პირველად ქართული რაგბის ისტორიაში: მსოფლიოს თასი თბილისში მოდის!

AutoSharing Option
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში თბილისს ვებ ელისის თასი ეწვევა.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასის ბოლო შეხვედრას, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის ბოლო მატჩი იქნება, 15 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. მსოფლიოს თასს რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდმოხელეები სწორედ ამ შეხვედრისთვის ჩამოიტანენ საქართველოში.

მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა Rugbyworld-მა ერთა თასის მორიგ ტურს, უფრო სწორად კი, ამ ტურნირის ლიდერებს სპეციალური პრესრელიზი მიუძღვნა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები იმ შემთხვევაში, თუ მომავალ უქმეებზე გამარჯვებათა სერიას
განაგრძობენ, ერთა თასის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდებენ მსოფლიოს თასის საგზურს. ტურნირის ეს დიდი ხნის ფავორიტები ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და 10 ქულით უსწრებენ მესამეადგილოსან რუსეთის ეროვნულ გუნდს.

საქართველომ რუსეთის ნაკრებს, ხოლო რუმინეთმა ესპანელებს უნდა მოუგოს, რათა მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე ასპარეზობის უფლება მიიღონ.

თუმცა ეს ისტორიის დასასრული არ არის, რადგან ეს ორი ლიდერი ერთმანეთში გაარკვევს, ვინ იქნება შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული. პირველადგილოსანი ინგლისში C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულ ნაკრებთან ერთად ითამაშებს. მეორე ადგილზე გასული კი D ჯგუფში მოხვდება და საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ასე რომ, ბოლო ტურში, 15 მარტს თბილისში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის ფინალის დარი მატჩი გველის. ამ თამაშზე სპეციალურად ჩაიტანენ ვებ ელისის თასს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე მომავალ უქმეებზე თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების თამაშს დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა 2011 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა.

"საკვალიფიკაციო პროცესი ევროპაში საკმაოდ კონკურენტული იყო. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ, ვფიქრობ, მალე ძალიან ამბიციური ორი გუნდის ფინალის დარი მატჩი გველის.

მსოფლიოს თასის გათამაშება გაცილებით მეტია, ვიდრე 48 მატჩი ტურნირისა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს შეჯიბრება არის ფინანსური მექანიზმი საიმისოდ, რათა ოვალური ბურთით თამაშის შემდგომი განვითარება შევძლოთ.

მსოფლიოს თასზე კომერციული მოგების შედეგად საშუალება მოგვეცა, სარეკორდო თანხები გამოგვეყო საქართველოს, რუმინეთისა და რუსეთის რაგბის კავშირების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ, უფრო კონკურენტუნარიანნი იყვნენ უმაღლესი რანგის ტურნირებში"
, - თქვა ბერნარ ლაპასემ.

შეგახსენებთ, რომ ვებ ელისის თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩზე რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2006 წელს, ბუქარესტში მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩში ჩაიტანა. მაშინ მასპინძლებმა მოიგეს. იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას ამჯერადაც მასპინძლები მიაღწევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღაც ძალიან გაიზარდა ჩევნს მიმართ ინტერესი.
რას მივაწეროთ?
GiorgiG83
13:20 20-02-2014
0
მხოლოდ ერთსულოვნებით,მხოლოდ თავდადებით,მხოლოდ გამარჯვებებით, მხოლოდ არნახული სილამაზის გულშემატკივრობით უნდა ვაიძულოთ რაგბის სამყარო,რომ შესცვალოს და სიახლე შეიტანოს(6 ერის)ტურნირებში თუ სპარინგმატჩებში.
მიდით ბიჭებო მიდით
13:16 20-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული