მილტონ ჰეიგი: ივნისის დასაწყისში ოთხივე მატჩის მოგებას ვგეგმავდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტებზე ოთხი შეხვედრა გამართა. აქედან მხოლოდ ერთი მოიგო, სამში კი დამარცხდა.

ივნისის პირველ რიცხვებში, "თბილისის თასის" დაწყების წინ, "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ თბილისის ტურნირზე ყველა მატჩის მოგებას გეგმავს და არც არგენტინაში აპირებს რამის დათმობას.

არ გამოვიდა. ყოველივე ამას შვდიკაცა რაგბის ნაკრების ასპარეზობაც დაერთო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ.

ივნისის თვის ბატალიებზე და მომავლის გეგმებზე საუბარი ჩვენი ეროვნული გუნდის ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელს ვთხოვეთ.

- "თბილისის თასი" ვერ მოვიგეთ, არგენტინაშიც დავმარცხდით, შვიდკაცა ნაკრებმაც მოსკოვში გამართულ მსოფლიოს
ჩემპიონატზე არსებული პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. რით შეიძლება აიხსნას ეს ყოველივე?
- ამ სამ მოვლენას ცალ-ცალკე განვიხილავ. "თბილისის თასზე" ზუსტად იმ ტაქტიკით ვითამაშეთ, როგორსაც ვგეგმავდით. სამწუხაროდ, თავი იჩინა სათამაშო დისციპლინის დაბალმა დონემ, რის გამოც ხშირად ვჯარიმდებოდით. ხელდახელ თამაშისასაც ხშირი იყო ტექნიკური ხარვეზი.

თავად განსაჯეთ, თბილისის ტურნირის მსვლელობისას, საშუალოდ მატჩში 12-დან 17-მდე ჯარიმას ვიღებდით.

დაახლოებით იგივე სურათი იყო არგენტინასთან დაპირისპირებისასაც. ტესტ მატჩის მოგება ძალიან რთულია, როცა ამდენჯერ ჯარიმდები და ასეთი რაოდენობით ტექნიკური წუნი გაქვს.

არგენტინასთან შვიდჯერ მარტო შერკინებისას დავჯარიმდით. სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებთან 15 საკუთარი დერეფნიდან მხოლოდ 3 მოვიგეთ.

სამწუხაროა, მაგრამ სამივე წაგებულ შეხვედრაში შეგვეძლო გამარჯვების მიღწევა. ყოველივეს ისიც დაერთო, რომ ბიჭებს აკლიათ თავდაჯერებულობა. ვერ იჯერებენ, ელიტური სარაგბო ქვეყნების გუნდების დამარცხება რომ შეუძლიათ.

ახლა დეტალურად უნდა გავაანალიზოთ თითოეული მატჩი, რათა გავარკვიოთ, რაშია სირთულე, მატჩის რომელ მონაკვეთში უჭირს გუნდს ყველაზე მეტად.

- ეს ყველაფერი ყველამ ვნახეთ და ცნობილია. ჩვენ გვაინტერესებს რა არის ამ ხარვეზების მიზეზი. შერკინებამ არგენტინაში მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ხშირი ჯარიმები არ არის ერთეული შემთხვევა, ეს უკვე ტენდენციას ჰგავს. რატომ ხდება ასე?
- ჯარიმების თაობაზე გეტყვით, რომ მოთამაშემ პირველ რიგში თავად უნდა გაუწიოს თავს კონტროლი, როგორც არ უნდა ვავარჯიშო გუნდურად, თამაშისას ყველა ინდივიდუალურად წყვეტს როგორ მოიქცეს.

გუნდის თითოეულმა წევრმა თავად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და ყურადღებით გაისარჯოს.

შერკინების შემთხვევაში არც ასე მარტივადაა საქმე. ხშირად რომ ვჯარიმდებოდით ეგ ნამდვილია, თუმცა არის ეპიზოდები, როცა შეიძლება ხელები გაშალო და იკითხო - რატომ?

მსაჯები, როცა პირველი დონის გუნდებს ვეთამაშებით, უფრო ხისტები არიან ჩვენ მიმართ. მათთვის ძნელია აღსაქმელად, რომ მეორე დონის გუნდმა შეიძლება პირველისას მოუგოს. ვერ წარმოუდგენიათ, ეს როგორ უნდა მოხდეს.

- ხო მაგრამ, ეგ რა მსაჯის პრობლემაა. ჩვენ პირველი დონის გუნდს მოვუგებთ თუ არა, მათი გადასაწყვეტია?
- სამწუხაროდ, ეგრე აზროვნებენ. ეს მარტო ჩვენს შემთხვევაში არ ხდება. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. მათთვის არალოგიკურია, რომ ბევრად სუსტმა გუნდმა შეიძლება ძლიერს მოუგოს. ჩემთვის მინიმუმ ოთხ შემთხვევაშია გაურკვეველი, არბიტრმა რატომ დაგვაჯარიმა.

თუმცა სულ მთლად მასზე დაბრალებაც არ მინდა. ჩვიდმეტს რომ ეგ ოთხი ჯარიმა გამოაკლო, 13 დარჩება, რაც ასევე ძალიან ბევრია.

- მოდით, ივნისის ტესტებისას არჩეულ სტრატეგიაზე ვისაუბროთ. "თბილისის თასის" გათამაშების ბოლო ტურის წინ ეროვნული გუნდიდან რვა მოთამაშე მოიხსნა და სხვა სამ მორაგბესთან ერთად, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან და ტურნირში მონაწილეობას არ იღებდნენ, არგენტინაში წინდაწინ გაემგზავრა. უნდა ვივარაუდოთ, რომ არგენტინასთან მატჩს "თბილისის თასთან" შედარებით მეტი პრიორიტეტი მიენიჭა? ამასთან ერთად, ამით ხომ არ დაზარალდა შვიდკაცა რაგბის ნაკრების ინტერესებიც, რომელმაც უმნიშველოვანეს ტურნირზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა?
- ივნისის დასაწყისში ჩვენ ოთხივე მატჩის მოგებას ვგეგმავდით. "თბილისის თასის" პირველ მატჩში ირლანდიასთან მარცხის შემდეგ ტურნირის მოგება ეჭვქვეშ დადგა.

ურუგვაისთან კი გავიმარჯვეთ, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ ავიღეთ, რაც ბოლო მატჩში საქმეს კიდევ უფრო გვირთულებდა.

არგენტინაში მოთამაშეთა ნაწილი ადრე იმიტომ გავაგზავნეთ, რომ აკლიმატიზაცია გაევლოთ და შანსი მიგვეცა, მატჩს კარგ მდგომარეობაში შეხვედროდნენ.

სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პირველი ტაიმი მოვიგეთ, ისინი სხვებზე უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ.

მთლიანად მატჩში რომ გაგვემარჯვა, მერე იტყოდნენ, ეს გენიალური გადაწყვეტილება იყოო. არადა, ეს მართლაც პირველი ხმაურიანი გამარჯვება იქნებოდა რაგბის ისტორიაში. მეორე დონის გუნდი უფრო მაღალი რანგის მეტოქეს პირველად დაამარცხებდა.

- არგენტინის ნაკრებს უკვე ორჯერ მოვუგეთ პირველი ტაიმი. პირველად ეს 2011 წლის მსოფლიოს თასზე მოხდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში საბოლოოდ მაინც დავმარცხდით. რით შეიძლება ეს აიხსნას?
- ამ მატჩებში საქართველოს ნაკრების თამაშის შედარება არ გამიკეთებია. ელიტურმა გუნდებმა იციან, რომ 50-60 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების შეჩერება ძნელია, მაგრამ თუ ეს მოახერხეს, მერე მისი დამარცხება შესაძლებელია.

საქართველოს ნაკრები დასკვნით 20 წუთში ვეღარაა ისე დალაგებული, როგორც მატჩის საწყის პერიოდში.

თუმცა არგენტინასთან მატჩში ბოლო 20 წუთშიც დალაგებულად ვითამაშეთ და მოგებაც შეგვეძლო.

შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე არგენტინელთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გაცილებით ძლიერ მეტოქესთან მოგვიაწია თამაშმა, ვიდრე ველოდითო.

მატჩის ბოლომდე გაურკვეველი იყო, მოვახერხებდით თუ არა გამარჯვებასო. არგენტინელები გაკვირვებულნი იყვნენ. მათ ჩვენი რამდენიმე თამაში ჰქონდათ გაანალიზებული და რეალურად კი სულ სხვა სტილით მოთამაშე გუნდი იხილეს.

ჩემთვის სასიამოვნო იყო მეტოქე გუნდის მწვრთნელისგან ასეთი სიტყვების მოსმენა.

- თქვენ საქართველოს ნაკრებს შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ახლდით მოსკოვში. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ჩვენი გუნდის ასპარეზობის ნახვისას?
- მიმაჩნია, რომ შვდიკაცა რაგბის ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეებმა უნდა ითამაშონ, სადაც დიდ გამოცდილებას მიიღებენ და საშუალება ექნებათ ეროვნული ნაკრების დონეს მიაღწიონ.

ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელები ჩემი მეგობრები არიან. მათ მზადების განსხვავებული მეთოდი აქვთ. ვისუბრეთ იმის თაობაზე, როგორ უნდა შევძლოთ განვითარება, როგორ უნდა მოხერხდეს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მოთამაშეების ინტეგრირება ეროვნულ ნაკრებში.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დაკვირვება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებზე. როგორი იყო მათი დისციპლინა, როგორ ვარჯიშობდნენ, როგორ ემზადებოდნენ თითოეული მატჩის წინ.

ამ მხრივ ნამდვილად კმაყოფილი ვარ. შვიდკაცა რაგბი საქართველოში რაგბის განვითარების პროგრამაში არ არის, თუმცა ის აუცილებლად უნდა შევიტანოთ.

ვფიქრობ, შვიდკაცას განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთლიანად ქართული რაგბის განვითარების საქმეში.

- ბოლოს მომავლის გეგმებზეც გკითხავთ. მომდევნო ტესტები საქართველოს ნაკრებს ნოემბერში აქვს. ბოლოს და ბოლოს, გაირკვა თუ არა, რამდენი მატჩი გვექნება სათამაშო და ვისთან?
- უკვე დიდი ხანია გარკვეულია, რომ კანადისა და აშშ-ს ნაკრებები აუცილებლად გვეწვევიან. ეს ინფორმაცია IRB-მ ოფიციალურად დაადასტურა.

ჩვენ მესამე ტესტის გამართვაც ვითხოვეთ და, სავარაუდოდ, მალე გადაწყდება, მეტოქე ვინ იქნება.

ლაპარაკია სამი გუნდიდან (სამოა, ფიჯი, ტონგა) ერთ-ერთის ჩამოსვლაზე. ნებისმიერი მათგანის სტუმრობა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

კანადასთან და ამერიკასთან კი ძველი ანგარიში გვაქვს გასასწორებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა-საქართველო 29:18 - ძველი ახალი სენი, ხშირი ჯარიმები

საქართველო-სამხრეთი აფრიკა 16:21 - სამხრეთაფრიკული ბარიერი ვერ გადავლახეთ

საქართველო-ურუგვაი 27:3 - მთავარი ტესტი მოგებულია!
საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია

მკითხველის კომენტარები / 5 /
კლოდ სორელის მერე რომელიმემ რამე გააკეთა?????....
victoria
16:17 09-07-2013
0
ეხლა მაიკ ბრედლიც დააბრუნეს ნაკრებში და იმედია სერიოზულად წაგვეშველება (თუმცა კი "ედინბურგში" ვერაფერი შედეგი ვერ აჩვენა). სერიოზული პრობლემები შერკინებაში, დერეფანში და სათამაშო დისციპლინაში, იქნებ ამ კაცის დახმარებით ცოტათი მაინც გამოვასწოროთ.
levani
12:36 08-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული