"რომ წავაგოთ კიდეც, თუნდაც რუმინეთთან, ვფიქრობ, ეს აუცილებელია..."

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა ახლახან "ბორჯღალოსნების" ახალი კვართის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძეც ესწრებოდა.

- ახალი კვართი, ახალი ფერი - "ბორჯღალოსნების" ფორმის პრეზენტაცია [PHOTO]

ის საფრანგეთიდან მოკლევადიანი შვებულებით იყო ჩამოსული და, ცხადია, მასთან ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო თემაზე სასაუბროდ შანსი ხელიდან არ გავუშვით.

ახალი ფორმები ნაკრების კაპიტანს მოეწონა და დასძინა, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე, იმედია, კიდევ უფრო დაიხვეწებაო.

- მალე "ევროპა რაგბის ჩემპიონატის" მორიგი გათამაშება დაიწყება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 თებერვალს ბელგიაში გამართავს. ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის
გადაწყვეტილებით, ამ და მეორე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან, ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეები არიან გამოძახებული...

- მივესალმები ამ ფაქტს. უფლება არ მაქვს მწვრთნელის კომპეტენციაში ჩავერიო, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა მარტო პირველ ორ მატჩში, კარგი იქნება, თუ ყველა შეხვედრაში ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ.

რომ წავაგოთ კიდეც, თუნდაც რუმინეთთან, ვფიქრობ, ეს აუცილებელია. თუ ახლა არ ვენდეთ ამ მოთამაშეებს, მაშინ მსოფლიოს თასზე როგორღა ვანდოთ თამაში. არადა, მათ შორის საკმაოდ ბევრია ისეთი, რომლებსაც უკვე შეუძლიათ, ძირითად შემადგენლობაში თამაშზე პრეტენზია ჰქონდეთ.

- თქვენ რომელ გუნდებთან ითამაშებთ ნაკრების შემადგენლობაში?
- ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ვფიქრობ ბოლო ორ ან სამ მატჩში. ვნახოთ, განვიხილავთ და გადავწყვეტთ.

- იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. თუმცა, ალბათ, ქომაგებისთვის საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ ამ შეჯიბრებიდან. რა გეგმას დაისახავს ჩვენი ეროვნული გუნდი?
- ვფიქრობ, იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ისევ ორი მატჩის მოგება უნდა დავისახოთ მიზნად. არ მჩვევია გულშემატკივრებს დაპირებები მივცე. არც ღირს გადამეტებული მოლოდინის შექმნა. ორი მოგება, სავარაუდოდ, მაქსიმუმი იქნება, რაც ძალიან ძნელი მისაღწევია. თუ მესამესაც მოვიგებთ ამას რა აჯობებს, მაგრამ ეს იქნება "დესერტი". მთავარია, სხვა შეხვედრებში ღირსეულად ვიბრძოლოთ.

- ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე ითამაშა. როგორ შეაფასებდით ჩვენი გუნდის თამაშს?
- იაპონიასთან ნაჩვენები შედეგით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ასეთი უპირატესობა რომ გაქვს, ის შეხვედრა არ უნდა წააგო. სამოას დამარცხებით, ცხადია, გახარებულნი ვართ. მართალია, ამ გუნდს რამდენჯერმე მოვუგეთ, მაგრამ ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა.

შოტლანდიაში კი, ნამდვილად შეიძლებოდა უკეთესი თამაში. მასპინძლებმა თავიდანვე მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს, მოედანი სინთეტიკური იყო, რაც მათ სისწრაფეს კიდევ უფრო ზრდიდა, ამიტომ ცოტა დავიბენით. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. პრობლემაც ბევრი შევუქმენით. არადა, შოტლანდიის ამჟამინდელი ნაკრები ძალიან მაღალი ხარისხის რაგბის თამაშობს. ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს ევროპაში. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ახლა კიდევ ერთხელ რომ ვეთამაშოთ, ბევრად მეტად გავამწარებთ, ვიდრე ეს განვლილ მატჩში მოხდა.

- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. რა სჭირს "ტულონს"?
- გუნდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა და ვერაფრით დავლაგდით. ძნელია ასეთ დროს ყველას ერთნაირი კონცენტრაცია ჰქონდეს. ტრავმირებული მორაგბეც ბევრი გვყავს და ყველაფერმა ერთად გუნდის თამაშს ხელი დაატყო.

- ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მეოთხედფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" ეთამაშებით. ფრანგული მედია იტყობინებოდა, რომ ამ ამბით გახარებული იყავით.
- ცოტა გადაამლაშეს. "კლერმონი" ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ამჟამად ძალიან მაგარ ფორმაშია. ცხადია, მისსავე მოედანზე უძნელესი თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ რომ მოვიგოთ. ბოლოს მათთან მცირედით დავმარცხდით და შეგვიძლია, მაშინდელზე უკეთ ვითამაშოთ. აი, სულ ეს იყო, რაც ვთქვი.

- "ტულონს" არც ჩემპიონატში მისდის ისე საქმე, როგორც ასეთი მაღალი დონის მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს ეკადრება...
- მიუხედავად ამისა, მაინც ჩემპიონობას ვაპირებთ. ახლა, ძალიან კარგი კალენდარი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ რეგულარულ გათამაშებას პირველ ან მეორე ადგილზე დავასრულებთ. მერე კი, პლეი ოფში ვნახოთ. ამ გუნდს შეუძლია ნებისმიერი სიძნელის გადალახვა. კი ამბობენ, "ტულონი" ისე ვერ არისო, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაცია და იცის სიტყვის ფასი.
მამუკა ქართულ პოლიტიკაში ხომ არ გაგვეშვა?შეიძლება ვერაფერი გააკეთოს,მაგრამ ერთი სიტყვის პატრონი და პატიოსანი კაცი მაინც გვეყოლება პოლიტიკაში.
ვხუმრობ,რა თქმა უნდა,მაგრამ სამომავლოდ....კაცნი ვართ.
სოსო
13:09 04-02-2017
0
სათაური უკუღმართულად რატომ დაწერეთ? თუ ინტერვიუს არ წაიკითხავ ვერ გაიგებ სათაურის მნიშვნელობას !
ტარიელი
13:18 04-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული