მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძის მეოთხე მსოფლიო თასი

AutoSharing Option
ფოტოზე: მერაბ კვირიკაშვილი
მერაბ კვირიკაშვილი
და გიორგი ჩხაიძე 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადების საშეკრებო რაზმში დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ინგლისში გასამართი მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმი მათთვის მეოთხე იქნება.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეკრებილ 41 მორაგბეს შორის ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი და მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე ყველაზე გამოცდილ მოთამაშეებად მიიჩნევიან. მათ ანგარიშზე ჯამში 167 სანაკრებო კეპია.

"მეკოს" პირად ანგარიშზე კი ეროვნულ ნაკრებში მოპოვებული 644 ქულაა, რაც ქართულ სინამდვილეში სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მილტონ ჰეიგის მიერ მიწვეული მორაგბეებიდან 15 ისეთია, ვისაც 30-ზე მეტი კეპი მოუხვეჭავს. მთავარი
მწვრთნელი არც ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი მოთამაშეების დამატებას მორიდებია.

მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ალაფის ტრიუმფატორთაგან ოთხი შეკრებილ რაზმშია, რომლებმაც პორტუგალიაში გამართული სანახაობის შემდეგ ნამდვილად დაიმსახურეს ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ადგილი. საბა შუბითიძემ კი საშეკრებო რაზმში ადგილი "თბილისის თასზე" კარგი ასპარეზობით მოიპოვა.

18 წლის ცხრა ნომერ ვასილ ლობჟანიძეს შანსი ეძლევა, მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევიდეს. 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში მეორეხაზელი ოთარ გიორგაძე და მესამეხაზელი ბექა გორგაძე არიან, აქვეა ახალგაზრდა ფულბეკი ირაკლი სვანიძეც.

"ბორჯღალოსნების" ამ რაზმიდან 23 საფრანგეთში ასპარეზობს. ამათგან 11 შერკინების ის მოთამაშეა, რომლებიც ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდების ღირსებას იცავენ.

შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი ინგლისის "სეილ შარკსში" ასპარეზობდა, შუამარბი დავით კაჭარავა კი კრასნოიარსკის "ენისეის" მოთამაშეა.

ნაკრების დანარჩენი წევრები კი ქართულ კლუბებში განაგრძობენ კარიერას.

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული