spn.co.uk: ვასილ ლობჟანიძისა და "ბორჯღალოსნების" დიდი მიზნები

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის მიმდინარე გათამაშებაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა, "ბორჯღალოსანთა" რიგებიდან მედიისა და ზოგადად ქომაგების ყურადღება ბევრმა მორაგბემ დაიმსახურა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო, ჩვენი გუნდის უმრწმესი მოთამაშის ვასილ ლობჟანიძის მიმართ გამოხატული ინტერესია.

www.espn.co.uk-მ მას სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

ლობჟანიძე თბილისის "არმაზის" აღზრდილია და მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა. იმ დღეს, როცა
საქართველოს ნაკრებმა ტონგას წინააღმდეგ ითამაშა, ლობჟანიძე 18 წლისა და 340 დღის იყო. ახალგაზრდა მორაგბემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მიღწეულ წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

"ბორჯღალოსნებს" თბილისის აეროპორტში ქომაგებმა ტრიუმფალური დახვედრა მოუწყვეს. ლობჟანიძისთვის, რომელიც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის დროს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურმა ბატალიებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

"ჩემი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გავმხდარიყავი. ჩვენ ორი თამაშის მოგება გვინდოდა და ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ამ მიზანს მივაღწიეთ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუნდაც სამი თვის წინათ, რომ მსოფლიოს თასზე ვითამაშებდი", - თქვა ნამიბიასთან ნამატჩევს ვასილ ლობჟანიძემ.

მსოფლიოს თასისთვის მზადების პერიოდში ნიუკასლში, იაპონიასთან მატჩში მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მას ენდო და ტონგასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი.

ლობჟანიძემ მწვრთნელის ნდობა გაამართლა და შესანიშნავად ითამაშა. ტონგასთან გამარჯვებამ ქართველების ამბიცია რეალობად აქცია.

მეორე მატჩში არგენტინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ჰეიგმა "ოლ ბლექსთან" თამაშისას ის სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. ახალზელანდიელმა მწვრთნელმა თანამემამულეების წინააღმდეგ ვასილი მხოლოდ 36 წუთი ათამაშა, თუმცა ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ყმაწვილ მორაგბეს უდიდესი გამოცდილება მიეღო.

"ახალი ზელანდის ნაკრებთან მატჩამდე ცხრა ნომრის პოზიციაზე კერპი არ მყოლია. თუმცა, ახლა უკვე ვიცი, რომ "ოლ ბლექსის" ცხრა ნომერი საუკეთესოა მსოფლიოში ამ პოზიციაზე. მის დონემდე რომ მივიდე, ალბათ. მთელი ცხოვრება უნდა ვივარჯიშო.

ჩემი მიზანია, მაღალ დონეზე ვითამაშო. ვფიქრობ, თუ რაღაც მიზანს მიაღწიე, არ უნდა გაჩერდე, კიდევ მეტი მონდომებით უნდა ივარჯიშო და მაქსიმუმი გააკეთო, რომ საუკეთესო მორაგბე გახდე", - დასძინა მან.

ინგლისი, ირლანდია, უელსი და საფრანგეთი - ეს ის ქვეყნებია, რომელთა კლუბებიც მას სავარაუდოდ მიიწვევნ. ლობჟანიძეს კი ყველაზე მიმზიდეველად მაინც რომელიმე ფრანგულ კლუბში თამაში მიაჩნია.

"ეს საოცარი სარაგბო ქვეყნებია. თითოეული მათგანის ჩემპიონატი უმაღლესი დონისაა. უფრო საფრანგეთში თამაშს ვარჩევდი, რადგან ჩვენი გუნდის მორაგბეთა უმრავლესობა სწორედ იქ ასპარეზობს. ეს ჩემთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, მზად ვარ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის კლუბის შემოთავაზება განვიხილო".

ვასილ ლობჟანიძეს მიაჩნია, რომ ქართული რაგბის პოტენციალი ბოლომდე ამოწურული არ არის და საქართველოს ნაკრებისთვის აუცილებელია მაღალი დონის გუნდებთან რაც შეიძლება, მეტი თამაში. სწორედ ამ გზით შეძლებს გუნდი განვითარებას.

"პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის განსხვავება მცირდება. იაპონიამ, კანადამ, რუმინეთმა და საქართველომ დაამტკიცეს, რომ რაგბის თამაში მაღალ დონეზე შეუძლიათ. თუ ჩვენ საშუალება გვექნება, უფრო ხშირად ვეთამაშოთ პირველი დონის ქვეყნებს, ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული