მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/აჩიკო გეგენავა

"ბორჯღალოსანთა" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.

მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა
კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს.

მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე, წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს" - თქვა მამუკა გორგოძემ.

4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე
გორგოძემ "ბორჯღალოსნების" კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.

მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 წლებში - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის "ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

"ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი. ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი "მილენიუმი" და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ "დინამოზე" ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, "ნოუ კამპზე" 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან "დინამოზე".

ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!
გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში, "ლელოში" დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის "მონპელიეს" ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/11 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/13 წლების სეზონში აღიარეს ტოპ 14-ისა და "ჰაინეკენის თასის" (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

2014 წლიდან "ტულონში" გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში "რასინგს" 93 ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

"ბორჯღალოსნების" კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:

"არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა, წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!"

ერთად გავიზარდეთ
ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ჰყავთ აყვანილი.

პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები, ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა".

ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს
იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, "ბორჯღალოსნებმა "არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.

გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგები უნდა შეავსოს:

"იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით, ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა, შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა, მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.

მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდათ და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოჰყვება. სადაც ვართ, იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.

მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს".

- იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 126 /
კაპიტანო იქნებ რამოდენიმე საშინაო მატჩი გეთამაშა, გულშემატკივრები რომ დატკბნენ შენით.
დემე
06 მაისი 2017 10:24
0
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დიდებულო კაპიტანო!!!!.....მაგრამ ცოტა ხანი ქნებ გეთამაშა..
nikola
06 მაისი 2017 09:35
0
ძალიან მტკივა გული...სიტყვებს ვერ ვპოულობ...მადლობა მამუკა ყველაფრისთვის
mamuka
06 მაისი 2017 01:12
0
არასწორი ნაბიჯია...ზირაქიშვილის შემთხვევაში, შემცვლელები მაინც გვყავდა... თან, მამუკა ჩვენი რაგბის ერთადერთი ვარსკვლავია ფაქტიურად... მოკლედ, საუკეთესოები წავიდნენ და რომ იტყვიან, ვინ დარჩნენ?
თან ცუდად მენიშნა, რომ დღეს სტატია ვნახე მაღალანაზღაურებად რაგბისტებზე და ეჭვი შემეპარა, ამათზე, თავიანთმა კლუბებმა, ხომ არ მოახდინეს ზეწოლა მეთქი...
aba baba
06 მაისი 2017 01:05
0
რთულია იმ ემოციის და განცდის კომენტარში გადმოტანა რასაც ვგრძნობ. მტკივნეულია იმ ეპოქის დასასრული რაც ამ კაცმა შექმნა.დაუმარცხებელი,მებრძოლი და წაუქცეველი ქართველი კაცი. კაცი რომელმაც მთელს მსოფლიოს გააცნო და შეახსენა ქარველი მებრძოლი კაცის ბუნება, ძალა და სული. დიდი მადლობა საამაყო მამულიშვილო, კაცო, მორაგბე და კაპიტანო. მაგალითი და ეტალონი კაცობის, ქართული სულის, გამარჯვების, მებრძოლობის, ლიდერობის და პატრიოტობის. ყველას მაგრად გვატკინე და გული დაგვწყვიტე. ქედს ვიხრი კაპიტანო შენს წინაშე
ratii
05 მაისი 2017 20:51
0
ისეთი კომენტარებია რაღა დავამატო არ ვიცი, გული კი ჩამწყდა რაღაცნაირად. მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ასე თურმე რამდენი ვყოფილვართ . მგონი მამუკამ თავისი კაცობით, პროფესიონალიზმით და ადამიანობით მთავარს - გულშემატკივრების უზომო სიყვარულს მიაღწია. არ მახსოვს რომელიმე ქართველი სპორცმენის წასვლა გულშემატკივარს ასე სწყენოდეს(მიშა მესხზე ამბობენ მაგრამ მე ვერ მემახსოვრება)
''
05 მაისი 2017 19:06
0
ამ კაცმა ყველა პოლიტიკოსზე და საზოგადო მოღვაწეზე შორს გაიტანა და ასახელა თავისი ქვეყნის სახელი. მან შექმნა და გააცოცხლა ქართევლი კაცის და მებრძოლის დაუმარცხებლობის, გამძლეობის, პატრიოტობის და შეუპოვრობის სახელი. არმეგულება დღეს არცერთი მორაგბე და რაგბის გულშემატკივარი "მსოფლიოს მაშტაბით" , თუნდაც ოდნავ ჩახედული ადამიანი ვინც მისი სახელი და გვარი არიცის და მისი წარმომავლობა. დიდი მადლობა კაპიტანო ყველაფრისთვის რაც გაგიკეტებია, რა ბედნიერების და სიამაყიც გრძნობაც გიჩუქებია და შენი შემხედვარე ბევრს გაგვხსენებია ის წინაპრები ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა თავისი შეუპოვრობით, ბრძოლით, სამშობლოს სიყვარულით, ჟინით და თავდადებით. შენ ამ ყველაფრის მაგალითი ხარ და იქნები. ქედს ვიხრი შენს წინაშე.

giogio
05 მაისი 2017 14:13
0
ღმერთმა გზა დაგილოცოს ბაღდათელო იმერელო ვაშკაცო.
mamuka
05 მაისი 2017 12:52
0
ახლა ,როცა ამ პოსტს ვწერ,უკვე 106 პოსტია დადებული და ვინც ამ პოსტს წაიკითხავს,მათთვის ვწერ.მეგობრებო,თქვენ უკვე წაკითხული გექნებათ ყველა პოსტი და ახლა ყველას გთხოვთ,წააკითხეთ ეს ყველა პოსტი შვილებს,ოჯახის წევრებს,აუცილებლად პოლიტიკოსებს,თანამდებობის პირებს.დაე ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს,როგორი სიყვარული და დაფასება იცის საქართველომ და ქართველმა,ერთგული მამულიშვილისა.რომ კიდევ გვაქვს ეს სიყვარულის მუხტი ჩვენს გულებში და შემთხვევას ეძებს,რომ მოყვასის გულებზე გადაიღვაროს.ასე მოხდა თბილისის წყალდიდობის დროს და ასეა ახლაც.ბოლომდე მაინც ვერ გაგვაბოროტა ცხოვრებამ.
შენ გაგიმარჯოს მამუკა და თქვენ გაგიმარჯვოთ ქართველებო.ჭირიმე თქვენიიიი!ეს კახის სიტყვებია.
" სჯობს სახელისა მოხვეჭა,ყოველსა მოსახვეჭელსა".ეს კი შოთა რუსთაველისა და ორივე თქვენთვისაა ნათქვამი ძმებო და მეგობრებო.
სოსო
05 მაისი 2017 12:45
0
მადლობა კაპიტანს და ღირსეულ ქართველს!
vaxo
05 მაისი 2017 12:32
0

სიახლეები პოპულარული