IRB-მ ყველა ღონე იხმარა საიმისოდ, რომ მეორე დონის გუნდებს ერთმანეთთან და ზოგიერთ შემთხვევაში პირველი დონის გუნდებთანაც, რაც შეიძლება მეტი ეთამაშათ, რათა 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის სათანადოდ მოემზადონ.
მეორე დონის სარაგბო ქვეყნები ნოემბერში, საერთო ჯამში, 20 მატჩს გამართავენ. ამ პროგრამას რაგბის საერთაშორისო საბჭო აფინანსებს და ის მას 10,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდება.
საქართველო, სამოა, ფიჯი, ტონგა, აშშ, კანადა, რუსეთი, რუმინეთი, იაპონია, ურუგვაი, პორტუგალია, ჩილე, ბრაზილია და ესპანეთი ერთმანეთთან გამართავენ შეხვედრებს.
აღსანიშნავია, რომ ტესტებისას რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდება.
სამოას ნაკრები პირველად ეწვევა საქართველოს. ის იქნება პირველი გუნდი მოწინავე ათეულიდან, რომელიც თბილისში ითამაშებს.
პირველად ჩავა ბუქარესტში ტონგას ეროვნული ნაკრები. ასევე პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბრაზილიისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები.
2019 წელს მსოფლიოს თასის გათამაშება იაპონიაში გაიმართება.
ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის "ამომავალი მზის" ქვეყნის შვილები უკვე აქედანვე იწყებენ მზადებას.
"საკურები" ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს ტოკიოში ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავენ, რის შემდეგაც ევროპაში გაემგზავრებიან და შოტლანდიის, რუსეთისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
"ნოემბრის ტესტები შთაბეჭდავი მოვლენა იქნება მსოფლიოს რაგბის სამყაროში. 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების კომერციულმა წარმატებამ, მიღებულმა შემოსავალმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს საშუალება მისცა, სარეკორდო ინვესტიციები განეხორციელებინა.
2012 წლის ნოემბრისა და წლევანდელი ივნისის ტესტებმა გვიჩვენა, რომ მეორე და პირველი დონის გუნდებს შორის განსხვავება დიდი აღარ არის.
თავად განსაჯეთ, სამოამ უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებს სძლია. "სკოტებს" მერე ტონგელებმაც აჯობეს.
იაპონიის ეროვნულმა გუნდმა კი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის საუკეთესო გუნდთან, უელსის ნაკრებთან. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ნოემბერში შთამბეჭდავი მატჩების სერია გველოდება" - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.
"ნოემბრის ტესტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეორე დონის გუნდების განვითარებაში.
მწვრთნელებს საშუალება მიეცემათ თავიანთი მოთამაშეები უშუალოდ ნახონ საქმეში, შენიშნონ ხარვეზები და მათი აღმოფხვრისთვის იზრუნონ. ეს ყოველივე ჩვენ მიერ შემუშავებული საინვენსტიციო პროგრამის შედეგია" - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს დაფინანსებით წლეულს ორი ახალი ტურნირი დაფუძნდა. წყნარი ოკეანის ქვეყნების თასს კანადა და აშშ დაემატნენ, ხოლო საქართველოში პირველად ჩატარდა "თბილისის თასის" გათამაშება, სადაც "ბორჯღალოსნებთან" ერთად ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებმა და მზარდმა ირლანდიამ იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა არსებული ტურნირების დაფინანსებისა და განვითარებისთვის ზრუნვას IRB მომავალშიც განაგრძობს.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ შეხვედრას გამართავს. პირველი მეტოქე 9 ნოემბერს კანადის ნაკრები იქნება. ერთი კვირის თავზე აშშ-ის ეროვნულ გუნდს დავუპირისპირდებით. ბოლო შეხვედრა კი 23 ნოემბერს სამოას ძლიერ ნაკრებთან გვექნება. საგულისხმოა, რომ სამი ტესტი ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" არასდროს ჰქონიათ.
ნოემბრის ტესტები
2 ნოემბერი
იაპონია-ახალი ზელანდია
9 ნოემბერი
შოტლანდია-იაპონია, ირლანდია-სამოა. რუმინეთი-ტონგა, პორტუგალია-ფიჯი, აშშ-მაორები, საქართველო-კანადა, ჩილე-ესპანეთი.
16 ნოემბერი
ბრაზილია-პორტუგალია, საფრანგეთი-ტონგა, იტალია-ფიჯი, საქართველო-აშშ, რუმინეთი-კანადა, რუსეთი-იაპონია. ურუგვაი-ესპანეთი, საფრანგეთის ბარბაროსები-სამოა.
23 ნოემბერი
უელსი-ტონგა, საქართველო-სამოა, რუმინეთი-ფიჯი, რუსეთი-აშშ, პორტუგალია-კანადა, ესპანეთი-იაპონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"