ალბათ, რუმინელებს უფრო მეტად სურდათ მოგება - მილტონ ჰეიგის ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გადაცემა "სპორტი 360"-ში რუმინეთთან მატჩზე ისაუბრა და ასევე, რაგბი ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

- რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]

- რუმინეთთან ბოლო შეხვედრაში წავაგეთ, რა მოხდა? რა იყო ამის მიზეზი? რატომ ვერ მოვახერხეთ რუმინეთის ნაკრების დამარცხება?
- რაღაც კუთხით მსაჯის მხრიდანაც არ გაგვიმართლა. ბოლო 10 წუთის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ისეთი ჯარიმა გვეკუთვნოდა, რომელსაც დავარტყამდით.

ამასთან, ალბათ, რუმინელებს უფრო მეტად სურდათ ამ თამაშის მოგება, ვიდრე ჩვენ.

გარდა ამისა, რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე
გვყავდა და რაღაც მომენტებში წნეხს ისე ვერ გავუძელით, მაგრამ ეს არ ეხებათ მხოლოდ ახალგაზრდა მორაგბეებს, არამედ გამოცდილებსაც.

გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღეთ გამოცდილება, რისგანაც ბევრ რამეს ვისწავლით და გავითვალისწინებთ შემდეგი გათამაშებისთვის.

- იყო რაღაც გარკვეული დეტალები, მაგალითად, შერკინება... ერთა თასზე არ ვართ მიჩვეულები, რომ შერკინებაში მეტოქე გვჯობნის. პირველ ტაიმში ასე იყო, თუმცა მეორეში გამოსწორდა. რა იყო ამის მიზეზი - ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეების გამოუცდელობა თუ რუმინელთა კარგი მომზადება?
- შეიძლება რაღაც მომენტებში გვაჯობეს. იყო მომენტები, როცა გვერდიდანაც გვაწვებოდნენ, რაც არ შეიძლება, მაგრამ მსაჯმა არ შეიმჩნია.

თამაშის შემდეგ შერკინების მწვრთნელსაც ველაპარაკე. ეს იყო ბრძოლა არა მარტო გუნდის, არამედ მსაჯის წინააღმდეგაც. მეორე ტაიმში დომინირება კი დავიბრუნეთ, მაგრამ იყო ერთი შერკინება, რომელშიც ძალიან მოგვაწვნენ. მე არ მინახავს, რომ ჩვენი შერკინება ასე უკან დაწეულიყოს და რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა.

- რამდენიმე ჩვენი მნიშვნელოვანი დერეფანი წავაგეთ. ასევე აღსანიშნავია, რომ როცა დაშავდა მეორეხაზელი ნემსაძე, სათადარიგო სკამზე არ გვყავდა არც ერთი შემცვლელი მეორეხაზელი, რა დროსაც გორგოძეს ან ლომიძეს უწევს მეორე ხაზში გადასვლა. არ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, სათადარიგო სკამზე გვყავდეს მეორეხაზელი, რომელიც შეძლებს სხვის შეცვლას?
- მატჩის წინ სელექციას მთელი კვირის განმავლობაში ვახორციელებთ. პირველ წუთებზე მიღებული ტრავმისგან კი, როგორც ეს ნემსაძეს მოუვიდა, არასდროს ხარ დაზღვეული.

ჩვენი გეგმის ნაწილია ხოლმე, რომ მეორე ტაიმში, რაღაც პერიოდში, მამუკა გორგოძემ მეორე ხაზში აიწიოს. ეს გამოგვადგა რამდენიმე მატჩში, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენც მივყევით ჩვენს გეგმას, მეორე ხაზში ავიდა მამუკა გორგოძე, შემდეგ შემოვიდა ლაშა ლომიძე, როგორც მესამეხაზელი და კარგად ითამაშა.

ამ შემთხვევაში, შეიძლება შერკინებაში ცოტათი ძალას ვკარგავთ, მაგრამ აუტში უფრო კარგად ვთამაშობთ. კი, რამდენიმე ჩვენი დერეფანი წავაგეთ, უბრალოდ, დროის არგათვლის გამო. ასევე, მომენტებში იყო წნეხი და ამანაც იმოქმედა.

- ამ ერთთა თასზე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ჩვენ ძირითადად ვცდილობდით, უკანა ხაზზე გაგვეშალა ბურთი. ისეთი ძლიერი ტრადიციული იარაღი, როგორიც აქვს საქართველოს ნაკრებს - მოლი, ბევრად უფრო იშვიათად გამოვიყენეთ, ვიდრე წინა წლებში. ეს რუმინეთთან პირველი ტაიმის მიწურულსაც გამოჩნდა - ხელდახელ გავათამაშეთ და კარგი ლელო დავდეთ, თუმცა ეს გამოვიდა მხოლოდ ერთ ეპიზოდში. რუმინეთთანაც ხელდახელ თამაში იყო ჩვენი მიზანი?
- ვცდილობთ, რომ პერსპექტივაში შევცვალოთ ჩვენი თამაშის სტილი. მგონი, ამაზე ვლაპარაკობ, რაც აქ ვარ, ბოლო 6 წლის განმავლობაში. კი, ძირითადი და ტრადიციული იარაღი - შერკინება გვეხმარება, მაგრამ როცა დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, მხოლოდ ამ კომპონენტზე ვერ იქნები დამოკიდებული. განვითარება გრძელდება და ამიტომ სწორედ ამ გზას უნდა მივყვეთ.

ვიდეოანალიზში ჩანს, რომ იყო რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა, სადაც ერთი პასის შემდეგ ლელოს დადებას შევძლებდით. რაღაც მომენტებში 8-1-ზე, 4-1-სა და 3-1-ზეც კი ვიყავით და სულ ცოტა, ორი ლელოს დადება მაინც შეგვეძლო.

ეს ისევ და ისე ჩვენი განვითარების გეგმის ნაწილია. შეტევის რამდენიმე ახალი სისტემა წარმოვაჩინეთ, რომელიც აქამდე არ გვიჩვენებია. დრო გვჭირდება, რომ ამას მივეჩვიოთ. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც უნდა მივყვეთ. ახლავე უნდა ვიზრუნოთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ ვიყოთ მომზადებულები და უკვე ბუნებრივად იყოს ჩვენში გამჯდარი ეს სისტემა.

- იყო თუ არა მიზანი ამ ტურნირის მოგება, თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდებისთვის მიგეცათ შანსი და რაღაც ექსპერიმენტები ჩაგეტარებინათ? რა იყო თქვენი მიზანი და შესრულდა თუ არა ის?
- რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ყოველთვის მოგებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მაინც არ იყო. ჩვენ ვთქვით, რომ 2016 წელს ექსპერიმენტებს არ ჩავატარებდით, რადგან გვინდოდა, მსოფლიოს თასის მერე აღებული ტემპი შეგვენარჩუნებინა და მოგებები გაგვეგრძელებინა, 2017 კი ყოფილიყო ის წელი, როცა განვითარებაზე ვიქნებოდით ორიენტირებულები და ექსპერიმენტებს მივმართავდით.

10 ახალი მორაგბე გამოვცადეთ და ასევე, ორი მორაგბე, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაკრებში ბევრჯერ არ უთამაშიათ. სტატისტიკას რომ შეხედოთ, 2017 წლის შემადგენლობის ნახევარზე მეტს მხოლოდ 2-3 მატჩი ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული.

ეს არის დიდი პროექტი და შეიძლება უცებ არ მიიღო შედეგი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც მსოფლიოს 2019 წლის თასს ვუყურებთ, საჭიროა სიღრმეების შექმნა. 2019 წლის აგვისტოში, მსოფლიოს თასზე გასაყვანად გუნდში თითო პოზიციაზე უნდა გვყავდეს მინიმუმ სამი ადამიანი.

ამ პერიოდში აღმოვაჩინეთ რამდენიმე კარგი მორაგბე, რომლებიც აუცილებლად გამოგვადგებიან მსოფლიოს თასის შემადგენლობისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ეს ტურნირი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ იყო, მთავარი განვითარება და ამ მორაგბეებისთვის შანსის მიცემაა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ დებიუტანტების ნაკრებში ადაპტაციის პროცესით, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით და მომავალში ხშირად ხომ არ ვიხილავთ ნაკრებში?
- ათივეს გამოვარჩევ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მორაგბე განსაკუთრებით კარგი იყო. აღმოვაჩინეთ ფრთის რამდენიმე კარგი მოთამაშე, კოშაძე და ასევე, ცენტრები. მატარაძეს და ტაბიძესაც გამოვყოფ - ამ პირველხაზელებმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენზე.

მიმაჩნია, რომ ამ ბიჭებიდან რამდენიმე ნამდვილად შეიქმნის კარგ კარიერას. 

- ამ ციკლის განმავლობაში ყველაზე მეტად რისი გამოსწორება არის საჭირო, მომავლისთვის რა კომპონენტების გაუმჯობესებას შეეცდებით და რა დაინახეთ ასევე დადებითი?
- ბოლო 6 სეზონის განმავლობაში, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 33 მატჩი მოვიგეთ, წავაგეთ ორი და ერთი დასრულდა ფრედ. ეს არის ის პოზიტივი, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ.

დიდად არ განსხვავდებოდა ბოლო ექვსი სეზონისგან ის, რასაც ახლაც ვცდილობთ, ანუ გავაუმჯობესოთ ჩვენი სტილი და არსენალში გვქონდეს ალტერნატიული შესაძლებლობები - არამხოლოდ ჩვენი ტრადიციული მოლი და შერკინება. განვვითარდით იმ კუთხით, რომ ვცდილობთ, ხაზი მეტად ვათამაშოთ. თუ არ ვცდები, რუსეთთან მატჩში 4 ლელო მარტო ჩვენი უკანახაზელებისგან იყო. ეს პატარა დეტალია, მაგრამ ვაუმჯობესებთ თამაშს ამ კუთხით.

კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრად უნდა განვავითაროთ ჩვენი თამაში. სწორედ ამას ვეუბნები ყოველი კამპანიის წინ ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც - განვითარება მნიშვნელოვანი და საჭიროა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
რაგბის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ არ მომწონს, რომ მწვრთნელი კრიტიკულად არ უდგება საქმეს:
-ხელდახელ თამაში ამ 6 წლის განმავლობაში, რაც ის არის მწვრთნელი, ვერ დავხვეწეთ ისე, რომ თუნდაც რუსეთის და რუმინეთის დარ გუნდებთან გამოჩნდეს პროგრესი ამ კუთხით;
-უკვე რამდენიმე მატჩი იყო (რუმინეთი, ფიჯი, იაპონია, შოტლანდია) სადაც ჩვენი უპირატესობა შერკინებაში აღარ არის თვალშისაცემი, რუმინეთთან საერთოდაც წავაგეთ ამ კომპნენტში;
-არ ამბობს მწვრთმელი, რომ ამ ექვსი წლის მანძილზე, რაც ის გუნდშია, რატომ არის, რომ ისევ ისე გვივარდება ბურთი წინ უწყინარ სიტუაციაში, როგორც უწინ; ოდნავი წნეხი მეტოქის მხრიდან და დერეფნებსაც ვაგებთ;
-ფედერაციამ და მწვრთნელმა დადონ ანალიზი იმისა, თუ რა კომპნენტში ვართ წინ იმ მატჩთან შედარებით, რომელშიც ირლანდიას კინაღამ მოვუგეთ, (თუ არ ვცდები 2008-2009 წლი იყო და თითქმის 8-9 წელი გავიდა)
კრიტიკულად თუ არ შევხედეთ და ნაკლი არ დავინახეთ, დაგვემართება იგივე, რაც ფეხბურთში გვჭირს
დათი
13:49 22-03-2017
0
დათი
სავსებით მართალი ხარ.
დემე
14:08 22-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული