ბოლო ტურის მატჩში ამ გუნდს საქართველოს ნაკრებთან ერთი პრემიალური ქულის აღებაც ჰყოფნიდა.
თუმცა, ვინაიდან ჩვენი ისედაც გადახალისებული ნაკრები მეორე ტურის შემდეგ კიდევ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, სამხრეთაფრიკელთა საბოლოო გამარჯვების შანსი გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები არგენტინაში სამი დღის წინათ გაემგზავრნენ.
დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე-კლერმონი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი), შალვა სუთიაშვილი (მასი) და გიორგი ბეგაძე (ბათუმი) უკვე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არიან და დანარჩენებს იქ დაელოდებიან.
მათთან ერთად "პუმებთან" საასპარეზოდ გაემგზავრნენ
"ბიჭებმა ბოლომდე თავდადებით ითამაშეს, მე კმაყოფილი ვარ. მას შემდეგ, რაც გუნდი ძირითადის რამდენიმე მოთამაშემ დატოვა და არგენტინაში გაემგზავრა, ყველას ეგონა, რომ სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები იოლად, დიდი ანგარიშით დაგვამარცხებდა. ასე არ მოხდა." - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
არგენტინაში გამგზავრებული მოთამაშეების გარდა, ტრავმების გამო "ბორჯღალოსნებს" კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, მგეზავი ლაშა ხმალაძე და შუამარბი თედო ზიბზიბაძე დააკლდათ.
მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი, საკმაოდ ოსტატურად მობურთალ მეტოქესთან შედარებით, ცუდად არ გამოიყურებოდა.
ხარვეზი ქართველი მორაგბეების თამაშში ისევ ხშირი ჯარიმები იყო. ამას ისიც დაერთო, რომ მატჩში 13 საკუთარი აუტი წავაგეთ, აქედან რვა პირველ ტაიმში.
ცხადია, ამან ძალზედ დიდი დაღი დაასვა ჩვენი გუნდის გარჯას. იმის სანაცვლოდ, რომ შეტევის ორგანიზებით ვყოფილიყავით დაკავებულნი, ბურთს მეტოქეს ვუთმობდით და დაცვაში დგომა გვიწევდა.
მოწინააღმდეგემ ეს რამდენჯერმე გამოიყენა კიდეც და მონაგარს ნელ-ნელა ზრდიდა. საბოლოოდ, მატჩი სწორედ დერეფანში ცუდი თამაშის გამო წავაგეთ.
მატჩი ჩვენთვის არასასურველი სცენარით დაიწყო. საწყის ხუთ წუთში აფრიკელებმა სახიფათოდ შემოგვიტიეს და ორი საჯარიმოს დარტყმის უფლება გამოიმუშავეს. სტუმართა მგეზავმა ორივე კარგად გამოიყენა და თავისი გუნდი 6:0 დააწინაურა.
"ბორჯღალოსნებმა" პირველი წუთების დაბნეულობა მალე გადალახეს და მეტოქეს საპასუხო იერიშები შესთავაზეს. მე-11 წუთზე ჩვენმა გუნდმა ანგარიშის შემცირება შეძლო.
გარემარბად მოთამაშე ბექა წიკლაურმა საჯარიმო 46 მეტრიდან გაიტანა. ამ დროს ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში იყო, რადგან დაგვიანებული ბოჭვისთვის არბიტრმა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე გაასინბინა.
მალე იგივე შეცდომა სამხრეთაფრიკელთა მეორეხაზელმა ედვინ ფან დერ ვალტმა დაუშვა და მინდორზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.
ეს ფაქტორი "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად გამოიყენეს და მეტოქეს ლელო გაუტანეს.
საჯარიმო მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ აუტში გადაიტანა. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 22 მეტრში ჩვენმა მორაგბეებმა დერეფანი, როგორც იქნა, მოიგეს, მოლი შეკრეს, მძლავრი ბიძგებით წინ საკმაოდ სწრაფად წაიწიეს და ლელოში შეაღწიეს.
ბოლოს ბურთით ხელში შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა იყო. წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:6.
მოვლენათა ასეთ განვითარებას, სამხრეთაფრიკელების გარდა, არავინ ელოდა. ისინი მასპინძელთა კადნიერებამ არ დააბნია და უკვე მომდევნო შეტევისას ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს.
"ბორჯღალოსნებმა" ისევ თამაშის წესი დაარღვიეს. სტუმართა მგეზავმა კარლ ბესუიდენჰაუტმა საჯარიმო კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად - 9:10.
ექვს წუთში საქართველოს ნაკრებმა ისევ აღადგინა ოთხქულიანი უპირატესობა. წიკლაურმა საჯარიმო კიდევ ერთხელ გაიტანა - 13:9. თამაშის მიმდინარეობას ისეთი პირი უჩანდა, რომ "ბორჯღალოსნები" ანგარიშში კიდევ უფრო უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ დერეფანში დაშვებულმა რამდენიმე შეცდომამ უკუშედეგი გამოიღო.
პირველი ტაიმის დასრულებას ორიოდ წუთი აკლდა, როცა სამხრეთაფრიკელებმა დერეფანი ჩვენი ჩათვლის მოედნიდან 25 მეტრში მოიგეს.
რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ სტუმართა გარემარბმა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე როსკო სპეკმანმა "ბორჯღალოსნების" დაცვის ხაზი 22-მეტრიან ზონასთან გაჭრა, გზად კიდევ ორი ჩვენებური დატოვა უსაქმოდ და ლელოში შეაღწია.
ბესუიდენჰაუტმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 16:13. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და ხუთ წუთში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საჯარიმო ისევ წიკლაურმა გაიტანა - 16:16.
სამწუხაროდ, თამაშის დასრულებამდე დარჩენილ 35 წუთში "ბორჯღალოსნებმა" საკუთარი მონაგრის გაზრდა ვერაფრით შეძლეს. არადა, ამის საშუალება არაერთხელ მიეცათ.
გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ლელო სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებმა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გაიტანა.
სტუმრებმა მოკლე დარტყმებითა და იერიშის მიმართულების ხშირი ცვლის წყალობით, ჩვენი დაცვის ხაზი გაწელეს, მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და ლელოში მეორეხაზელმა ედვინ ფან დერ ვალტმა შეაღწია.
ბესუიდენჰაუტმა გარდასახვა არაზუსტად დაარტყა - 21:16. მასვე ოთხ წუთში ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი საშუალება მიეცა, მაგრამ 20 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.
თამაშის მიწურულს საქართველოს ნაკრებს მატჩის გადარჩენის კარგი შანსი ჰქონდა. ჩვენმა მორაგბეებმა ისევ დერეფნიდან აგორებული მოლით სცადეს მეტოქის ლელოში შეღწევა.
სამხრეთაფრიკელებმა ქართველების მიძალება ჩათვლის მოედნიდან ორ მეტრში შეაჩერეს.
ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა. მატჩში გამარჯვება და "თბილისის თასიც" სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებს დარჩა.
დაჯილდოების ცერემონიალი გამარჯვებულებმა ზეიმად აქციეს. გარემარბმა როსკო სპეკმანმა სამხრეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის საბრძოლო რიტუალი შეასრულა, რასაც ამ ქვეყნის მრავალხმოვანი სიმღერა მოჰყვა.
საქართველოს ნაკრები დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია, რადგან გუნდი "ავჭალის სარაგბო სტადიონიდან" პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრა და გეზი არგენტინისკენ აიღო.
მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"დერეფანში ცუდად ვითამაშეთ, ბევრი აუტი წავაგეთ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ხან შერკინების კვაჭი ვერ აგდებდა ბურთს სათანადოდ, ხანაც მხტომელები ვერ ირჯებოდნენ სწრაფად.
ამით კარგად ისარგებლა მეტოქემ. მარცხის მიზეზად შეიძლება დერეფანში დაშვებული შეცდომებიც დასახელდეს. თამაშის ამ კომპონენტს ვარჯიშებზე ისევ მივუბრუნდებით, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს.
ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ზედმეტად ხშირად ვჯარიმდებით. თხუთმეტჯერ თამაშის წესის დარღვევა ბევრია.
აქედან ათჯერ რაკში თამაშისას დავჯარიმდით. ეს ის შემთხვევაა, როცა მსაჯზე ხარ დამოკიდებული, ის წყვეტს, რაზე დაგაჯარიმოს და რის გამო არა. ერთი სიტყვით, ამ პრობლემაზე ბევრი სამუშაო გვაქვს.
მიზნად უნდა დავისახოთ, რომ მატჩში ჯარიმების რაოდენობამ ათს არ გადააჭარბოს.
ჩვენ გვინდოდა, ტურნირზე კარგი თამაში გვეჩვენებინა. ეს შეჯიბრება გუნდების განვითარებისთვისაა მოგონილი და კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება, ბევრი მოთამაშე ნახო საქმეში.
ჩვენს ნაკრებში სულ რამდენიმე მორაგბე იყო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ცუდად არ გამოვიყურებოდით. სამხრეთ აფრიკას ტესტების გამართვის 121-წლიანი ისტორია აქვს, ჩვენ კი ამ ასპარეზზე 20 წელიწადიც არაა, რაც გავედით.
"თბილისის თასზე" ნაკრების ბევრ მოთამაშეზე შემეცვალა აზრი. ვნახე ისეთები, რომლებსაც სამომავლოდ მეტად ვენდობი. მათ გვარებს ახლა არ დავასახელებ. არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებმაც დამანახვეს, რომ მათზე უკეთესი მორაგბეები სხვები არიან."
სიმონ მაისურაძე, საქართველოს ნაკრების კვაჭი:
"ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო, ბევრი ახალი მოთამაშე გამოიცადა. პირადად ახალბედა არ ვარ, მაგრამ ახალ პოზიციაზე ვთამაშობ და ეს ტურნირი ჩემთვის დებიუტივით იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელთა შტაბს, რომელმაც შანსი მოგვცა, ჩვენი შესაძლებლობები გამოგვევლინა".
ჯიმი სტოუნჰაუზი, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი:
"საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ამიტომ რთულ თამაშს ველოდით. კარგი იქნებოდა, მასპინძლებს სრული შემადგენლობით ეთამაშათ.
გვაინტერესებდა ის ბიჭები, რომლებიც "თბილისის თასზე" საასპარეზოდ ჩამოვიყვანეთ, როგორ შეძლებდნენ იმ მოთამაშეებთან გამკლავებას, ვისაც მსოფლიოს თასზე უთამაშია და მომავალშიც ითამაშებს. ვფიქრობ, მათთნ პაექრობა უფრო საინტერესო იქნებოდა."
IRB თბილისის თასი 2013. III რაუნდი
16.06. ავჭალის სარაგბო სტადიონი
საქართველო-სამხრეთი აფრიკა 16:21
საქართველო (15-9) ყიასაშვილი, წიკლაური, კაჭარავა, მჭედლიძე (ჯინჭველაშვილი 74), თოდუა (ძნელაძე 65), მალაღურაძე, ხუციშვილი (როხვაძე). (1-8) ფეიქრიშვილი (ჩილაჩავა 75), მამუკაშვილი (ბელქანია 41), ჩილაჩავა (თეთრაშვილი 54), ვ. მაისურაძე (ს. მაისურაძე 62), მიქაუტაძე, ნემსაძე, ბერიშვილი (თხილაიშვილი 19), ბიწაძე.
ლელო: ჩილაჩავა.
3 საჯარიმო: წიკლაური.
გარდასახვა: წიკლაური.
სინბინი: მიქაუტაძე.
სამხრეთ აფრიკა (15-9) ფან ვეიკი (ვატერმეიერი 47), ელშონ ბოკი, სლოუ, ენგელბერხტი, სპეკმანი, ბესუიდენჰაუტი, ნიოკა (ნტანდა 79). (1-8) კოხი, ჰერნე (კონსტანტი 14, ესპახი 76), ესპახი (დრეიერი 54), ფან დერ ვალტი, სნეიმანი (მტიანდა 79), ბოუერი, კასიმი, 8. ბოთმა.
2 ლელო: სპეკმანი, ფან დერ ვალტი.
3 საჯარიმო: ბესუიდენჰაუტი.
გარდასახვა: ბესუიდენჰაუტი.
სინბინი: ფან დერ ვალტი.
მსაჯი: პიტერ ფითსგიბონი (ირლანდია).
* * *
16.06. ავჭალის სარაგბო სტადიონი
ურუგვაი-ირლანდია 33:42
ურუგვაი (15-9) ეჩევერი (გონსალესი 53), გუბერნაუ, ლევიასი, რომანი, ბუენო, პრადა, დურანი (ალვანელი). (1-8) კორალი (დე მულა 51), ავალო (კლაპენვახი 51), საგარიო (ივარვურუ 76), ესპიგა (კორონელი 69), ლამანა, დე ფრეიტასი, ვასკოუ (ტასისტრო 51), გამინარა.
5 ლელო: გამინარა, ტასისრო, ალვანელი, რომანი, ლამანა.
4 გარდასახვა: ეჩევერი, პრადა (3)
ირლანდია (15-9) კირნი (ნელსონი 51), მორისი, გრიფინი, რიდი (ალენი 23), ოჰალორანი, ქითლი, ქუნი (ჰინი 35). (1-8) მაკგრატი (ლუთონი 51), ჰერინგი (ენეთი 51), ბენტი, ოკალაჰანი, ფოლი (ნეგლი 51), რადოკი, მერფი, მაკქოენი (რაიანი 58).
6 ლელო: ქითლი (2), ოჰალორანი, მორისი (2), ენეთი.
6 გარდასახვა: ქითლი.
მსაჯი: ვლად იორდანესკუ.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სამხ. აფრიკა 3 3 0 0 +44 13
2. ირლანდია 3 2 0 1 +3 9
3. საქართველო 3 1 0 2 +14 6
4. ურუგვაი 3 0 0 3 -61 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ურუგვაი 27:3 - მთავარი ტესტი მოგებულია!
საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია