნები მღელვარებამ მოიცვა, თუმცა ქუთაისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დროულად გამოერკვნენ, დარჩენილი დრო შეტევაში გაატარეს და თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 25:17.
დიდი 10. V ტური
აია-ლელო 25:17
აია (15-9) მოდებაძე, მანაგაძე (ი.კიკვაძე 46), ძნელაძე, ჩხიკვაძე, აბრამიძე, ბაბუნაშვილი (აბჟანდაძე 62), როხვაძე (გ.კიკვაძე); (1-8) ხარებავა, ერემეიშვილი (ცქიფურიშვილი 15), წაქაძე (ჩიტეიშვილი 55), ჭიტეიშვილი, შალამბერიძე, რევიშვილი (ნუცუბიძე 70), ვარდანიძე, დანგაძე (მღებრიშვილი 49)
3ლ: ჩხიკვაძე, ბაბუნაშვილი, მოდებაძე. 2გ: ბაბუნაშვილი. 2ს: ბაბუნაშვილი, აბჟანდაძე
სინბინი: აბრამიძე
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, ბარკალაია (კვირიკაშვილი 41), ხეცოიძე, ხმალაძე, მინდიაშვილი; (1-8) ჯულაყიძე (მარგალიტაძე 53), ჭყოიძე (ბერიაშვილი 76), ქართველიშვილი (მჭედლიძე 60), ჭეიშვილი, ხორბალაძე, ბუბუტეიშვილი (ლომთაძე 58), სურგულაძე, მაისურაძე
2ლ: ჭეიშვილი, ყიასაშვილი. 2გ,ს: ყიასაშვილი
სინბინი: სურგულაძე
მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი.
სხვა მატჩები
არმია-ბაგრატი 14:29
ბათუმი-ლოკომოტივი 10:22
ყოჩები-ჯიქი 12:38
აკადემია-არმაზი 35:5
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 5 4 0 1 +27 18 2
2. ლოკომოტივი 5 4 0 1 +41 17 1
3. აია 5 4 0 1 +29 17 1
4. ჯიქი 5 3 0 2 +46 15 3
5. ბათუმი 5 3 0 2 +10 13 1
6. ბაგრატი 5 2 0 3 +1 11 3
7. აკადემია 5 2 0 3 +2 10 2
8. არმია 5 2 0 3 -18 9 1
9. ყოჩები 5 1 0 4 -56 5 1
10. არმაზი 5 0 0 5 -82 1 1
VI ტური
ბაგრატი-ჯიქი
ლოკომოტივი-ყოჩები
ლელო-ბათუმი
არმაზი-აია
არმია-აკადემია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"