"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო, მესამე შეხვედრას 23 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" მატჩისთვის მზადებას ორშაბათიდან "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეუდგნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები არ მომხდარა.

ჩვენი მომავალი მეტოქე სამოას ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. დღესდღეობით სამოელები კლასიფიკაციაში მერვე ადგილზე არიან, რაც ამ გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი დასტურია.

საკმარისია თვალი გადავავლოთ იმ კლუბების ჩამონათვალს, რათა თვალნათლივ დავინახოთ, რა ძალის გუნდთან გვაქვს საქმე. კუნძულელი მორაგბეები უხვად
თამაშობენ საფრანგეთის, ინგლისისა და ახალი ზელანდიის წამყვან კლუბებში.

სამოამ ნოემბრის ტესტები ირლანდიასთან მარცხით გახსნა - 9:40, რასაც გასულ უქმეებზე ფრანგ "ბარბაროსებთან" მინიმალური სხვაობით წაგება მოჰყვა - 19:20.

ამ მატჩში, მარცხის მიუხედავად, სამოა შესანიშნავად გამოიყურებოდა. მატჩის პირველ ტაიმში კუნძულელებმა ორჯერ შესანიშნავად ისარგებლეს მეტოქის შეცდომით და ორჯერვე ლელო კონტრშეტევაზე გაიტანეს. სამოა 12:0 დაწინაურდა.

"ბარბაროსებმა" ტაიმის ბოლომდე შეძლეს ანგარიშის გაქვითვა. ჯერ ხუთმეტრიანი შერკინებიდან შეუტიეს შედეგიანად; მერე, ტაიმის მიწურულს ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლით მიაწვნენ და ასე შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში - 12:12.

შესვენების შემდეგ წინ ისევ სამოა გავიდა. ლელო ისევ მასპინძელთა შეცდომას და კონტრიერიშს მოჰყვა - 19:12. "ბარბაროსებმა" მესამე ლელო პირველის იდენტურად გაიტანეს - 17:19, რასაც საჯარიმოც მიაყოლეს და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს - 20:19.

სხვადასხვა სახის ტრავმისა და ობიექტური მიზეზის გამო ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა გუნდის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ესენია: შერკინების მეორეხაზელი კეინ ტომპსონი (26 კეპი), ახალზელანდიური კლუბის, "ოკლენდის" ცხრა ნომერი ჯუნიორ პოლულეულიგაგა, ვეტერანი შუამარბი სეილალა მაპუსა, გამოცდილი გარემარბი, ინგლისის ნაკრებში მოთამაშე შუამარბ მანუ ტუილაგის ძმა ალესანა ტუილაგი და სამოას ნაკრების მომავალ ლიდერად მიჩნეული ფულბეკი ჯეიმს სოიალო, რომელიც ირლანდიურ "ქონოთში" ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრების მარცხმა შინ აშშ-ის ეროვნულ გუნდთან უარყოფითად იმოქმედა "ბორჯღალოსნების" რეიტინგზე მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

ჩვენი გუნდი ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 67,17 ქულით მე-17 ადგილზეა. წინ რუმინეთის ნაკრებმა გაგვასწრო, რომელმაც საკუთარ მოედანზე ორჯერ ზედიზედ გაიმარჯვა.

"მუხის ფოთლებმა" მინიმალური სხვაობით ჯერ ტონგას ნაკრებს სძლია, მერე კი კანადის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 93,81 2. სამხრეთი აფრიკა - 88,77 3. ინგლისი - 85,70 4. ავსტრალია - 85,65 5. საფრანგეთი - 81,44 6. უელსი - 80,98 7. ირლანდია - 79,33 8. სამოა - 79,24 9. შოტლანდია - 76,99 10. არგენტინა - 75,23 11. იტალია - 74,34 12. ტონგა - 73,21 13. ფიჯი - 72,87 14. იაპონია - 71,72 15. კანადა - 70,40 16. რუმინეთი - 68,81 17. საქართველო - 67,17 18. აშშ - 66,61 19. რუსეთი - 61,94 20. ესპანეთი - 60,95 21. ურუგვაი - 60,77 22. პორტუგალია - 59,72 23. ნამიბია - 58,79 24. კორეა - 58,10 25. ბელგია - 57,52.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), შალვა მამუკაშვილი (არმია), რეზო ბელქანია (ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხმალაძე (ლელო),
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია) თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

სამოას ნაკრები
პირველი ხაზი: ოლე ავეი (ბორდო), ტიი პაულო (კლერმონი), ვილიამუ აფატია (აჟენი), კენსუს ჯონსტონი (ტულუზი), ჯეიმს ჯონსტონი (სარასენზი), ლოგოვი მულიპოლა (ლესტერ ტაიგერზი), საკარია ტაულაფო (საფრანგეთი);
მეორე ხაზი: ფაატიგა ლემალუ (სტად ფრანსე), ფილო პაულო (კარდიფ ბლუსი), ჯო ტეკორი (ტულუზი);
მესამე ხაზი: მაური ფაასავალუ (ჰარლექვინზი), პიულა ფაასალელე (კასტრი), ჯეკ ლამი (ჰარიკეინზი), დანიელ ლეო (პერპერიანი), ოფისა ტრევირანუსი (ლონდონ აირიში), ალაფოტი ფაოსილივა (ბასი), ფაიფილი ლევავა (ჰარიკეინზი), ტაიასინა ტუიუფა (ბორდო)
#9: კან ფოტუალი (ნორთჰემპტონი), ჯერემი სუა (ვორჩესტერი)
#10: პატრიკ ფააპალე (ვაიალა), ტუსი პისი (სანტორი სუნგოლიტა)
#12-13: ალაპეტი ლეიუა (ჰარიკეინზი), ჯონი ლეოტა (სეილ შარქსი), ტუა ოტო (ბრისტოლი), ჯორჯ პისი (ნორსჰემპტონი), ისაია ტუიფუა (ტარანაკი);
#11-14: დევიდ ლემი (ვორჩესტერი), სინოტი სინოტი (ველინგტონი ), ბრანდო ვააულო (ტოკიო გაზი)
#15: ფაატოინა აუტაგავაია (ვაიოლა), პოლ უილიამსი (სტად ფრანსე)

ნოემბრის ტესტები
23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]

საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული