ოთხი ერი თბილისში: ირლანდია, საქართველო, ურუგვაი, სამხრეთ აფრიკა

AutoSharing Option
7 ივნისს თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ახალი საერთაშორისო ტურნირის, "თბილისის თასის" გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებთან" ერთად ამ შეჯიბრებაში ურუგვაის ეროვნული გუნდი, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები და მზარდი ირლანდია იასპარეზებენ.

"შევარდენის საწვრთნელ ბაზაზე" გუნდების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და წინასატურნირო პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "დიდი ხანია, ასეთი მაღალი დონის ტურნირის ჩატარებაზე ვმუშაობთ. შარშან, ლას ვეგასში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მეორე დონის ქვეყნებისთვის ტესტმატჩების და ტურნირების რაოდენობას გაზრდიდნენ.

შედეგად, წლეულს პირველად ჩატარდება თბილისის თასი. რუმინეთის IRB-ის
ერთა თასი ორ ნაწილად გაიყო და საქართველოში ოთხთა ტურნირი პირველად გაიმართება.

ამ შეჯიბრებებში ირლანდიის, იტალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის A ნაკრებები ითამაშებენ.

ისინი როტაციის პრინციპით იასპარეზებენ საქართველოსა და რუმინეთის არენებზე. თუ წელს სამხრეთ აფრიკის და ირლანდიის ნაკრებები გვეწვივნენ, გაისად არგენტინის და იტალიის გუნდები ჩამოვლენ.

მართალია, ამჯერად სამხრეთ აფრიკა ისეთი ძლიერი გუნდით არ ჩამოსულა, რასაც ველოდით, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც საინტერესო თამაშები გველის. ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ტურნირი ტრადიციული გახდება და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაიმართება.

ვფიქრობთ, "თბილისის თასის" გათამაშება რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, საქართველოს ნაკრებისთვის მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება.

ჩვენი მიზანია, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში შესარჩევი ეტაპიდან პირველი ადგილით გავიდეთ და მერე იქაც ღირსეულად ვითამაშოთ. სწორედ ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაგვეხმაროს ეს ტურნირი. ამასთან ერთად, გვინდა თბილისის თასი ჩვენთან დავტოვოთ, რაც იოლი სულაც არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე გვაკლია, საქართველოს ნაკრები ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა.

მაყურებელიც ლამაზ სანახაობას იხილავს. სამწუხაროდ, წლეულს ტურნირის ჩატარება "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გვიწევს. ამის გამო სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი ვერ მოხვდება.

სამწუხაროდ, "თბილისის თასის" გათამაშებაში ბევრი მორაგბე დაგვაკლდება. ამის მიზეზი ტრავმებია.

განსაკუთრებით, მინდა ვთქვა მამუკა გორგოძის თაობაზე. ძალიან მაღიზიანებს იმ გულშემატკივართა გამონათქვამები, რომლებიც მის არჩამოსვლაზე საუბრობენ. ამ ბიჭმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში სტატისტიკურად ყველაზე მეტი წუთი ითამაშა.

მას ტრავმები აწუხებს, რესურსი აღარ აქვს, თორემ გორგოძეს არასდროს უღალატია საქართველოსთვის. ის იმსახურებს იმას, რომ მშვიდად დაისვენოს და ტრავმები მოიშუშოს".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "დღეს ეროვნულ გუნდში ისეთი მორაგბეებიც გვყავს, რომლებიც ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ. მნიშვნელოვანია, მათ ასეთ მატჩებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ. ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების ღირსია".

ალენ კლარკი, მზარდი ირლანდიის მწვრთნელი: "ირლანდიელ მოთამაშეთა ნაწილი "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში გამოიძახეს, ნაწილი კი ეროვნულ ნაკრებში ჩრდილოამერიკულ ტურნეში გაემგზავრა.

თბილისში ის ახალგაზრდა მორაგბეები ჩამოვიყვანეთ, რომლებსაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის შანსი აქვთ.

ტურნირის ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. ამ შემადგენლობით ძალიან ცოტა ხანია, რაც შევიკრიბეთ და მეტოქეებზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით.

ყველა თამაშისთვის თანაბრად ვემზადებით და უახლოეს მატჩზე - საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ".

ფაბიო მანიო, ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი: "სამწუხაროდ, ტრავმების გამო საქართველოში უძლიერესი შემადგენლობა ვერ ჩამოვიყვანეთ, თუმცა მაინც კარგი გუნდი გვყავს. ამ ტურნირში მთავარ აქცენტს მორაგბეთა განვითარებაზე გავაკეთებთ".

ჯიმი სტოუნჰაუზი, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრების მწვრთნელი: "სამხრეთ აფრიკაში რაგბის ორმოცი რეგიონალური კავშირია. პირველი დონის ჩემპიონატიდან ვერავინ წამოვიყვანეთ.

შესაბამისად, ეს გუნდი სამხრეთ აფრიკის მეორე დივიზიონის ნაკრებია. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი: "უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის. საქართველო პირველად მასპინძლობს ასეთი დონის შეჯიბრებას და ამიტომ ორმაგად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

როცა მორაგბე თავისი ქვეყნის რომელიმე ნაკრებში ხვდება, ის მაქსიმალურად ცდილობს ეროვნულ გუნდში დაწინაურებას. ამიტომ ყველა ეცდება საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას. ვფიქრობ, მაყურებელი კარგი სანახაობის მომსწრე იქნება.

საქართველოს ნაკრებში არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ მეც დასამტკიცებელი მაქვს, რომ ეროვნული ნაკრების კვართის ტარების ღირსი ვარ და წარმატების მისაღწევად ბოლომდე დავიხარჯებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვიცოდი, რომ ურუგვაი და სამხრეთ აფრიკა ერები იყვნენ. როგორც ჩვენი ”დიდი ძმები" ამბობენ "век живи, век учись, всё равно дураком помрёшь”
nugo
09:12 07-06-2013
0
დიდი სირი-ნოზის ნასაუბრევი ჩანს, მეტი კომენტარიც კი ზედმეტია:

"განსაკუთრებით, მინდა ვთქვა მამუკა გორგოძის თაობაზე. ძალიან მაღიზიანებს იმ გულშემატკივართა გამონათქვამები, რომლებიც მის არჩამოსვლაზე საუბრობენ. ამ ბიჭმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში სტატისტიკურად ყველაზე მეტი წუთი ითამაშა.
მას ტრავმები აწუხებს, რესურსი აღარ აქვს, თორემ გორგოძეს არასდროს უღალატია საქართველოსთვის. ის იმსახურებს იმას, რომ მშვიდად დაისვენოს და ტრავმები მოიშუშოს"
GiorgiG83
10:42 21-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული