კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტები გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" კალგარიში, წვიმასა და ავდარში, საშინელი ქარის თანხლებით კანადის ნაკრებს მშრალი ანგარიშით - 13:0 სძლია.

ცხადია, კარგია, რომ ნაკრებმა მოიგო, თუმცა კიდევ უფრო უკეთესი კანადაში ჩვენი გუნდის ქართველი ქომაგების სიმრავლე და ომახიანი, ბოლომდე გულშემატკივრობა იყო. არადა, "ბორჯღალოსნებს" კალგარიში ნამდვილ კანადურ ამინდში მოუწიათ თამაში. თავსხმა წვიმას ძლიერი, ცივი ქარიც თან ახლდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველივე ეს ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, ხელს საგრძნობლად უშლიდა. საწყის ხუთ წუთს თუ არ ჩავთვლით, "ბორჯღალოსნები" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში
არც შესულან. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფეხით ბურთის გადატანა შორს ვერაფრით ხერხდებოდა. ამიტომ თამაში მუდამ დერეფანში ან შერკინებაში იყო.

სავარაუდოდ, ძლიერ ქარს უნდა მივაწეროთ ხელით თამაშისას დაშვებული ხშირი შეცდომა. პირველ ტაიმში ბურთი წინ ათჯერ დაგვივარდა. საბედნიეროდ, მეტოქის შერკინებას აშკარად ვჯაბნიდით და ორჯერ საკუთარ ხუთმეტრიან ზონაში მოვიგეთ მასპინძლების სასარგებლოდ დანიშნული შერკინება, რითაც რეალური ხიფათი ავიცილეთ თავიდან.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელდახელ თამაში არაფრით გამოდიოდა. მორკინალების დარტყმებიც ვცადეთ, მაგრამ კანადელები დაცვაში კედელივით იდგნენ. სწორედ ამის შედეგია, რომ შესვენებამდე მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შევძელით, ისიც თამაშის დასაწყისში. საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და გაიტანა - 3:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ახლა ქარი ხელს უკვე კანადელებს უშლიდა და ჩვენმა გუნდმა მთელი მეორე ტაიმი მეტოქის ნახევარზე გაატარა. დასაწყისში ისევ საჯარიმოს დარტყმის უფლება მოვიპოვეთ. კვირიკაშვილმა ამჯერადაც ზუსტად დაარტყა და ექვსი ქულით დავწინაურდით - 6:0.

ეს ანგარიში 78-ე წუთამდე არ შეცვლილა. არადა, კვირიკაშვილს ორჯერ კიდევ შეეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა. რამდენჯერმე მეტოქის ხუთმეტრიანი ხაზიდან დერეფნიდან მოლი ავაგორეთ. თითქოს მეტოქესაც ვჯაბნიდით, მაგრამ ბოლო მომენტში ან ბურთს გვიჭედავდნენ, ან ვჯარიმდებოდით. მთელი ამ დროის განმავლობაში უკანა ხაზი უქმად იდგა და რომ არ გაყინულიყვნენ, მოთელვით ცდილობდნენ გახურებას.

თამაშის დასრულებას ორიოდ წუთი აკლდა, როცა კანადელებმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს, თუმცა ბურთი წინ გაუვარდათ და ის ჩვენი მორაგბეების ნადავლი გახდა. "ბორჯღალოსნებმა" ერთი მოკლე დარტყმა გააკეთეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ გამოიტანა და ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. კანადელებმა ბურთის აღება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მშვენივრად გაისარჯა კვირიკაშვილი, რომელმაც ბურთი ფეხით შეიცურა, მიჰყვა და მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანა. გარდასახვა მანვე დაარტყა - 13:0.

აღსანიშნავია, რომ კანადასთან მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ. ამჯერად, სადღეისოდ ორი ცენტურიონი გვყავს. ასზე მეტი მატჩი აქვს უკვე გამართული მერაბ კვირიკაშვილს. ასმატჩიან ზღვართან ახლოსაა კიდევ ერთი ვეტერანი, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე.

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ატლანტაში აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს. ამერიკელებმა ამ უქმეებზე ნიუ-ჯერსიში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს და 19:55 წააგეს.

მატჩის შემდეგ
მარკ ანსკომბი, კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენ ახალგაზრდული გუნდით ვითამაშეთ. რამდენიმე მათგანი შემადგენლობაში განზრახ დავაყენეთ. ვფიქრობ, მათ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ასეთი მაღალი ხარისხის გუნდის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრები რომაა, ჩვენი ახალგაზრდების გარჯა დიდად მაიმედებს.

ჩვენ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის. ამიტომ ტესტების პირველი ორი კვირის განმავლობაში მოთამაშეების როტაციას მივმართავთ. ვფიქრობ, ის მორაგბეები, ვინც დღეს ეროვნული კვართით ითამაშა, ამაყნი არიან ამით.

ნამდვილად ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშეს დღეს ჩვენმა ბიჭებმა".

მატჩის სტენოგრამა
1-ლი წუთი: დაინიშნა პირველი დერეფანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მე-3 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება მეტოქის სასარგებლოდ, კანადელთა 22-მეტრიან ზონაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო.
მე-4 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 3:0.
მე-17 წუთი: საჯარიმო მასპინძელთა სასარგებლოდ დაინიშნა, მაგრამ შეინ ოლირიმ ვერ გაიტანა.
46-ე წუთი: მერაბ კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა - 6:0.
58-ე წუთი: არბიტრმა ჩვენ სასარგებლოდ კიდევ ერთი საჯარიმო დანიშნა, მაგრამ კვირიკაშვილმა ვერ გაიტანა.
66-ე წუთი: კვირიკაშვილმა კიდევ უფრო დაწინაურების მეორე შანსიც დაკარგა, საჯარიმო ვერ გაიტანა.
74-ე წუთი: მატჩის არბიტრმა კანადელთა კაპიტანი ბრეთ ბუქებუმი გაასინბინა.
78-ე: წუთი: კანადელებმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს, თუმცა ბურთი წინ გაუვარდათ. "ბორჯღალოსნებმა" ერთი მოკლე დარტყმა გააკეთეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ გამოიტანა და ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. კანადელებმა ბურთის აღება ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ, მშვენივრად გაისარჯა კვირიკაშვილი, რომელმაც ბურთი ფეხით შეიცურა, მიჰყვა და მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანა. გარდასახვა მანვე დაარტყა - 13:0.

ივნისის ტესტები
კანადა-საქართველო 0:13
კანადა (15-9) ქოუ (ჰერნი 74), მური, თრეინორი, დიუ ტუა, დიუქი, ო"ლირი, მაქი (1-8) (1-8) სირს-დურუ (ლუკა 61), პიფერო (ჰოვარდი 73), ილნიცკი (თირნი 61), ბუქებუმი,^ქიზი (ჩიზომი 59), ბეილი (კარპენტერი 54), ჰითონი, ჩეივანოვიჩი.
სინბინი: ბუქებუმი
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მათიაშვილი, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 70) (1-8) ნარიაშვილი, (ასიეშვილი 67), ბრეგვაძე (ალხაზაშვილი 71), ფეიქრიშვილი (ბეკოშვილი 28), ნემსაძე (ჩხაიძე 59), მიქაუტაძე (ჭეიშვილი 79), ლომიძე, თხილაიშვილი (გიორგაძე 40), ბიწაძე
ლ,გ,2ს: კვირიკაშვილი
მსაჯი: ენდრიუ ბრეის (ირლ).

სხვა მატჩები
ავსტრალია-ფიჯი 37:14
იაპონია-რუმინეთი 33:21
იტალია-შოტლანდია 13:34
სამ.აფრიკა-საფრანგეთი 37:14
ბრაზილია-პორტუგალია 25:21
არგენტინა-ინგლისი 34:38
აშშ-ირლანდია 19:55

18 ივნისი
აშშ-საქართველო

25 ივნისი
არგენტინა-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰეიგს არ გაუკეთებია კომენტარი? წესიერად წერეთ სტატიები ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული