არგენტინის ნაკრების კაპიტანი: ქართველებთან მძიმე მატჩი გველის

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინაში იმყოფება და მასპინძლებთან 22 ივნისს გასამართი მატჩისთვის ემზადება.

სამწუხაროდ, დეტალური ინფორმაცია ჩვენი გუნდის მზადების შესახებ არ გვაქვს. სამაგიეროდ, არგენტინის რაგბის კავშირი რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს საკუთარი გუნდის შესახებ.

არგენტინელები "ბორჯღალოსნებთან" საასპარეზოდ დიდი მონდომებით ემზადებიან. 19 ივნისს "პუმებმა" სან ანდრეს კოლეჯის ბაზაზე ივარჯიშეს.

ჩვენი მომავალი მეტოქის წვრთნას ამ კოლეჯის 200 მოსწავლე დაესწრო, რომლებსაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ არგენტინელი მორაგბეები დიდხანს ესაუბრებოდნენ და ავტოგრაფებსაც სიამოვნებით ურიგებდნენ.

დილის ვარჯიშზე "პუმებმა" ყურადღება რაკისა და მოლის გაწმენდას დაუთმეს. მერე დერეფანში ბურთის აგდებაზე იმუშავეს,
როგორც დაცვის, ისე შეტევის შემთხვევაში.

საღამოს ვარჯიშის წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა მოთამაშეებს ჯერ ვიდეოანალიზი უჩვენა, მერე კი მოედანზე წინააღმდეგობის პირობებში შეტევის ორგანიზების დახვეწას დაუთმო საკმაოდ დიდი დრო.

ბავშვების და განსაკუთრებით, არგენტინული მედიის ყურადღების ცენტრში გუნდის კაპიტანი გონსალო ტიესი მოექცა, რომელმაც მომავალ მატჩზე ბევრი ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, ეროვნული ნაკრების კაპიტნობა რომ მანდეს. ძალიან ამაყი ვარ, თუმცა კარგად მესმის, ეს რამხელა პასუხისმგებლობაცაა.

მითხრეს, გუნდში ყველაზე ასაკოვანი ხარ და ეს ტვირთი შენ უნდა ზიდოო. არადა, 28 წლის ვარ, ვფიქრობ, ცოტა ნაადრევიცაა ჩემი კაპიტნობა. ეს საქმე არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ივნისის ტესტებზე ორი მძიმე მარცხი უკვე განვიცადეთ. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ, ეს ტურნე მაჟორულ ნოტზე დავამთავროთ.

მთელი გუნდი დიდი მონდომებით, მუხლჩაუხრელად შრომობს და ყველაფერს ვიღონებთ, რათა შაბათს კარგი თამაში ვაჩვენოთ.

საქართველოს ნაკრებთან მძიმე მატჩი გველის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დაუნდობელი ფიზიკური ბრძოლისთვის. ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან და კონტაქტში მათთან თამაში ძალიან სახიფათოა.

ახლა მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და ყველა ჩვენგანი მაქსიმალურად მობილიზებულია. მომავლის გეგმებზე კი მერე, თამაშის დასრულების შემდეგ ვიფიქრებ.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში სან ხუანში გვაქვს. კარგია, რომ პროვინციულ ქალაქებს ხშირად ვსტუმრობთ. ეს ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. იმედი მაქვს, რომ ადგილობრივები კარგად მიგვიღებენ და ჩვეულებისამებრ ბოლომდე, თავდადებით გვიქომაგებენ" - თქვა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა გონსალო ტიესმა.

არგენტინელები სან ხუანში 20 ივნისს გაემგზავრებიან და საბრძოლო შემადგენლობას სანტიაგო ფელანი საღამოს დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 23 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"პუმები" "ბორჯღალოსნებს" უფრთხიან
მკითხველის კომენტარები / 3 /
რეპორტაჟი იქნება ტელევიზიით?
გიო თელავი
12:30 20-06-2013
0
აუ მართლა რაა რეპორტაჟი იქნებააა?
zviad migineishvili
12:45 20-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული