ტონგამ მოიგო და გადაგვასწრო [ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსის დედაქალაქის, კარდიფის მახლობლად, ნიუპორტშია დაბანაკებული და ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

29 სექტემბერს "ბორჯღალოსნები" ისვენებდნენ, დღეს კი კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ. "ოლ ბლექსთან" მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 1-ელ ოქტომბერს "მილენიუმზე" უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს.

დღესვე, 20 საათისთვის გახდება ცნობილი ჩვენი ნაკრების შემადგენლობა. სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს. თამაში ყველას შეუძლია, თუმცა ვინ დაუპირისპირდება "ოლ ბლექსს", ამას
მილტონ ჰეიგი
გადაწყვეტს.

ამასობაში კი, ჩვენმა მეტოქე ნამიბიის ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა მიმდინარე მსოფლიოს თასზე და ტონგას ნაკრებთან 21:35 დამარცხდა. კუნძულელებმა პრემიალური ქულის მოპოვება შეძლეს და ახლა 6 ქულით მეორე ადგილზე არიან.

ტონგელებს ჯერ კიდევ წინ აქვთ ორი მატჩი ჯგუფის ფავორიტებთან, ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებებთან. საკმარისია, მათ ერთ-ერთი მაინც დაამარცხონ, რომ ჩვენთვის მიუწვდომელნი გახდებიან.

უკეთეს შემთხვევაში, ტონგამ ორივე თამაში უნდა წააგოს და აქედან ერთში მაინც ვერ უნდა აიღოს პრემიალური ქულა. თუ ასე მოხდა, "ბორჯღალოსნებს" ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად ბოლო მატჩში პრემიალურის გარეშე გამარჯვებაც ხელს აძლევს.

იქამდე კი საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"ახალი ზელანდიის ნაკრებთან სათამაშოდ მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. კარგია, რომ ტრავმები არ გვაქვს და ყველა მწყობრშია.

ცხადია, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა, თუმცა საბრძოლო გუნდის შემადგენლობა ჯერ არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, ყველა მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან ასპარეზობა მოუწევს.

ვფიქრობ, კარგი სანახავი მატჩი იქნება. ახალ ზელანდიას ბურთი თუ დაუთმე, კარგს ვერაფერს მიიღებ. ამიტომ ვეცდებით, ხელდახელ ბურთაობით შევუტიოთ".

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ზელანდიის ნაკრები არის 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. აი, ასეთ გუნდთან გვიწევს თამაში.

აბა, ჩვენი ნაკრების შანსზე რა უნდა ვთქვა. გავალთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, მატჩი ისეთი შედეგით არ დამთავრდება, რომ გული დაგვწყდეს."

მსოფლიოს თასი 2015. C ჯგუფი
ტონგა-ნამიბია 35:21
ტონგა: 5ლ - ვეაინუ (2), რამი (2), ფოსიტა. 3გ,2ს: მორათი.
ნამიბია: ტრომპი, ბურხერი (2). 3გ: ტ. კუცია

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ტონგა - 6 ქულა, 3. არგენტინა - 5, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.

1 ოქტომბერი. III ტური
A ჯგუფი
უელსი-ფიჯი
უელსი: 15. მეთიუ მორგანი, 14. ალექს კატბერტი, 13. ტაილერ მორგანი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი. 1. გეთინი ჯენკინსი, 2. სკოტ ბოლდვინი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალან ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.
16. კენ ოუენსი, 17. აარონ ჯარვისი, 18. სამსონ ლი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. ლოიდ ვილიამსი, 22. რის პრესტლენდი, 23. ჯეიმზ ჰუკი.
ფიჯი: 15. მეტუისელა ტალებულა, 14. ტიმოსი ნაგუსა, 13. ვერენეკი გონევა, 12. ლეპანი ბოიტა, 11. ასელი ტიკოიროტუმა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნემია კენატალე. 1. კემპეს მააფუ, 2. სუნია კოტო, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. აკაპუსი კერა, 8. ნეტანი ტალეი.
16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავია, 18. ლიროი ატალიფო, 19. ნემია სოკეტა, 20. მალაკაი რავულო, 21. ჰენრი სენილოლი, 22. ჯოშუა მატავესი, 23. კინი მურიმურივალუ.

D ჯგუფი
საფრანგეთი-კანადა
საფრანგეთი: 15. სკოტ სპედინგი, 14. რემი გროსო, 13. მატიო ბასტარო, 12. ვესლი ფოფანა, 11. ბრაის დულინი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. სებასტიან ტილუს ბორდი. 1. ედი ბენ არუსი, 2. ჟილემ ჟირადო, 3. რაბან სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ბერნარ ლე რუ, 8. დამიენ შული.
16. ბენჟამინ კაიზერი, 17. ვინსენ დებატი, 18. ნიკოლას მასი. 19. იანიკ ნიანგა, 20. ფულჟანს უოდრაოგო, 21. მორგან პარა, 22. რემი ტალესი, 23. ალექსანდრ დუმულინი.
კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ფილ მაკკენზი, 13. კირან ჰირნი, 12. ნიკ ბლევინსი, 11. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 10. ნათან ჰირაიამა, 9. ფილ მაკი. 1. ჰუბერ ბაიდენსი, 2. აარონ კარპენტერი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ბრეტ ბუკებუმი, 5. ჯიმი კუდმორი, 6. კილი გილმორი, 7. რიჩარდ თორპი, 8. ტაილერ არდრონი.
16. რეი ბარკლი, 17. ჯასტის დარუ, 18. ენდრიუ ტიდემანი, 19. ევან ოლმსტიდი, 20. ნანიაკ დალა, 21. გორდონ მაკრორი, 22. ჰარი ჯოუნზი, 23. კონორ ტრეინორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვახოს საყურადღებოდ. თუკი თეორიულ შანსებზე ვლაპარაკობთ, ეგრე ჩვენც შეგვიძლია დღეს 2 ბუნუს ქულა ავიღოთ, მერე ნამიბიას პრემიალურით მოვუგოთ და ტონგამ ეგ 4 ბონუს ქულაც რომ აიღოს, მაინც გადავასწროთ.
ზურიკელა
09:43 02-10-2015
0
1 ოქტომბერი III ტური
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული