დავით კაჭარავა: ჩემი ოცნებაა, 2019 წელს საქართველო მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში გავიდეს

AutoSharing Option
rugbyworldcup.com-მა "ბორჯღალოსან" დავით კაჭარავას სტატია მიუძღვნა.

მოგეხსენებათ, მერაბ კვირიკაშვილი გახდა პირველი ქართველი მორაგბე, ვინც 100 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. პირველ ქართველ ცენტურიონს ახლა უკვე 103 კეპი აქვს. სულ მალე ის აღარ იქნება ერთადერთი ცენტურიონი, რადგან რუსული "ენისეის" 32 წლის ბეკს, დავით კაჭარავას 100 კეპამდე ერთადერთი თამაში აშორებს. სტატიაც ამ თემას მიეძღვნა:

"მას მერე, რაც ფრანგმა ფილიპ სელამ 100 კეპს უწია, მსოფლიო რაგბიში 45 ცენტურიონია. კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ პორტუგალიელი ვასკო უვა იყო ერთადერთი ცენტურიონი მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა მას
კომპანიას ქართველი მერაბ კვირიკაშვილი და რუმინელ ფლორინ ვლაიკუ უწევენ.

თუ რაიმე ისეთი გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რაც უელსელ მაიკ ფილიპსა და იტალიელ ალესანდრო ძანის დაემართათ, რომლებიც 99 კეპზე გაჩერდნენ, მათ რიგებს მალე კიდევ ერთი ქართველი შეავსებს - დავით კაჭარავა.

"ჩემი კარიერის დასაწყისში ამაზე არც კი მიფიქრია, მაგრამ ახლა ასე ახლოს ვარ მიზანთან. ეს ისეთი მიღწევა იქნება, რომლითაც უნდა იამაყო. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მალე ორი მორაგბე ცენტურიონი ეყოლება.

მაგრამ ჯერ მე ერთი თამაში მაკლია მიზნამდე. რაგბიში გარანტირებული არაფერია", - უთხრა World Rugby-ს კაჭარავამ.

რომ არა ტრავმა, სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ, რაც კაჭარავას ხელს შეუშლის, რომ ცენტურიონი უკვე ივნისში გახდეს, როცა "ბორჯღალოსნებს" ამერიკაში ტურნე ექნებათ - საქართველოს ნაკრები აშშ-სა და კანადას ეთამაშება. 32 წლის კაჭარავა ბოლო მატჩებშიც სასტარტო შემადგენლობაშია და ასაკის მიუხედავად, ის ისევ შედის მილტონ ჰეიგის გეგმებში.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში გუნდისთვის ძალზე სასარგებლო იქნება. ამ გუნდებთან თამაშით ჩვენც ბევრს შევიძენთ. იმედი მაქვს, რომ საუკეთესო შემადგენლობით გავემგზავრებით ამერიკაში და იქ წარმატებული მატჩები გვექნება".

Sportall.Ge
მერაბ კვირიკაშვილმა მეასე კეპი თებერვალში მოიპოვა

ოცნება მსოფლიოს თასზე
კაჭარავა მხოლოდ ცენტურიონად გახდომას არ ისახავს მიზნად, მისი ოცნება მისთვის მეოთხე მსოფლიოს თასზე თამაშია. ის იყო "ბორჯღალოსანთა" იმ გუნდის წევრი, რომელმაც 2007 წელს საფრანგეთში ირლანდიას გვარიანი შიში აჭამა. კაჭარავამ ითამაშა 2011 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზეც.

ინგლისში საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, პულში მესამე ადგილი დაიკავა და ამით იაპონიის საგზური გაინაღდა. დავითს იმედი აქვს, რომ ის 2019 წლის მსოფლიოს თასზეც იქნება მერაბ კვირიკაშვილთან ერთად.

"მერაბი ისტორიაში საუკეთესო ქართველი მორაგბეა. ის ჩვენი რეკორდსმენია ქულებით და მისი გამოცდილება ენით აუწერელია. მან უკვე ითამაშა მსოფლიოს ოთხ თასზე და იმედი მაქვს, რომ მეხუთეზეც გამოვა.

ჩემი უდიდესი ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა 2019 წელს მეოთხედფინალის საგზური მოიპოვოს".

ჯადოსნური მატჩი
კაჭარავას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ოდესაში 2006 წელს შედგა. დებიუტის მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ მორაგბეს ყველაფერი გუშინდელივით ახსოვს:

"საქართველოს ნაკრებში პირველად 2004 წელს ვითამაშე "ბლუ ბულზის" წინააღმდეგ თბილისში, მაგრამ ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი დებიუტიც ეს მატჩი იყო. ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში სასწაულის ტოლფასი იყო და ეს თამაშიც ისე მახსოვს, როგორც სასწაული".

2007 წლის მატჩი ირლანდიასთან, როცა "ბორჯღალოსნები" ბორდოში 10:7-ს უგებდნენ მეტოქეს თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, ისეთივე ემოციებს აღძრავს, როგორც სანაკრებო დებიუტი.

"ბრაიან ო'დრისკოლი ჩემი კერპი იყო და მის წინააღმდეგ თამაში სასწაულის ტოლფასი იყო. ეს მატჩი ალბათ ჩემი ყველაზე საოცარი შეხვედრაა ეროვნულ ნაკრებში".

ნაკრებში 11-წლიანი კარიერის განმავლობაში კაჭარავა თავად იყო მონაწილე და მოწმე იმ საოცარი პროგრესის, რასაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია:

"ქართული რაგბი ძალიან შეიცვალა. ის გახდა უფრო დინამიკური და თვალსასეირო. დღეს ნაკრების თითოეული წევრი ნამდვილი პროფესიონალი და ფიზიკურად სრულყოფილად მომზადებულია, მაგრამ ჩვენ კიდევ მეტის სწავლა და მიღწევა გვსურს. წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი".

II დონის ქვეყნების მორაგბეები, რომლებიც ას კეპს უახლოვდებიან
99 - დავით კაჭარავა (საქართველო)
98 - კატალინ ფერკუ (რუმინეთი)
98 - ჰიტოში ონო (იაპონია)
93 - გონსალო უვა (პორტუგალია)
92 - ვალენტინ კალაფეტეანუ (რუმინეთი)

ქართველი მორაგბეები (მოქმედი) ას კეპთან ახლოს
99 - დავით კაჭარავა
94 - გიორგი ჩხაიძე
75 - ლაშა მალაღურაძე
71 - მამუკა გორგოძე
70 - გიორგი ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული