გიორგი ნიჟარაძე: თუ დაფინანსება არ იქნება, დაიწყება ქართული რაგბის რეგრესი!

AutoSharing Option
6-7 ივლისს სტოკჰოლმში ჩატარდა ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის, ფირა აერის 90-ე გენერალური ასამბლეა.

შეკრების ძირითად მიზანს ორგანიზაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენდა. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე ხნის წინ საკუთარი სურვილით ფირას პრეზიდენტის პოსტი დატოვა ჟან კლოდ ბაკემ, რომელიც მას ბოლო 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ორგანიზაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად წარდგენილი იყო რუმინეთის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ფირა აერის ვიცე-პრეზიდენტი, რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი - ოქტავიან მორარიუ, რომელიც ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. იგი ამ პოსტს, სულ მცირე, 3.5 წლით დაიკავებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის კომენტარები ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

ბაკეს ეპოქა
წლევანდელი გენერალური ასამბლეა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, უდავოდ ისტორიული გამოდგა. დასრულდა ამ ორგანიზაციის ერთი ეპოქა - 17 წლის განმავლობაში მას მართავდა ჟან კლოდ ბაკე, ადამიანი, რომელსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ.

მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, როგორც ევროპული, აგრეთვე ქართული რაგბისათვის.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ფირა აერი, როგორც ორგანიზაცია, აქამდე ვერ შედგა, ვინაიდან მისი საქმიანობის ეფექტურობა ყოველთვის იყო ძალზედ დაბალი. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზს წარმოადგენდა ცუდი მენეჯმენტი, დაფინანსების დაბალი დონე და მოზიდული ფინანსების მწირი რაოდენობა.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფირამ ვერ დაალაგა ურთიერთობა "6 ერთან" (რომელიც კერძო, კომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს და არანაირად არ ექვემდებარება რაგბის საერთაშორისო საბჭოს) და უშუალოდ IRB-სთან, რომელიც ფირასათვის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ფირა ვერ გაიზარდა ხარისხობრივად და აქედან გამომდინარე, განვმეორდები, რომ მისი საქმიანობის ეფექტურობის დონე იყო ძალზედ დაბალი.

ახალი პრეზიდენტი
წლევანდელი ასამბლეა შედგა. პირადი სურვილის შესაბამისად, ბაკემ დატოვა პრეზიდენტის პოსტი და ჩვენ ავირჩიეთ ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი.

ახალი პრეზიდენტის არჩევნები ყველასათვის დაკავშირებული იყო ცვლილებების მოლოდინთან და ორგანიზაციის უკეთეს მომავალთან.

არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გამოიკვეთა პრეტენდენტი, რომელსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა - ეს იყო ოქტავიან მორარიუ - ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ცნობილ რუმინულ სარაგბო ოჯახში. მამამისი, ვოირელ მორარიუ, იყო ლეგენდარული რუმინელი მორაგბე, რომელიც 50-იან და 60-იან წლებში ნაკრებს კაპიტნობდა.

მე მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს და წინა წლებში ჩვენ არაერთგზის გვქონია საუბარი ფირას მომავალთან დაკავშირებით და მეტწილად ჩვენი შეხედულებები ემთხვეოდა. არჩევნებამდე ჩვენ მას მოსკოვში, რაგბი 7-ის მსოფლიო თასზე შევხვდით და ვისაუბრეთ.

ძალზედ ბევრი შეკითხვა დავუსვით, რაზეც საკმაოდ გულახდილი და იმედისმომცემი პასუხები მივიღეთ. ჩვენ ერთობლივი შეხვედრები გავმართეთ "6 ერთან", IRB-სთან და იქვე შევთანხმდით, რომ არჩევნებზე მას დავუჭერდით მხარს.

საბოლოო ჯამში, ხმათა უმრავლესობით მან გაიმარჯვა არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ ოქტავიან მორარიუს პრეზიდენტობა ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს ევროპული და ჩვენი რაგბისათვის.

მისი გეგმის შესაბამისად, დეკემბრამდე იგი აპირებს მენეჯმენტში ძირეული ცვლილებების განხორციელებას, ეფექტური სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნას და თანამდებობრივი ვერტიკალის სხვაგვარად გადანაწილებას.

დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ქმედებები სიკეთის მომტანი იქნება, როგორც ევროპული, ასევე ქართული რაგბისათვის.

შეხვედრები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ბევრი საინტერესო და კარგი რამ მოხდა ჩვენთვის გენერალურ ასამბლეაზე. დავიწყებ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციით - ასამბლეის სხდომაზე და კულუარებშიც აღინიშნა და უმაღლესი შეფასება მიეცა ივნისში თბილისში ჩატარებულ IRB თბილისის თასს. ხაზი გაესვა ტურნირის ორგანიზაციულ მხარეს, მონაწილე გუნდებს, შეაფასეს თამაშის გაუმჯობესებული ხარისხი.

ეს შეფასება ჩვენთვის ძალზედ სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ფირა აერმა, როგორც ევროპის სარაგბო ფედერაციამ და IRB-იმ, მადლობა გადაგვიხადეს არგენტინის ნაკრებთან თამაშისათვის. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს ნაკრებმა არგენტინასთან ჩატარებული შესანიშნავი და ღირსეული თამაშით ევროპული რაგბის პრესტიჟი დაიცვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ სასიკეთოდ მოხდა, იყო ფირასა და "6 ერის" ერთობლივი გადაწყვეტილება - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დარჩება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტური ჯგუფის წევრად, ანუ ჩვენს ნაკრებს საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევს. შესაბამისად, ელიტურ ჯგუფში მოსახვედრად იტალიისა და პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებებს მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დებატები, სადაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო კომენტარები გაკეთდა ჩვენი მისამართით.

ქართული რაგბის ქომაგს მოეხსენება, რომ ეს იყო სამწლიანი ექსპერიმენტი, რომელიც დასრულდა. ამ სამი წლის განმავლობაში საქართველომ ორჯერ ზედიზედ დაამარცხა იტალია და უკანასკნელ ტურნირზე ძალზედ ღირსეულად ეთამაშა ირლანდიას. აღინიშნა, რომ 18-წლამდელების თვალსაჩინო პროგრესი გამოწვეულია იმ უწყვეტი ქმედებებით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება რაგბის განვითარების კუთხით.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავფუძნდით ამ ჯგუფში - იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ნაკრები მეექვსეზე დაბალ ადგილს დაიკავებს, ჩვენ, შესაბამისად, შემდეგი ტურნირისათვის მოგვიწევს კვლავ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო წლების განმავლობაში ამ ბიჭების მომზადებაში - რაგბის ეროვნულ აკადემიას, მწვრთნელებს და მენეჯერებს. მათ უდიდესი შრომა გაწიეს, შესანიშნავად იმუშავეს და მიაღწიეს ასეთ წარმატებას.

სანაკრებო თამაშები და განვითარების პროგრამები
უკვე ამუშავებულია და მოქმედებს პროგრამა, რომლის მიხედვით, მოიმატა ჩვენთვის სათამაშო სეზონზე მატჩების ოდენობამ.

მაგალითისათვის ავიღოთ 2013 წელი: ვითამაშეთ ევროპის ერთა თასი, ვითამაშეთ პირველი დონის ნაკრებთან - არგენტინასთან, უკვე გადაწყდა და ნოემბერში ვთამაშობთ სამ ტესტს - 9 ნოემბერს კანადასთან, 16 ნოემბერს აშშ-სთან და 23 ნოემბერს სამოასთან. გარდა ამისა, წელს მოგვცეს ტურნირი - IRB-ის თბილისის თასი, რომელიც ყოველწლიურად ივნისში გაიმართება.

ეს ყველაფერი ნამდვილად წარმოადგენს საერთაშორისო სარაგბო სამყაროს მიერ ქართული რაგბის დაფასებას. ჩვენ ნამდვილად უკვე გვთვლიან ამ დიდი მსოფლიო სარაგბო ოჯახის წევრად.

ნოემბრის სამივე ტესტი გაიმართება თბილისში და ძალზედ იშვიათია, როდესაც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას ზედიზედ რამოდენიმე ტესტის სახლში გამართვის შესაძლებლობა ეძლევა. ამის განხორციელებაში რაგბის საერთაშორისო საბჭო უამრავ ფულს დებს და ეს ნიშნავს, რომ მათ ჩვენი განვითარების დიდი იმედი აქვთ და ამიტომ ახორციელებენ ამ ინვესტიციას.

აქვე დავძენ, რომ ასამბლეაზე შევიმუშავეთ ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების მატჩების განრიგი ჩვენი ნაკრებისათვის. ამჯერად შინ უკვე სამ თამაშს გავმართავთ - 1-ელ თებერვალს ბელგიას მივიღებთ, 22 თებერვალს რუსეთის ნაკრები ჩამოვა და 15 მარტს რუმინეთთან ვითამაშებთ.

გასვლით მატჩებში პორტუგალიას (8 თებერვალი) და ესპანეთს (8 მარტი) შევხვდებით.

ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მოლაპარაკებებს და შეხვედრებს ვმართავთ ირლანდიის რაგბის კავშირთან და საბოლოოდ მივედით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის იწყება კომპლექსური თანამშრომლობა, რაც ითვალისწინებს:

. ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის აქტიური მონაწილეობით, ქართველ მსაჯთა მომზადების პროგრამა განხორციელდება - ამ მიზნით მოხდება ირლანდიელი მსაჯების ჩამოყვანა; შემდგომი ტრენინგებისათვის ქართველი მსაჯების ირლანდიაში წაყვანა; პროგრამის მიხედვით, კვალიფიკაციაამაღლებული ქართველი მსაჯების მიერ საქართველოში მუდმივად გაიმართება ტრენინგები.

. ირლანდიის რაგბის კავშირი დაგვეხმარება ქართველი მწვრთნელების აღზრდაში და ამ მიზნით მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შემუშავება.

. და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ 2014 წელს ჩვენ მიერ შერჩეულ ოთხ ახალგაზრდა მოთამაშეს ირლანდიის რაგბის კავშირი თავისი ხარჯით წაიყვანს სამი წლით ცნობილი ირლანდიური სარაგბო კლუბების ასაკობრივ გუნდებში და იმუშავებს მათ განვითარებაზე - იგულისხმება ვარჯიში, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კვება და რა თქმა უნდა, ინგლისური ენის შესწავლა.

პროგრამის შედეგად, სამი წლის შემდეგ ჩვენ გვეყოლება გამზადებული ოთხი სერიოზული სანაკრებო კანდიდატი.

ამ ბიჭების შერჩევა არ იქნება ადვილი საქმე, ვინაიდან ძალზედ სერიოზული კრიტერიუმები იქნება დასაკმაყოფილებელი - სარაგბო, ენის ცოდნის, მენტალური და ყოფაქცევის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მალევე უნდა დავიწყოთ კანდიდატების შერჩევა.

შეთანხმების თანახმად, შესაძლებელია, წელსვე, 10 დღით, შერჩეული კანდიდატები ორ მწვრთნელთან ერთად გავუშვათ ირლანდიაში, რათა მათ შეექმნათ წარმოდგენა, თუ სად და რისი კეთება მოუწევთ ერთი წლის თავზე. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ირლანდიელებთან შეთანხმებული პროგრამით უნდა ვავარჯიშოთ ეს ბიჭები, განსაკუთრებით ფიზიკურ მომზადებაში, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტებია ყველგან ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით.

ერთი წლის თავზე ირლანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში კანდიდატებისათვის ტესტების ჩასატარებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მათი წაყვანა. ეს არის ჩვენთვის უზარმაზარი შანსი იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რაგბის კავშირში გავაგზავნოთ ჩვენი პერსპექტიული და ნიჭიერი მოთამაშეები და სამი წლის თავზე მივიღოთ სრულიად სხვა ფიზიკურ კონდიციაში მყოფი მორაგბეები, რომლებიც უკვე გამოადგებიან ეროვნულ ნაკრებს.

საერთაშორისო საკლუბო ტურნირი
გარდა ამისა, იყო საუბრები საერთაშორისო საკლუბო ტურნირის ჩატარებაზე და დიდი ალბათობით, რაგბის საერთაშორისო საბჭო ჩაერთვება ამ პროცესში.

ვგეგმავთ, რომ შემოდგომაზე შედგეს შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის რაგბის კავშირების პრეზიდენტები, სავარაუდოდ, სპორტის მინისტრები და IRB-ის ხელმძღვანელები.

ჩვენ შეხვედრის ჩატარების ადგილად თბილისი შევთავაზეთ და იმედია, მალე გადაწყვეტენ, თუ სად გაიმართება ის.

ტურნირის შესახებ ამ ბოლო დროს ბევრი საუბარი იყო, მაგრამ მისი ჩატარების პერსპექტივა არ ჩანდა და არ არის გამორიცხული, ტურნირს რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდა მიენიჭოს, რაც თავის მხრივ, უპრეცედენტო ფაქტია, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით საკლუბო ტურნირები არ იმართება.

მომავალი განვითარება და არსებობა ფინანსების მოზიდვაზეა დამოკიდებული
ჩვენი განვითარება ხდება ეტაპობრივად. იყო დრო, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დავიწყეთ სანაკრებო დონეზე თამაში.

პირველ ეტაპზე ვაგებდით ისეთ გუნდებთან, რომლებიც სარაგბო დონით ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით ბევრად დაბლა იმყოფებიან, მაგალითად, მარცხი ჰოლანდიასთან 3:55 (1995 წ.), პოლონეთთან 6:23 (1993 წ.).

ვისწავლეთ მათთან თამაში, დავიწყეთ მოგება, განვვითარდით და გადავედით შემდეგ ეტაპზე - ევროპის ერთა თასის A დივიზიონში.

დაგვჭირდა დრო, რომ გვესწავლა ესპანეთთან და პორტუგალიასთან თამაში, შემდგომ რუსეთს დავუწყეთ მოგება და სულ ბოლო ხანია, რაც გავუთანაბრდით რუმინეთს, რომლის დამარცხება ჩვენთვის იმ პერიოდში დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ახლა ჩვენ გადავედით განვითარების თვისობრივად სულ სხვა ეტაპზე. ჩვენ დავიწყეთ თანაბარი დონის და შედარებით უფრო ძლიერ, მეორე და პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან თამაში. ესენია: მეორე დონის - აშშ, კანადა, იაპონია, ფიჯი; პირველი დონის - არგენტინა და სამოა.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების სწორ გზაზე მივყავართ. მე მესმის ჩვენი გულშემატკივრების სურვილი, რომ უკვე ამ ეტაპზე ვეთამაშოთ ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს, მაგრამ ამის მისაღწევად და რაც მთავარია, განვითარებისათვის, ამ გზის გავლა არის საჭირო.

ჯერ ამ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, დავიწყოთ მათთან მოგება და როდესაც ეს სტაბილურ ხასიათს მიიღებს, უკვე შემდგომ იქნება შესაძლებელი შემდეგ ეტაპზე ფიქრი.

ამ ყველაფერს სჭირდება დრო. სასიცოცხლოდ აუცილებელია დამატებითი ფინანსები და ყოველი ჩვენგანის თავდაუზოგავი შრომა. ქვეყნის შიგნით შრომა - შიდა რაგბის განვითარება, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ეროვნული სარაგბო აკადემიის გაძლიერება, მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამ ყველაფრისათვის აუცილებელია დამატებითი სახსრები.

განვითარების თვალსაზრისით და საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი მიდის კარგად, მაგრამ საქმე ძალზედ ცუდად გვაქვს საქართველოში კლუბების დაფინანსების თვალსაზრისით!

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ დღეებში წყდება ბედი იმისა, მოვიპოვებთ თუ არა დამატებით დაფინანსებას ქართული კლუბებისათვის. თანაც, დაფინანსება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, საკმარისი იქნება მხოლოდ ორი წლის განმავლობაში, რომ კლუბებს ელემენტარული პრობლემები გადავუწყვიტოთ.

თუ ჩვენ მოვახერხებთ და მოვიპოვებთ დამატებით დაფინანსებას, შესაბამისად, გავაგრძელებთ განვითარებას და უკან არ დავიხევთ, ხოლო თუ ამ დაფინანსების მოპოვება არ მოხერხდა, მაშინ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაიწყება ქართული რაგბის რეგრესი!

მიმაჩნია, სპორტისადმი უნდა ჩამოყალიბდეს თვისობრივად სრულიად ახალი მიდგომა, როგორც ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროსადმი. პირდაპირ თუ ირიბად, სპორტს ბევრის მიცემა შეუძლია სახელმწიფოსათვის, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით.

ის დამკვიდრებული მიდგომა, რომლის თანახმადაც, გადასაწყვეტი საკითხების ნუსხაში სპორტი ბოლო ადგილზე იმყოფება, არ არის სწორი და მე მიხარია, რომ ამაზე იწყება საუბრები არა მარტო მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშიც და ხდება ხალხისათვის ნათელი, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან სპორტის მხარდაჭერა აუცილებელი იქნება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

მაგრამ ამავდროულად, კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ბიზნესს გაუჩნდეს სპორტის ინვესტირების მოტივაცია და თუ ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ სვლას, სამ-ოთხ წელიწადში ალბათ მივაღწევთ იმას, რომ სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კლუბებს მილიონიანი ბიუჯეტი ექნებათ.

იმისათვის, რომ ყველასათვის გახდეს ნათელი, თუ რაზე გვაქვს საუბარი, მაგალითისათვის მოვიყვან რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის კლუბ "კრასნოიარსკს", რომლის ბიუჯეტი 11 მილიონ დოლარს წარმოადგენს, დაახლოებით 17 600 000 ლარს. თანხა, რომელსაც ჩვენ დამატებით ვითხოვთ კლუბებისათვის, წარმოადგენს 3 მილიონ ლარს, რაც ახლანდელ დაფინანსებასთან ერთად, ჯამურად მოგვცემს 4.5 მილიონ ლარს. უმაღლესი ლიგის ათ კლუბზე გადანაწილებით, თითოეულ კლუბს 450 000 ლარი ერგება.

აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად მიმაჩნია, რომ მთავრობასა და ბიზნესთან ერთად, ამ საკითხში საზოგადოებაც უნდა ჩაებას და ერთად ვიფიქროთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე.

დღეს საქართველო ნამდვილად არის იმ მდგომარეობაში, რომ დიდი ნახტომი განახორციელოს რაგბიში და შემდეგ ციკლში მიაღწიოს დიდ პროგრესს და თუ ეს საკითხები არ გადაწყდება, ამდენი თაობის ჯაფა ჩაიყრება წყალში, ამის შედეგად კი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტი და ჩვენ ასეთად ვხედავთ ქართულ რაგბის, რომელიც არის ქვეყნის ცნობადობის წყარო საზღვარგარეთ, ამ ქართული პროექტის არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

არჩევანი არის ჩვენზე და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ქართული რაგბის სასიკეთოდ გადაწყდება.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ახლა გვჭირდება შველა, თორემ ყველაფერი უკან დაგვრჩება
მილტონ ჰეიგი: ივნისის დასაწყისში ოთხივე მატჩის მოგებას ვგეგმავდით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდით შეიქმნას ქომაგთა გაერთიანება ან ფონდი და ყველამ შევიტანოთ ჩვენი წვლილი. დარწმუნებული ვარ მინიმუმ მილიონი მაინც მოგროვდება.
ქარ
18:07 17-07-2013
0

სიახლეები პოპულარული