ლელოს სტუმარი თემურ ბენდიაშვილი: ტონგამ სათამაშო კლასით გვაჯობა

AutoSharing Option
თემურ ბენდიაშვილი ქართული რაგბის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია. ოთხი ათეული წლის წინათ მან ყველაზე ტიტულოვანი ქართული სარაგბო კლუბის, "ლოკომოტივის" საჭე ჩაიბარა და დღემდე ოვალური ბურთით თამაშს ერთგულად ემსახურება.

ცხადია, მისებრ გამოცდილი ქართულ რაგბიში თითებზე ჩამოსათვლელია. შესაბამისად, სალაპარაკო და საკამათოც ბევრი აქვს, თუმცა ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი ახლახან გამართულ საქართველოსა და ტონგას ნაკრებების დაპირისპირებას დაეთმო.

"ბორჯღალოსნების" მარცხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ჩვენც დეტალებში გასარკვევად დახმარება სწორედ რკინიგზელთა გამოცდილ თავკაცს ვთხოვეთ.

- ხალხი "აღშფოთებულია", ტონგასთან რატომ წავაგეთო...
- რა, უნდა მოგვეგო?

- ?
- ტონგას ნაკრები ის გუნდია, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში ჩვენზე წინაა. აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი საკმაოდ სამართლიანადაა შედგენილი და ზუსტად ასახავს ძალთა თანაფარდობას.

- ეს ასეა, მაგრამ ჩვენს ნაკრებს რეიტინგში თავისზე წინ მდგომისთვისაც მოუგია...
- რა თქმა უნდა. ეს სადავო არ არის, მაგრამ, მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ტონგური რაგბი. იმის გარდა, რომ რაგბი ამ ქვეყანაში ეროვნული სახეობაა, სხვა სპორტი იქ არც არის. ყველა ტონგელის ოცნებაა, ახალ ზელანდიაში ან ავსტრალიაში წავიდეს სათამაშოდ.

ვინც ამ ქვეყნების წამყვან გუნდებში ვერ ხვდება, ევროპულ კლუბებში განაგრძობს კარიერას. იმ ნაკრებში, რომელიც გასულ უქმეებზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ეთამაშა, მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელიც ტონგაში თამაშობს.

ამასთან ერთად, ტონგაში მრავლად მუშაობენ ახალზელანდიელი სპეციალისტები. ბავშვები იქ 18 წლამდე შესანიშნავ სარაგბო განათლებას იღებენ, მოტივირებულნი ხდებიან, რის შემდეგაც დაოსტატების პროცედურას სხვა წამყვან სარაგბო ქვეყნებში გადიან.

მსოფლიოს თასის წინა გათამაშებამაც აჩვენა, რომ ტონგა სერიოზული გუნდია. საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და კინაღამ ჯგუფში ჩატოვა.

- ტონგას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტია, მათი თამაშის მანერაც მრავალფეროვანი ტაქტიკური სქემებით არ გამოირჩევა...
- დიახ, ასეა, მაგრამ მათ კონსულტანტად მიწვეული ჰყავთ სამხრეთაფრიკელი კრის ვაითი, რომელმაც 2007 წელს "ბოკეს" მსოფლიოს თასი მოაგებინა. ეს მათი განზრახვების სერიოზულობაზე მიუთითებს.

ტონგას ნაკრების მიზანია, მომავალ მსოფლიოს თასის გათამაშებაში სამი შეხვედრა მოიგოს და პლეი ოფში გავიდეს. ანუ იმედი აქვთ, რომ არგენტინის ძალიან ძლიერ ნაკრებს დაამარცხებენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ტონგას ნაკრები ელიტარული გუნდია.

- რა აქვს ქართულ რაგბის, საქართველოს ნაკრებს ყოველივე ამის საპირწონედ?
- სანამ თბილისში ჩამოვიდოდნენ, ტონგას ნაკრები ივნისის ტესტებზე სამოას, იაპონიას და მსგავსი დონის გუნდებს ეთამაშა. ჩვენმა ნაკრებმა კი ბოლოს რვა თვის წინათ იასპარეზა ერთა თასზე, რომლის დონესაც, საბედნიეროდ, უკვე გავცდით. გუნდს თავისი ძალა არსად გამოუცდია. წამყვანი მორაგბეების უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს და საწვრთნელი შეკრების გამართვა ვერ ხერხდება.

ახლა მოიფიქრეს და საქართველოში მოთამაშე ნაკრების წევრები იქით ჩაიყვანეს საფრანგეთში სამი დღით. ვინმემ შეიძლება თქვას - რატომ სამი დღით და არა ათი დღითო.

კი ბატონო, კარგი იქნებოდა ათდღიანი შეკრების მოწყობა, მაგრამ მაგის საშუალება არ არის.

მერე, ძალიან მტკივნეულია, რომ დაშავდა მამუკა გორგოძე და ნოემბრის ტესტებზე ვერ ითამაშებს.

ის ისეთი მორაგბეა, რომლის მოედანზე ყოფნამ შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს. თავად განსაჯეთ, წლეულს ორჯერ ითამაშა მსოფლიოს ნაკრებში. მისი შემცვლელი დღეს ჩვენს ნაკრებში არავინაა. მასთან ერთად ტრავმის გამო დაგვაკლდა კიდევ ერთი ლიდერი დავით ზირაქაშვილი და რამდენიმე წამყვანი მოთამაშე.

- გულშემატკივრების ნაწილს საეჭვოდ მიაჩნია ტესტებისას ასეთი ხშირი ტრავმიანობა. ფიქრობენ, რომ მორაგბეები ნაკრებში თამაშს თავს არიდებენ...
- ასეთი რამ არასდროს მომხდარა. რაგბი ტრავმიანი სპორტია. ის ბიჭები, რომლებიც დღეს ტრავმების გამო ნაკრებს ვერ ეხმარებიან, ღირსეული, პატრიოტი ქართველები არიან და თავი არასდროს დაუზოგავთ.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ რაიმე პირობა წამოეყენებინოთ და ამის გამო ნაკრებში თამაშზე უარი ეთქვათ. სამწუხაროდ, რაგბიში ტრავმები გარდაუვალია. თუ ჯანმრთელად იქნებიან, ყველა მათგანი მსოფლიოს თასზე ნაკრების რიგებში იქნება.

- მაინც რის ხარჯზე მოგვიგო ტონგას ნაკრებმა?
- ტონგამ სათამაშო კლასით გვაჯობა. რაგბიში რამდენიმე კომპონენტია: შერკინება, დერეფანი, რაკი, მოლი, გაშლილი თამაში, ბურთის ამოტანა და ფეხით თამაში. ამ კომპონენტებიდან მხოლოდ შერკინებასა და მოლში ვაჯობეთ. სხვა დანარჩენი წავაგეთ. საერთოდ, თანამედროვე სპორტში მთავარია სწრაფი აზროვნება, მენტალობა და ოსტატობა. ვერ ვიტყვი, რომ ტონგელებს რომელიმეში მოვუგეთ, ყოველივე ამაში ჩამოვრჩებით.

- რატომ ჩამოვრჩებით?
- ვერ ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა. ამ პოზიციის მორაგბეები მხოლოდ დაცვაში თამაშში გამოირჩეოდნენ. შერკინებამ სტატიკურ მდგომარეობაში კი აჯობა მეტოქეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

საერთოდ, გუნდი თამაშობდა გაუბედავად. სპორტში ხშირად უნდა წახვიდე გაცნობიერებულ რისკზე. ეს თვისება ამ თამაშში გვაკლდა.

გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი იმას, რაც ასწავლეს - აკეთებდა; ტონგელები კი იყენებდნენ იმას, რაც ნასწავლი ჰქონდათ და თამაშობდნენ.

ამ მატჩში მეტოქემ თავისი სათამაშო სტილის თავსმოხვევა შეძლო. გაშლილი თამაში, ბურთის სწრაფი გამოტანა და შეტევის მიმართულების ცვლა, ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა.

- როგორ ფიქრობთ, რა ტაქტიკა ჰქონდა არჩეული მილტონ ჰეიგს, რის ხარჯზე აპირებდა მეტოქის ძლევას?
- ჩვენ გვინდოდა, მოედნის მათ ნახევარზე გვეთამაშა. ამისთვის ხშირად ვურტყამდით ფეხით, ბურთი ხელით არ ამოგვქონდა. ამიტომ მორკინალების გარღვევების იმედზე ვიყავით, რასაც ეპიზოდურად ვაღწევდით კიდეც.

ამ თამაშში გორგოძე და ზირაქაშვილი რომ გვყოლოდა, მეტი უპირატესობა და, შესაბამისად, უკეთესი შედეგიც გვექნებოდა.

- ტონგას ნაკრებს კიდევ ერთხელ, მომავალ წელს მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე უნდა დავუპირისპირდეთ...
- თუ კარგად მოვემზადებით, გამარჯვების იმედი უნდა გვქონდეს. იმედია, ნაკრების მწვრთნელები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ, გუნდი უფრო თავისუფლად ითამაშებს. შანსი იმისა, რომ მოვიგოთ, არის.

- მოდით, საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუნდების თამაშის ხარისხი გაუარესდა...
- ათგუნდა ჩემპიონატში კარგია, როცა 5-6 გუნდი ყველა თამაშზე გამარჯვებაზე ფიქრობს და ჩემპიონობისთვის იბრძვის. წლევანდელ ჩემპიონატში 10 გუნდიდან ასეთია ცხრა. რომელი გუნდის თამაშის ხარისხია უკეთესი, ვერ იტყვი. მხოლოდ ერთი გუნდია - თბილისის "თიბიესი", რომელიც თავდადებით იბრძვის, მაგრამ სულ აგებს. მატჩების შედეგებს თუ დავაკვირდებით, სხვაობა უმეტესწილად 4-5 ქულაა. "ბათუმმა" კი, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ლიდერ "ყოჩებთან" ფრე ითამაშა. ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ გუნდების დონე გათანაბრდა, დაძაბულობამაც იმატა.

- ეს ფაქტია, მაგრამ წინა სეზონში მაინც უფრო საინტერესო მატჩები იმართებოდა...
- ეს წყვეტილი სათამაშო კალენდრის ბრალია. ეროვნული ნაკრებისა და "თბილისის კავკასიელების" თამაშების გამო ჩემპიონატის ტურებში ხშირად იყო წყვეტა. გუნდებს ზედიზედ სამ მატჩში ჯერ არ უთამაშიათ. ამიტომ ვერ ახერხებენ ფორმაში შესვლას, თავისი ოპტიმალური თამაშის ხარისხისთვის ჯერ არც ერთს არ მიუღწევია.

ბევრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე გამოჩნდა. მინდა, მათ მივმართო: მარტო გუნდში ვარჯიში საკმარისი არ არის. აუცილებლად ცალკე, დამოუკიდებლადაც უნდა მოემზადონ ფიზიკურად და ტექნიკურადაც.

სწორედ ამიტომაა, რომ ცხრა ნომრისა და მგეზავის (#10) პოზიცია ჩვენთან პრობლემურია. მათზე თამაშისას ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ სათანადო დონეს რომ მიაღწიონ, დამატებით უნდა ივარჯიშონ მრავალი საათი. ამის გარეშე ინდივიდუალური ოსტატობის ამაღლებას ვერ შეძლებენ.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 9, 10 და 15 ნომრებიდან ვინმეს დიდი ხარვეზები არ ჰქონდეს. თუ ისინი შეძლებენ ნაკლის აღმოფხვრას, გუნდების თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. მაგის რესურსი ნამდვილად არსებობს.

- ვარჯიშს, წვრთნას, ინდივიდუალური ოსტატობის დახვეწას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება...
- დამატებითი ვარჯიშისთვის არ არის აუცილებელი კომფორტული პირობები. ისე, რომ არა საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", არ ვიცი, რა უნდა გვექნა. ცოტა ხნის წინათ ჭაბუკთა A ლიგაში სულ რვა გუნდი იყო. დღეს იქ 56 გუნდი თამაშობს. ესე იგი, მათ 28 მოედანი სჭირდებათ; თუ ტურს ორ დღედ ჩაატარებ, მაშინ 14. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტია საჭირო.

რაც კეთდება, ცხადია, კარგია და მადლობის მეტი რა გვეთქმის. თუმცა, კიდევ უფრო მეტი გვჭირდება.

უკვე ვთქვი, რომ ერთა თასის გათამაშების დონეს გავასწარით, წინ წავედით. ახლა აშშ-ს, კანადას, სამოას, ფიჯის, ტონგას და იაპონიას ვეთამაშებით. ამათსა და ერთა თასის გუნდების დონეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ამიტომ მათთან კონკურენციისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
.

ვეთანხმები ოტია_83-ს
>>>>
sadi
01:49 14-11-2014
0
ეი პაცან სჰენ Pეხბურტსი არ აგერიოს ღAგბი
Hihi
22:53 13-11-2014
0

სიახლეები პოპულარული