უელსის რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ნოემბრის ტესტებზე "წითელი ურჩხულების" მეტოქეების ვინაობა და მატჩების გამართვის თარიღები.
უელსელები ქვეყნის უმთავრეს სარაგბო არენაზე, რომელსაც აქამდე "მილენიუმი" ერქვა და ახლა "პრინციპალიტი" დაარქვეს, 11 ნოემბერს ავსტრალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. მომდევნო მეტოქე კი ერთი კვირის თავზე საქართველოს ნაკრები იქნება.
18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" თავის ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან "წითელ ურჩხულებს".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "პრინციპალიტზე" ჩვენს ნაკრებს უკვე ნათამაშები აქვს. სწორედ აქ გაიმართა 2015 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე
"წითელი ურჩხულების" მომდევნო მეტოქე 25 ნოემბერს სწორედ ახალი ზელანდიის ნაკრებია, 2 დეკემბერს კი უელსელები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.
უელსის რაგბის კავშირმა უკევ დაიწყო ნოემბრის ტესტების მატჩებზე ბილეთების გაყიდვა. იმისთვის, რომ 75-ათასიანი სტადიონი პირთამდე შეივსოს, ბილეთებზე ფასები შარშანდელთან შედარებით შემცირებულია.
ცხადია, საინტერესოა, რა ღირს უელსის ნაკრების მატჩის ყურება ნოემბრის ტესტებზე. საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბილეთების მინიმალური ფასი 20 გირვანქა სტერლინგია, მაქსიმალური კი - 35 გირვანქა. 16 წლამდე მოზარდებისთვის ბილეთი 10 გირვანქა სტერლინგი ღირს.
ყველაზე ძვირი უელსი-ახალი ზელანდიის მატჩზე დასასწრები ბილეთი ღირს. მაქსიმალური ფასი აქ 95 გირვანქაა, მინიმალური კი - 40. ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მატჩების ბილეთები ერთნაირად ფასობს. მაქსიმალური ღირებულება 70 გირვანქა სტერლინგია, მინიმალური კი - 25 გირვანქა. 16 წლამდე მოზარდების ბილეთი ამ მატჩებზე 15 გირვანქა სტერლინგი ჯდება.
უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ფილიპსი იმედოვნებს, რომ ახალი ფასი გულშემატკივრის ნაკადის მატებას გამოიწვევს და ნოემბრის ოთხივე თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება:
"წინ ნოემბრის სერიის ოთხი შესანიშნავი ტესტი გველის ავსტრალიის, საქართველოს, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების წინააღმდეგ.
გვსურს, რომ სტადიონზე მისვლა და თამაშის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს. სწორედ ამას ემსახურება ახალი ფასების დადგენა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს გუნდს მხურვალე მხარდაჭერა ექნება.
ვიცით, რომ მსოფლიოში უდიდესი სარაგბო სტადიონი გვაქვს და გვსურს, ის ყველა თამაშზე პირთამდე გაივსოს".
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრების ერთი მეტოქე ნოემბრის ტესტებზე საბოლოოდ გარკვეულია - 18 ნოემბერს კარდიფში უელსს ვეთამაშებით. სხვა ორ მატჩში, 11 და 25 ნოემბერს, ვინ იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე, ჯერაც დაუდგენელია. ბოლო ინფორმაციით, თბილისში ფიჯისა და ტონგას ნაკრებები უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ გამორიცხული არ არის, "მსოფლიოს რაგბიმ" მათ ნაცვლად აშშ-ისა და კანადის ნაკრებები მოავლინოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"