ტონგა: საქართველოს იოლად ვერ გავივლით, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონი საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

სექტემბერში, ინგლისში მსოფლიოს თასის გათამაშება დაიწყება, სადაც "ბორჯღალოსნები" C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის ნაკრებებს ხვდებიან.

იმთავითვე ითქვა, რომ საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფში ორი თამაშის მოგებაა. საიდუმლო არ არის, რომ ეს ორი სამიზნე ტონგასა და ნამიბიის ნაკრებებია. თუმცა სრულიად სხვაგვარად ფიქრობს ჩვენი მეტოქე.

ტონგას ნაკრებს მიზნად ჯგუფური ეტაპის დაძლევა და მეოთხედფინალში გასვლა დაუსახავს.

ობიექტურად რომ შევხედოთ, კუნძულელებს ამაში ხელს კალენდარიც უწყობთ. პირველ ორ მატჩს ისინი ჩვენთან და ჯგუფის აუტსაიდერ ნამიბიასთან გამართავენ. ორივეში
გამარჯვების შემთხვევაში მესამე მატჩი არგენტინასთან გადამწყვეტი იქნება და მხოლოდ ბოლოს, მეოთხე ტურში უპირისპირდებიან ახალ ზელანდიას.

აი, რას წერს ცნობილი სარაგბო ვებგვერდი www.scrum.com-ი ყოველივე ამის თაობაზე:

"მას შემდეგ, რაც ტონგას ნაკრებმა სამხრეთაფრიკელი მწვრთნელის, ჯეკ ვაითის დახმარებით ნოემბრის ტესტებზე წარმატებით იასპარეზა, კუნძულელებს მადა მოემატათ. მათ 2015 წლის მსოფლიოს თასზე მეოთხედფინალში გასვლა სურთ.

რატომაც არა, 2011 წელს ტონგელებმა ჯგუფში მომავალი ფინალისტი, საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს - 19:14. ამჯერად კი C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

პირველი ორი მატჩი საქართველოსთან და ნამიბიასთან ძალიან მძიმე არ იქნება. მერე კი რიგში არგენტინაა, რომელთან მატჩიც ყველაფერს გადაწყვეტს.

"ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევა იქნება საჭირო. მეორე დონის ქვეყნები პროგრესირებენ და ძალიან კარგ გუნდებად ყალიბდებიან. მათ აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა, შესანიშნავი სპონსორები და ასე შემდეგ. ასე რომ, საქართველოს იოლად გასავლელ გუნდად ვერაფრით განვიხილავთ.

ამ გუნდის თითქმის ყველა მოთამაშე პროფესიულ დონეზე თამაშობს საფრანგეთსა და ინგლისში.

ამიტომ, უწინარესად, სწორედ ქართველებთან საბრძოლველად უნდა განვეწყოთ სერიოზულად.

ნამიბია, ცხადია, სულ სხვაა. არა მგონია, ამ გუნდმა რაიმე პრობლემა შეგვიქმნას. აი, მერე არგენტინასთან დიდი ბრძოლა გველის. ვფიქრობ, რომ პირველი ორი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და "პუმებთან" ბრძოლაში გადავწყვიტოთ, ვინ ითამაშებს მეოთხედფინალში", - თქვა ტონგას ნაკრების მენეჯერმა პიტერ ხარდინგმა.

ტონგას, ალბათ, არგენტინასთან მოგების ძალიან ცოტა შანსი აქვს, რადგან "პუმები" ბოლო წლებში საგრძნობლად პროგრესირებენ. თუმცა, ტონგელთა ხელში ტუზ-კოზირი შეიძლება გამოდგეს ჯეკ ვაითი, რომელიც ახლახან ფრანგული "მონპელიეს" თავკაცად დაინიშნა.

"ჩვენ ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ჯეკ ვაითი მაინც ძალიან მაღალი დონის დამრიგებელია. ის შესანიშნავი პედაგოგია და ძალიან იოლად შედის მორაგბეებთან კონტაქტში. ის ძალიან უბრალოა ურთიერთობაში და ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი ცოდნა ყველას გაუზიაროს". - დასძინა პიტერ ხარდინგმა.

ტონგას ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე ამჟამად ევროპულ გუნდებში ასპარეზობს.

"ჩვენ რამდენიმე ბრწყინვალე მორაგბე გვყავს. ესენია: შერკინების კვაჭი ალეკი ლუტუი, რომელიც გუნდში 2011 წელსაც იყო; შერკინების შემკვრელი (#8) ვილიამი მააფუ, რომელიც "ოქლენდ ბლუზში" თამაშობდა და ახლა საფრანგეთში ასპარეზობს. მათ გარდა, გვყავს ექვსი-რვა მსოფლიო დონის სხვა მორკინალიც.

არანაკლები სიძლიერის მოთამაშეები არიან ტონგას ნაკრების უკანა ხაზშიც. გარემარბი ფეტუუ ვაინიკოლო ინგლისურ "ექსეტერში" თამაშობს, დევიდ ჰალაიფონუა კი - "გლოსტერში". ეს ბიჭები უდიდესი მორაგბეები არიან. ისინი ნებისმიერი ნაკრების შემადგენლობას დაამშვენებდნენ. ამრიგად, მსოფლიოს თასის მომავალ გათამაშებას იმედიანად ვუყურებთ", - განაცხადა პიტერ ხარდინგმა.

ცხადია, ყოველივე ეს ტონგელთა მოსაზრებებია, რომლებსაც არგენტინელებთან ერთად, იმედი გვაქვს, არც ქართველი მორაგბეები დაეთანხმებიან. ნებისმიერ მეტოქეს სათანადოდ შეფასება სჭირდება. სხვა შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალია. ახლა, რაც უნდა ვთქვათ და ვივარაუდოთ, ყველაფერი ბოლოს მაინც მოედნზე გადაწყდება".

* * *
ცოტა რამ მსოფლიოს თასის სტატისტიკიდან:

ყველაზე მეტი მატჩი
1. ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) - 19 მატჩი, 2. ბრაიან ლიმა (სამოა) - 18, 4. ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია) - 17, 4. ფელიპე კონტეპომი (არგენტინა) - 17.

საუკეთესო მექულე
1. ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) - 277 ქულა, 2. გევინ ჰასტინგსი (შოტლანდია) - 227, 3. მაიკლ ლინაგი (ავსტრალია) - 195, 4. გრანტ ფოქსი (ახალი ზელანდია) - 170, 5. ენდრიუ მერთენსი (ახალი ზელანდია) - 163.

საუკეთესო მელელოვე
1. ჯონა ლომუ (ახალი ზელანდია) - 15 ლელო, 2. დაგ ჰაულიტი (ახალი ზელანდია) - 13, 3. ჯო როკოთოკო (ახალი ზელანდია) - 11, 4. ვენსან კლერი - 11, 5. რორი ანდერვუდი (ინგლისი) - 11.

მეტი გარდასახვა
1. გევინ ჰასტინგსი (შოტლანდია) - 39 გარდასახვა, 2. გრანტ ფოქსი (ახალი ზელანდია) - 37, 3. მაიკლ ლინაგი (ავსტრალია) - 36, 4. დენ კარტერი (ახალი ზელანდია) - 35, 5. ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) -
28.

მეტი საჯარიმო
1. . ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) - 58 საჯარიმო, 2. გევინ ჰასტინგსი (შოტლანდია) - 36, 3. გონსალო კესადა (აგენტინა) - 35, 4. მაიკლ ლინაგი (ავსტრალია) - 33, 5. ენდრიუ მერთენსი (ახალი ზელანდია) - 33

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი უკანა ხაზელებმა ცოტა მალე თუ გამოიტანეს შერკინებიდან ბურთი და გაათამაშეს დანარჩენში დიდ წუნს ჩვენ ნაკრებძე ვერაფერს იტყვი
misha
14:25 24-01-2015
0
ტონგა, პატივს გცემთ,მაგრამ უნდა მოგიგოთ
geronti
22:24 09-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული