"პირველი შემთხვევაა, როდესაც ტესტებზე ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ სამ თამაშს გავმართავთ" - "ბორჯღალოსნები" ემზადება

AutoSharing Option
თელავში ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებმა" მარტყოფში ღია ვარჯიში გამართეს და მისი დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ორმხრივი თამაშით დასრულდა. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონ "ბოკესთან" 2 და 9 ივლისს ორ თამაშს გამართავს, 17 ივლისს კი თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, ტრავმებმა და კოვიდპანდემიამ "ბორჯღალოსნების" მზადებას თავისი კვალი დაატყო, რასთან დაკავშირებითაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

"მეორე კვირაა შეკრებაზე ვართ და ვერ ვიტყვი,
რომ მას სასურველ კონდიციებში შევხვდით. ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა. უშუალოდ შეკრების წინ რამდენიმე მორაგბემ კოვიდ-19 გადაიტანა და პროტოკოლის თანახმად, მათ რეაბილიტაცია ცალკე გაიარეს".

"პირველი კვირა ჯგუფებად დაყოფილი ვვარჯიშობდით, ამ კვირაში კი გუნდურად ორჯერ ვივარჯიშეთ და შეთამაშების პროცესში ვართ. კარგია, რომ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ნიდერლანდებს ვხვდებით და მას გარკვეულწილად მოსამზადებლად გამოვიყენებთ. იმედი მაქვს, გუნდი თავდაჯერებულობას მოიპოვებს და თამაშებს მომზადებული შევხვდებით".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" კამპანიის ფარგლებში ითამაშებს და კვართებზე ექნება წარწერა – UN Women:

"მოხარული ვარ, რომ ამ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცა. ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მოვალეობაა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს" - ამბობს მაისაშვილი.

მზადებასთან დაკავშირებით "ბორჯღალოსნების" 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ განაცხადა:

"მეორე კვირაა, რაც ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონს ორჯერ ვეთამაშებით, შემდეგ კი შოტლანდიას თბილისში ვმასპინძლობთ. ქართული რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ზაფხულის ტესტებზე ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ სამ თამაშს გავმართავთ. მივიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას და მიუხედავად იმისა, რომ რთული მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, ვიმედოვნებ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ. გავდივართ როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტექნიკურ მხარეს".

წყარო: rugby.ge

alt"ბორჯღალოსნები" ქალთა უფლებებისთვის


altმარტყოფში "ბორჯღალოსნების" ზაფხულის შეკრება დაიწყო


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული