მილტონ ჰეიგი: ვიქტორს კარგად ვიცნობ, ის ამას განზრახ არ გააკეთებდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 16 ნოემბერს "ავივა სთედიუმზე" ირლანდიის ეროვნულ გუნდთან წააგო.

ამ მატჩის შემდეგ გამოქვეყნებულ მსოფლიოს რეიტინგში "სამყურები" მეხუთე ადგილიდან მესამეზე გადაბარგდნენ.

ცხადია, "ბორჯღალოსნებთან" მატჩს გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე გამორჩეული ფიგურა "სამყურების" შერკინების ბურჯი დეივ კილკოინი გახდა, რომელიც ერთადერთი ირლანდიელია, ვინც ტესტების ამ ტურის ნაკრებში მოხვდა. მან საქართველოს ნაკრებს პირველი ლელო გაუტანა, რაც მის სანაკრებო კარიერაშიც პირველი აღმოჩნდა.

ირლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩანახატი სწორედ მას მიუძღვნა. აი, რა თქვა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე კილკოინმა:

"თუ საქართველოს ნაკრების შეხვედრებს გადახედავთ პირველი დონის ქვეყნების
წინააღმდეგ, ადვილად შეამჩნევთ, რომ ისინი 50 ან 60 წუთის განმავლობაში მეტოქეს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ ახერხებენ გუნდები ქართველების წინააღმდეგობის დაძლევას. ასე მოხდა იმ საღამოსაც.

რეალურად, ეს გუნდი ფიზიკურად მართლაც ძლიერია. გამორჩეულია მათი შერკინება და მოლი.

ჩვენ ვიცოდით, რომ ფიზიკურად გაგვიჭირდებოდა და ამიტომ მზადებისას ამ კომპონენტს დიდი ყურადღება მივაქციეთ. ვფიქრობ, ეს ამ თამაშში მთავარი იყო.

ეროვნული ნაკრების კვართით თამაში უდიდესი პატივია. სტადიონზე ჩემი ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი იმყოფებოდა და ლელოს გატანის შემდეგ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.

მატჩის 60 წუთი წარმოუდგენლად რთული იყო. ფიზიკურად ძლიერი ქართველების გატეხვა ადვილი არაა. ნათელი იყო, რომ გარკვეული დრო დაგვჭირდებოდა მათ დასაღლელად. ასეც მოხდა. ჩვენ მოვახერხეთ მათი ძლევა, რაც ანგარიშზეც აისახა."

თამაშისას ერთი ცუდი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, რაკში თამაშისას ჩვენი ნაკრების მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა მეტოქეს ფეხი სახეზე დააბიჯა. ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, სავარაუდოდ, სადისციპლინო კომისია განიხილავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის მსვლელობისას კი არბიტრმა ვიდეორეფერის ყურადღება არ მიაქცია. ირლანდიის ნაკრების თავკაცმა ჯო შმიდტმა რეფერის მოქმედება ასე ახსნა:

"ეპიზოდი დასრულებული იყო და თამაში გრძელდებოდა. ამიტომ მატჩის არბიტრმა რეაგირება არ მოახდინა. ვფიქრობ, მისი გამტყუნება არ შეიძლება, რადგან დადგენილი წესის თანახმად იმოქმედა".

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი კი ვარაუდობს, რომ "ვიტო" ამას განზრახ არ გააკეთებდა.

"ამ ეპიზოდის ვიდეოფირი ვნახე. ვიქტორს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, ის ამას განზრახ არ გააკეთებდა. ახლა უნდა დაველოდოთ, რას ჩაწერს მოხსენებით ბარათში მატჩის კომისარი."

ცხადია, ჰეიგმა საქართველოს ნაკრების თამაშიც შეაფასა:

"პირველი ნახევრით კმაყოფილი ვარ. შესვენებაზე ცხრაქულიანი დეფიციტით გასვლა, რომელიც წესით, ექვსქულიანი უნდა ყოფილიყო, პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან ვიცოდით, რა უნდა გამოგვესწორებინა და სად უნდა მოგვემატებინა, მაგრამ მეორე ნახევარში ამ დონეზე 14 ან ნაკლები მოთამაშით რთულია რამის გაკეთება.

ცხადია, კარგი გაკვეთილი მივიღეთ. რაკებში თამაშისას დისციპლინაზეა ყურადღება მეტად გასამახვილებელი, ორი ყვითელი სწორედ ამ კომპონენტში თამაშისას მივიღეთ და ამის გამო დავზარალდით.

ამ დონეზე თამაშისას ხსენებული უზუსტობების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ.

ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გარჯისათვის. მათ მთელი თამაშის განმავლობაში გულით ითამაშეს და მოედანზე, სრული შემადგენლობით თუ კაცნაკლულნი, ბოლომდე იბრძოდნენ." - თქვა მან.

ბოლო ინფორმაციით, მატჩისას დაშავებული "ბორჯღალოსანთა" მგეზავი ლაშა მალაღურაძე თავს კარგად გრძნობს და, შესაძლოა, მომდევნო მატჩშიც ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს თბილისში, ვაკის სტადიონზე იაპონიის ეროვნულ გუნდთან, 23 ნოემბერს გამართავს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ლიონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), სანდრო თოდუა (ლელო), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: მურაზ გიორგაძე (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#15: გიორგი აფციაური (აია), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირლანდია-საქართველო 49:7 - შოუ შედგა, შოუ უნდა გაგრძელდეს [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /


მაინც ყოჩარ ბიჭებო,ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდით...

ამაზე დიდი ანგარიშით მარცხდებოდა იტალია გრანდებთან,სანამ 6 ერის პირველობაზე დაუშვებდნენ და მერე...გამოცდილების თანდათან მოპოვებით ,დღეს საკმაოდ კონკურენციას უწევენ...
რაგბი,ეს ყველაზე ვაჟკაცური და კაცური სპორტი ეროვნულ სახეობათ უნდა იქცეს და ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობებით...
glaxuna
17:57 18-11-2014
0
ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა ანგარიში შინაარს არ გამოხატავს. ეს იყო ბრძოლა სადაც დავმარცხდით მაგრამ ღირსებით გამოვედით. მადლობთ.
masai
10:39 19-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული