რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი დებიუტანტით ესპანეთთან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 4 მარტს, ვალიადოლიდთან ახლოს, დაბა მედინა დელ კამპოში "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგი ტურის მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ჩვენი გუნდი თითქმის ერთი კვირაა ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს იმყოფება და მომავალი მატჩისთვის ემზადება. გუშინ "ბორჯღალოსნები" მედინა დელ კამპოში ჩავიდნენ და დღეს კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გერმანიასთან გამართული მატჩის შემადგენლობასთან შედარებით რვა ცვლილება განახორციელა.

შერკინების პირველ ხაზში ნაკრების
თავკაცმა როტაციას მიმართა. გუნდს დაუბრუნდა შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. თადარიგში ადგილს ამ პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძე დაიკავებს. ძირითადი ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და სოსო ბეკოშვილია, მათი დუბლიორები კი თორნიკე მატარაძე და ლაშა ტაბიძე არიან.

მეორე ხაზში გამოცდილ გიორგი ნემსაძეს არანაკლებ გამოცდილი კონსტანტინე მიქაუტაძე შეუწყვილდება, რომელსაც განვლილ ორ მატჩში არ უასპარეზია.

მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს ოთარ გიორგაძე. ის ფლანკერად დადგება. რვა ნომრის პოზიციაზე ბექა გორგაძის ნაცვლად ლაშა ლომიძე ითამაშებს. ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა გიორგი თხილაიშვილმა. მეორე-მესამე ხაზის სათადარიგოები ახალგაზრდა მორაგბეები გიორგი ცუცქირიძე და საბა შუბითიძე იქნებიან.

ცხრა ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძემ კი თადარიგში გადაინაცვლა. შუამარბის პოზიციაზე დაბრუნდა გიორგი კოშაძის ნაცვლად ტრავმამოშუშებული დავით კაჭარავა. მათი სათადარიგო კი არმაზელი ბადრი ლიპარტელიანი იქნება, რომელიც ეროვნულ გუნდში პირველ კეპს მოიხვეჭს.

გარემარბის პოზიციაზე (#14) სიახლეა: ესპანელებთან მატჩში დებიუტი ექნება "აკადემიას" გარემარბ იოსებ მათიაშვილს, რომელმაც თავი ეროვნულ ჩემპიონატსა და საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში თამაშისას გამოიჩინა.

მეორე ფრთაზე გამოცდილი ალექსანდრე თოდუა ითამაშებს. ფულბეკი ისევ მერაბ კვირიკაშვილია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 101-ე მატჩს გამართავს. მისი დუბლიორი, ტრადიციულად, ბექა წიკლაური იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ორ მატჩში ესპანელებმა შინ რუსეთის ნაკრებს მოუგეს და სტუმრად რუმინელებთან დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ სანტიაგო სანტოსის მიერ ტურნირისთვის დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბე ფრანგული კლუბებიდანაა, ხოლო 8 - ესპანურიდან.

დღემდე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს 17-ჯერ შეხვედრია. აქედან 13 მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. ერთი ფრედ დასრულდა და სამჯერ გამარჯვება ესპანელებს დარჩათ. ბოლოს ესპანეთის ნაკრებთან 2012 წელს მადრიდში დავმარცხდით - 18:25. ყველაზე დიდი ანგარიშით ესპანელები 2011 წელს ვაკის სტადიონზე დავამარცხეთ - 60:0.

ესპანეთი-საქართველო
ესპანეთი: 15. ბრედლი ლაინკდეიტერი, 14. სილვიო კასტილიონი, 13. დანიელ სნი, 12. ტიბო ალვარესი, 11. ხორდი ხორბა, 10. მატიო ბელი, 9. სებასტიან რუე. 1. ფერნანდო ლოპესი, 2. უნაი ლასა, 3. ალბერტო ბლანკო, 4. ილაიტია გავიდი, 5. ვიქტორ სანჩესი, 6. იგნასიო მარტინი, 7. ხავიერ კანოსა, 8. გაუტიერ გიბუნი.
16. ფრანსისკო ბლანკო, 17. სტეფან ბარნსი, 18. ხუან საბალა, 19. ხავიერ დე ხუანი, 20. მატიო ფულდი, 21. ხუან რამოსი, 22. ალვარ ხიმენო, 23. გაუტიერ მინგუილონი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. იოსებ მათიაშვილი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. სოსო ბეკოშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლაშა ტაბიძე, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. საბა შუბითიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი, 23. ბექა წიკლაური

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 2 2 0 0 +69 10 2
2. რუმინეთი 2 1 0 1 +7 5 1
3. ესპანეთი 2 1 0 1 0 4 0
4. გერმანია 2 1 0 1 -41 4 0
5. რუსეთი 2 1 0 1 -3 4 0
6. ბელგია 2 0 0 2 -32 1 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბეკოშვილს დასაკმტკიცებელი აქვს ჯერ კიდევ.
giorgi
21:58 03-03-2017
0
იმედია გორგაძეს უბრალოდ ასვენებს სამწვრთნელო შტაბი და მისი არყოფნა შემადგენლობაში ამითაა გამოწვეული. თორემ ის უბრალოდ საუკეთესო იყო წინა ორ მატჩში და ზოგადადაც ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა. და ჩემი აზრით უფრო მეტიც, ეხლავე უკვე ჩამოყალიბებული და ძალიან მაღალი კლასის მორაგბეა.
levani
12:27 03-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული