მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისში სარაგბო სამყაროს უდიდესი სანახაობის დაწყებამდე 81 დღე რჩება. "ბორჯღალოსნების" რაზმი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ უკანასკნელ ეტაპზე შეიკრიბა. საბოლოო შეკრების პირველი ეტაპი სამკვირიანია, რომელიც "შევარდენზე" გაიმართება.

"თბილისის თასი 2015"-ის გათამაშების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ტურნირში მონაწილე ბიჭებს დასვენების შესაძლებლობა მიეცათ. გასული კვირის განმავლობაში, სამწვრთნელო შტაბმა თბილისის თასის შედეგების შესასწავლად და მოთამაშეთა შესაფასებლად ანალიზი ჩაატარა, ვინაიდან ისინი ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მორაგბეთა საბოლოო სელექციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად განიხილავდნენ.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"თბილისის თასი მსოფლიოსთვის მოსამზადებელი რაზმის დარჩენილი 10%-ის
შესავსებად გამოვიყენეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წლევანდელი ტურნირი და მიზანიც მიღწეულია - ავარჩიეთ საბოლოო საშეკრებო რაზმი და შევისწავლეთ ის მოთამაშეები, რომლებიც ტრავმების შემთხვევაში ძირითად მოთამაშეებს შეენაცვლებიან. 2015 წლის თბილისის თასმა ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა.

გასული ტურნირით მართლაც კმაყოფილები ვარ - რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ ნამდვილად კარგად წარმოაჩინა თავი, რაც აშკარად ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ქართული რაგბის სიძლიერე ჩვენს მომავალშია.

გამოვარჩევდი საბა შუბითიძეს, რომელიც ნამდვილად კარგი მოთამაშეა და თბილისის თასზე კარგი თამაშით საშეკრებო რაზმში თავისი ადგილი დაიმსახურა".

პირველ სამ კვირას სახლში გავატარებთ
მზადების პირველ ეტაპზე "ბორჯღალოსნები" სამკვირიან ფიზმომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას გაივლიან. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ამ ვარჯიშებით ბიჭები იმ დონეს მიაღწევენ, რომელზეც ჯერ არ ყოფილან. ამაში მათ ისეთი გამოცდილი პროფესიონალები დაეხმარებიან, როგორებიც ქელვინ მორისი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიტნესის მწვრთნელი), სკოტ კრინი და ირაკლი ჭყონია არიან.

მილტონ ჰეიგი:
"მოსამზადებელი პერიოდის პირველი ნაწილი, ძირითადად, ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, თუმცა, რა თქმა უნდა, რაგბსაც დაეთმობა გარკვეული დრო.

ფიტნესმწვრთნელთა გუნდი, ქელვინ მორისის თაოსნობით, ბიჭებს აქამდე არნახულ დონეზე მოამზადებს. ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ისეთ პროფესიონალთან მუშაობა, როგორიც ქელვინია - მას სამი მსოფლიო თასი აქვს გამოვლილი, ორჯერ ინგლისის ნაკრებს ამზადებდა, 2003-შიც, როდესაც ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

კმაყოფილები ვართ იმით, რომ მენეჯმენტში ასეთი გამოცდილი ადამიანი გვყავს. ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაუძღვება მზადებას.

პირველი სამი კვირის შემდეგ ისევ ერთკვირიანი შესვენება გვექნება. ყველას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს დრო გაატაროს ოჯახთან ერთად და სათანადოდ დაისვენოს, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.

თუმცა მათ მოეთხოვებათ მსუბუქად დაიტვირთონ - იცურაონ, იარონ ფეხით ან ველოსიპედით. გვინდა, რომ ბიჭებმა დახარჯული ძალები ბოლომდე აღიდგინონ".

კრიოთერაპია პოლონეთში
მზადების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ბიჭები მომზადების შემდეგ, სამკვირიან ეტაპზე გადავლენ. პირველ 9 დღეს თბილისში გაატარებენ, ხოლო შემდეგ 19 დღით პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც სამწვრთნელო შტაბი ფიტნესმზადების კურსს განაგრძობს.

სპეციალური კრიო-კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა. ეს ეტაპი ასევე ფიზმომზადებას დაეთმობა. რაც შეეხება სარაგბო კუთხით ვარჯიშს, ის მხოლოდ ინგლისში შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ დაიწყება, როდესაც ნაკრები საბოლოო მოსამზადებელ ეტაპზე გადავა.

მილტონ ჰეიგი:
"ამგვარ გამოცდილებას ჩვენ პირველად ვიძენთ. ფიზმომზადების ბევრმა სპეციალისტმა გვირჩია ამ კურსის განხორციელება. კრიო-კაბინის შემდეგ მოთამაშის პოტენციალი 110%-ით იზრდება. ამის გარეშე ინტენსივობა იკლებს, კრიო-თერაპიის დახმარებით კი დღითიდღე იმატებს პოტენციალი.

ამ კურსის გავლის შემდეგ კვლავ საქართველოში ვბრუნდებით და მორიგი ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, 24 აგვისტოს, ინგლისში გავემგზავრებით, სადაც მსოფლიო თასისთვის საბოლოო მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებთ".

* * *
მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე შემდგარია, რაშიც "თბილისის თასმა" დიდი როლი ითამაშა.

მილტონ ჰეიგის განცხადებით, მსოფლიო თასის ისტორიაში საქართველოს ყველაზე მომზადებული ნაკრები ლონდონში ეყოლება. თუ აქამდე მსოფლიოსთვის მოთამაშეების მოძიება ჭირდა, წელს თითო პოზიციაზე რამდენიმე მორაგბე ეცილება ერთმანეთს.

მილტონ ჰეიგი:
"ჩვენ გვყავს გამოცდილი უკანახაზელების ბირთვი - დავით კაჭარავა და მერაბ კვირიკაშვილი (ეს მისი მე-4 მსოფლიო თასი იქნება). გვყავს ასევე ლაშა ხმალაძე, რომელსაც 40-მდე სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და სანდრო თოდუა, 48 კეპით.

გვყავს საშუალო გამოცდილების მქონე მოთამაშეებიც 20-მდე კეპით და ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ბიჭები, რომლებსაც ნაკრების შემადგენლობაში ჯერჯერობით 5 მატჩი თუ ექნებათ ჩატარებული.

გუნდში გვეყოლება ვასილ ლობჟანიძეც, რომელიც ოქტომბერში გახდება 19 წლის და მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე იქნება. ასეთ ახალბედა მოთამაშეებს გუნდში დიდი ენთუზიაზმი და ენერგია შემოაქვთ.

რაგბის სამყარო საქართველოს ნაკრებს აღიქვამს, როგორც შერკინებაზე ორიენტირებულ გუნდს, რაც ტრადიციიდან და სტერეოტიპიდან გამომდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ტრადიციები უგულებელსაყოფია.

ბოლო წლების განმავლობაში თუ დააკვირდებოდით ჩვენი ნაკრების თამაშს, შენიშნავდით, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა უკანა ხაზის თამაშში.

მართალი გითხრათ, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, გუნდში სწორედ ეს ფაქტორი იყო გამოსასწორებელი იმ მიზნით, რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან უფრო ტოლ-სწორად გვეთამაშა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს იყო ჩვენი გეგმა. პროცესი დღემდე მიმდინარეობს და გაგრძელდება, რადგან მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი.

ამჯერად გვყავს ბევრი კარგი უკანახაზელი, თუმცა ის, რაც კარგი გვაქვს, კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია. თუ დააკვირდებით, ჩვენი ლელოების 50% უკანა ხაზიდან, ხოლო 50% კი შერკინებიდან გროვდება. სწორედ ეს არის წინსვლის კარგი მაჩვენებელი.

"ჩვენი შერკინება სასელექციო რაზმის უფრო მეტად გამოცდილ ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც სამივე ხაზში გამობრძმედილი მოთამაშეები გვყავს. ჩვენნაირი ფორვარდების ყოლა ნამდვილად უდიდეს ძალას წარმოადგენს, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეგვეძლება შერკინებაზე ორიენტირებული რაგბის თამაში ან უკანა ხაზის მაღალი ტემპით ბურთაობა.

ეს სწორედ ის არის, რის მიღწევასაც ვცდილობდით. თუმცა მიზანთან ჯერ მაინც არ ვართ და იქამდე ბევრი გვაქვს საკეთებელი".

* * *
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "თბილისის თასის" მესამე ტურში მიღებული მუხლის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის ლევან დათუნაშვილი და მისი მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი.

გარდა გამოცდილ მორკინალთა ბირთვისა, რომლებსაც ლამისაა მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ, შეკრებაზე კიდევ რამდენიმე ახალბედას უხმეს, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებებში კარგი თამაშით ეროვნულის სამწვრთნელო შტაბის თვალთახედვის არეში მოხვდნენ.

ამ მოთამაშეებმა თბილისის თასზე ეროვნულ გუნდში თამაშის გამოწვევას კარგად გაართვეს თავი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბექა გორგაძის, ოთარ გიორგაძისა და საბა შუბითიძის თამაში.

"საშეკრებო რაზმში ვგეგმავთ ასევე რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდის დამატებას, რათა მათ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე შეექმნათ წარმოდგენა და ეს გამოცდილება დააგროვონ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი გამოყენება ამ კამპანიისას არ დაგვჭირდება, ეჭვგარეშეა, რომ ეს გამოცდილება მათვის ფასდაუდებელი იქნება 2019 წლის მსოფლიო თასისთვის", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

"ბორჯღალოსნების" რაზმი 2015 წლის მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე:

Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
თედო ზიბზიბაძე რატომ არ არის გამოძახებული? ტრავმა ხომ არ აქვს? მისი გამოცდილება და კლასი ნაკრებს წაადგებოდა.
0
2003 წლის ინგლისის ნაკრები ფიზიკურად იყო საუკეთესო ჩემი აზრით.კარგია რომ კელვინ მორისი ყავთ ფიზმომზადებაში.მჯერა რომ გუნდს უმაღლეს დონეზე მოამზადებს.წარმატებები ჩვენს ლომგულ ,,ბორჯღალოსნებს"
პაატა ქამუშაძე
22:32 29-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული