”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა მალაღურაძე, ვიქტორ კოლელიშვილი და დავით კაჭარავა
საქართველოს ნაკრები დღეს ბრისტოლს დატოვებს და გლოსტერთან ახლოს, დაბა ჩეთელჰემში დაბანაკდება. 18 სექტემბერს ჩვენი გუნდი ინგლისის უძველეს სტადიონზე, "კინგსჰოლმზე" კაპიტნის ვარჯიშს გამართავს. შაბათს კი, თბილისის დროით 15 საათზე, ტონგას ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ტონგასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისევ ბრისტოლში დაბრუნდება. ამ ქალაქში მსოფლიოს თასის არც ერთი შეხვედრა არ ტარდება და, ალბათ, ამიტომაცაა მოსახლეობა ცოტა ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იჩენს. თუ ოფიციალურ მიღებას არ ჩავთვლით, ბრისტოლში ჩვენს გუნდს ნაკლებად თუ ვინმე აქცევს ყურადღებას.

ოთხი
წლის წინათ კი ახალ ზელანდიაში ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყო.

ცოტა რამ ბრისტოლის შესახებ
ისევე როგორც სხვა ინგლისური ქალაქები, ბრისტოლიც მუდამ ღრუბლიანი და წვიმიანია. ის ინგლისის სამხრეთ დასავლეთში მდებარეობს და მოსახლეობა 437 500 სულს შეადგენს. ეს ქალაქი დაახლოებით მე-11 საუკუნის დასაწყისში დაარსდა მდინარეების ეივონისა და ფრომის შესართავთან. მის არქიტექტურაში დღესაც იგრძნობა რომაელთა გავლენა. იმდროინდელი ნაგებობები ამჟამადაც ამაყად დგანან და ბრისტოლის მთავარ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. შუასაუკუნეებში ბრისტოლის განვითარება საზღვაო საქმესთან და, შესაბამისად, ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული.

დღესდღეობით, ბრისტოლმა პროფილი შეიცვალა. მისი ეკონომიკა დამოკიდებულია მედიის, ელექტრონული და აეროკოსმოსური წარმოების განვითარებაზე. საგულისხმოა, რომ ქალაქში ორი უნივერსიტეტი და რამდენიმე სხვადასხვა ტიპის კულტურული და სპორტული დაწესებულებაა. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს სწორედ, ბრისტოლის სპორტის აკადემიის ბაზებს, სწორედ საქართველოს ნაკრები იყენებს.

თვალშისაცემია ქალაქში ველოსიპედებით მოძრავი ადამიანების სიმრავლე. ამ ტრანსპორტის გამოყენების მხრივ ბრისტოლი ინგლისის რეკორდსმენია. მას ამ ქვეყანაში "ქალაქი ველოსიპედზე" ეძახიან.

ბრისტოლელები "ბორჯღალოსნებს" ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და ახალზელანდიელებივით გულღიად არ ხვდებიან. ცხადია, ამაში კარგი არაფერია. თუმცა, ჩვენს მორაგბეებს ყურადღებას არ აკლებენ მედიასაშუალებები. მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალურ ვებ გვერდზე ენდრიუ ჰენრის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ჩვენი გუნდის ყველაზე უმცროს მორაგბეს, ვასილ ლობჟანიძეს ეხება.

გთავაზობთ ამონაირდს ამ პუბლიკაციიდან.

"ჭაბუკი ქართველი ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე შესაძლოა წლევანდელ ტურნირზე მსოფლიო თასის "ისტორიის წიგნში" მოხვდეს. როგორც "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული დოზით იგი ნამდვილად ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შევა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ რაღაც 18 წლისაა, გადაწყვეტილებებს 25-26 წლის მოთამაშესავით იღებს" - თქვა მილტონ ჰეიგმა.

"წნეხის ქვეშ არაერთხელ სწრაფად მიუღია სწორი გადაწყვეტილება. ჯგუფურ ეტაპზე იგი ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ ახლა ვერ დაგიდასტურებთ პირველ მატჩში ტონგას თუ ბოლო მატჩში ნამიბიას წინააღმდეგ, რადგან ახლაც სელექციის პროცესში ვართ. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, იგი ნამდვილად ითამაშებს. ეს ეჭვგარეშეა."

ახდენილი ოცნება
"მსოფლიოს თასს, რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე წლის წინათ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე ეროვნულ ნაკრებში თუ მოვხვდებოდი. ოცნება ამიხდა და ეს ენით აუღწერელი გრძნობაა", - გვითხრა ვასილ ლობჟანიძემ.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვასილ ლობჟანიძე
რაგბის ანა ბანა
თბილისის "არმაზის" 18 წლის ცხრა ნომერმა თამაში 11 წლის ასაკში ამავე კლუბში დაიწყო. მისი მწვრთნელი "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელია, რომელმაც სანაკრებო კარიერა შარშან დაასრულა და ახლა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრია.

ვასილ ლობჟანიძემ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და 20-წლამდელების რიგებში "მსოფლიო რაგბის" 2015 წლის ალაფის გამარჯვებული გახდა. ეროვნული ნაკრების რიგებში მისი დებიუტი წლეულს, გერმანიის წინააღმდეგ შედგა და "ბორჯღალოსანთა" კვართით რუმინეთში მუხების დამარცხებით მის სარაგბო კარიერაში პირველად "რაგბი ევროპის" ჩემპიონის ტიტულსა და "ანთიმოზ ივერიელის" თასს დაეუფლა.

საუკეთესოთაგან სწავლობს
"ბორჯღალოსნები" საერთო სანაკრებო კეპების ოდენობით მეექვსე ადგილზე არიან იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობენ. შესაბამისად, ლობჟანიძეს უდიდესი გამოცდილების მქონე თანაგუნდელებთან ერთად მოუწევს თამაში.

"ვინმე კონკრეტულისგან კი არა, არამედ ყველასგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვინაიდან გუნდის ყველა მოთამაშეს ჩემთან შედარებით ვეებერთელა გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა".

როდესაც ვკითხეთ, რა იყო მისი განსაკუთრებული თვისება, რითაც გუნდში გამოირჩევა, ლობჟანიძემ არაფერი თქვა და ლოყები მორიდებისგან გაუვარდისფრდა კიდეც, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ქართველი მორაგბეების თავმდაბალ ხასიათს, რომლებსაც ერიდებათ საკუთარ ნიჭზე და კარგ სარაგბო უნარებზე ლაპარაკი.

თუმცა, კითხვას თავი რომ აარიდა, მერე დააყოლა, რომ თავს განსაკუთრებულად კომფორტულად შეტევაში გრძნობს, ისევე, როგროც ყველა ცხრა ნომერი.

კაპიტანი გორგოძე
ცხადია, მედიისგან უყურადღებობას არც საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე უჩივის. ახლახან რამდენიმე გამოცემამ მომავალი მსოფლოს თასის სავარაუდოდ გამორჩეული მოთამაშეები დაახასიათა.

სარაგბო ვებ გვერდმა Planetrugby-მ მსოფლიოს თასის ათ ყველაზე საინტერესო მორაგბეს შორის დაასახელა. აი, როგორ ახასიათებს ეს გამოცემა მას.

"ქართველმა გოლიათმა საფრანგეთსა და ევროპაში ყველაზე უკომპრომისო მორაგბის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ის საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა. გორგოძე გუნდის კაპიტანი იქნება და ინგლისურ მინდვრებზე ბრძოლაში წინ წარუძღვება. ძალიან ბევრი ქვეყანა მოინდომებდა გორგოძეს მათ გუნდში ეთამაშა".

ამ ინგლისურენოვან გამოცემას არც ყოვედღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" ჩამორჩა. ფრანგებმა ჯგუფების მიხედვით ყველა გუნდიდან თითო გამორჩეული მოთამაშის სია გამოაქვეყნეს. საქართველოს ნაკრებიდან ამ სიაში მამუკა გორგოძე მოხვდა. თუმცა, ფრანგებს არც ჩვენი ძლიერი პირველხაზელები დავიწყებიათ.

"საქართველოს ნაკრებს მისი მძლავრი შერკინების იმედი უნდა ჰქონდეს. მისი ბურჯები, მიხეილ ნარიაშვილი, დავით ზირაქაშვილი და დავით ქუბრიაშვილი ევროპის მოწინავე კლუბებში თამაშობენ. ფლანკერ მამუკა გორგოძეს კი დინამიკაში საგრძნობი უპირატესობის მოპოვება შეუძლია თავისი გუნდისთვის."

გახსნის მატჩი
მსოფლიოს თასის გათამაშება ხვალ, 18 სექტემბერს, ინგლისისა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. გუნდებმა უკვე დაასახელეს საბრძოლო რაზმები.

ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ფავორიტები არიან, ძალიან საინტერესო, დაძაბული შეხვედრის მომსწრენი ვიქნებით.

ინგლისი-ფიჯი
ინგლისი: 15. მაიკ ბრაუნი, 14. ენტონი ვოტსონი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12, ბრედ ბარიტი, 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგზი. 1. ჯო მარლერი, 2. ტომ იანგზი, 3. დენ კოლი, 4. ჯეფ პერლინგი, 5. კორტნი ლოუ, 6. ტომ ვუდი, 7. კრის რობშო, 8. ბენ მორგანი.
16. რობ ვებერი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კირან ბრუკსი, 19. ჯო ლანჩბერი, 20. ბილი ვუნიპოლა, 21. რიჩარდ ვაიგლსვორსი, 22. ოუენ ფარელი, 23. სემ ბარჯესი.
ფიჯი: 15. მეტისელა ტალებულა, 14. ვაისეა ნაიასალეუ, 13. ვერენიკი გონევა, 12. გაბრიელე ლოვობალავუ, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. კამპესე მააფუ, 2, სუნია კოტო, 3. მანასა საულო, 4. აპისალომე რატუნიიარავა, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაქანიბუროტუ, 7. აკაპუსი კერა, 8. საკიუსა მატადიგო.
16. ტუაპატი ტალემაიტოგა, 17. პენი რავაი, 18. ისეი კოლატი, 19. ტევიტა კავუბატი, 20. პესელი იატო, 21. ნემია კენატალე, 22. ჯოშუა მატავესი, 23. ასელი ტიკოირუტუმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული