"ბორჯღალოსნების" რიგებში რუმინეთთან მატჩის წინ 6 ცვლილებაა

AutoSharing Option
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

საქართველოს ნაკრები ბუქარესტშია. "ბორჯღალოსნები" 20 მარტს კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ და 21 მარტს რუმინეთის ეროვნულ გუნდს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურში დაუპირისპირდებიან.

ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რუსებთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა.

პირველ ხაზში წლეულს პირველად ითამაშებს შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია და კარგად იცნობს რუმინულ რაგბის.

მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს კონსტანტინე მიქაუტაძე. მაისურაძე თადარიგშიც არ არის. მეორე ხაზში მარქაფად ლევან დათუნაშვილია.

შეიცვალა მესამე ხაზიც. ბექა ბიწაძემ
სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. თადარიგშია კიდევ ერთი მესამეხაზელი ლაშა ლომიძე. ძირითადში კი ჰეიგმა გიორგი თხილაიშვილი დააყენა, რომელიც რუსებთან განაცხადში არ იყო. თხილაიშვილი ფლანკერი იქნება. შერკინებას კი მამუკა გორგოძე შეკრავს.

რუსებთან დაშავდა და ვერ ითამაშებს მგეზავი ლაშა ხმალაძე. მის პოზიციას ლაშა მალაღურაძე დაიკავებს. ჰეიგმა შეცვალა ორივე გარემარბი. გიორგი აფციაურისა და ალექსანდრე ხუციშვილის ნაცვლად, რუმინელებს ალექსანდრე თოდუა და თამაზ მჭედლიძე დაუპირისპირდებიან. აფციაური თადარიგშია.

"ვიცით, რომ მძიმე მატჩი გველის, რადგან რუმინეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი და აგრესიული მორკინალები ჰყავს, მაგრამ არც ჩვენი შერკინებაა სუსტი. ამიტომ ეს იქნება ძალისმიერი მატჩი, რომელშიც დაძაბულობა საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდება", - თქვა გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

აღსანიშნავია, რომ "სტეჟარისთან" "ბორჯღალოსნებს" უკვე დადებითი ბალანსი აქვს - 9 მოგება, 8 წაგება და 1 ფრე. აქედანაც კარგად ჩანს, რომ "მუხის ფოთლები" ჩვენთვის მძიმე მეტოქეა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათთან 2010 წლის შემდეგ აღარ წაგვიგია. ბოლოს ბუქარესტში 2013 წელს ვითამაშეთ და მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა.

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩი 21 მარტს ბუქარესტში, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

სტატისტიკა
18.11.1998 რუმინეთი - საქართველო 27:23
02.04.2000 საქართველო-რუმინეთი 20:23
07.04.2001 რუმინეთი-საქართველო 20:31
06.04.2002 საქართველო-რუმინეთი 23:31
30.03.2003 საქართველო-რუმინეთი 6:19
27.03.2004 რუმინეთი-საქართველო 25:18
12.03.2005 საქართველო-რუმინეთი 20:13
25.02.2006 რუმინეთი-საქართველო 10:35
07.10.2006 რუმინეთი-საქართველო 8:20
03.02.2007 რუმინეთი-საქართველო 20:17
09.02.2008 საქართველო-რუმინეთი 22:7
14.03.2009 საქართველო-რუმინეთი 28:23
13.03.2010 რუმინეთი-საქართველო 22:10
12.03.2011 საქართველო-რუმინეთი 18:11
28.09.201 საქართველო-რუმინეთი 25:9
10.03.2012 რუმინეთი-საქართველო 13:19
16.03.2013 რუმინეთი-საქართველო 9:9
15.03.2014 საქართველო-რუმინეთი 22:9

საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური, 23. ბექა ბიწაძე.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +107 1 17
2. რუმინეთი 4 3 0 1 +50 3 15
3. ესპანეთი 4 2 0 2 0 1 9
4. რუსეთი 4 2 0 2 -29 1 9
5. პორტუგალია 4 1 0 3 -35 1 5
6. გერმანია 4 0 0 4 -93 1 1

V ტური
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაღლა და მაღლა!თქვენს უკან საქართველოა!!!
დავით ცხამელი
08:27 21-03-2015
0
მსაჯობის მეშინია..
იტალიას ვასწრებთ და.. :D
0

სიახლეები პოპულარული