The Economist: საქართველო იმსახურებს ელიტაში თამაშის შანსს, მაგრამ...

AutoSharing Option
The Economist-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შანსს ექვსი ერის პირველობაზე მოხვედრაში, სათაურით: "წესით, საქართველომ უნდა მიიღოს ელიტაში თამაშის შანსი, მაგრამ, ალბათ, ამ შანსს ვერ მიიღებს".

"ევროპულ რაგბის ბოლო ორ კვირაში საამაყო ბევრი ჰქონდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები ტესტების გასამართავად სამხრეთს ეწვივნენ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წარუმატებლობა (არც ერთი ევროპული გუნდი არ გასულა ნახევარფინალში) დაევიწყებინათ.

მართლაც, ინგლისმა ბოლოს და ბოლოს, მოიგო სერია ავსტრალიაში, ირლანდიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა სამხრეთ აფრიკაში მასპინძელთა დამარცხება, საფრანგეთმა ორიდან ერთი შეხვედრა მოუგო არგენტინას. მხოლოდ უელსმა
დათმო ყველა შეხვედრა მასპინძელ ზელანდიასთან და ამ გუნდთან 1953 წლის მერე კვლავ მოუგებელია.

კიდევ ერთი ევროპული გუნდი ეწვია სამხრეთს - საქართველოს იშვიათად იწვევევენ სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგრამ მსოფლიოს თასზე ამ გუნდმა 4-დან 2 შეხვედრა მოიგო.

ქართველებმა ვერ შეძლეს ოკეანეთში უძლიერესი გუნდის წაყვანა. მაგალითად, ვერ წავიდა გუნდის კაპიტანი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთში კლუბში თამაშობდა.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მოუგო ტონგასა და ფიჯის და ფრედ ეთამაშა სამოას.

ოკეანეთში ძლიერი თამაში საქართველოს რაგბის კავშირს მეტ წონას მატებს, როცა ეს ორგანიზაცია ექვსი ერის შანსს ითხოვს. დღეისათვის ექვსი ერი დახურული მაღაზიაა - ინგლისი, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია თამაშობენ. მაგრამ იტალიელები, რომლებიც ამ საუკუნეში დაემატნენ ტურნირს, დიდად ვერ სჯობნიან ქართველებს.

RugbyVision - რაგბის პროგნოზის მოდელი, ვარაუდობს, რომ იტალიის ნაკრები ნეიტრალურ მოედანზე "ლელოებს" მხოლოდ 7 ქულით მოუგებს.

ბოლო ათწლეულში "ლელოებს" მხოლოდ ერთხელ მიეცათ ექვსი ერის გუნდთან თამაშის შანსი (მსოფლიოს თასის მატჩებს თუ არ ჩავთვლით). მსოფლიო რაგბის ყოფილი შეფი ბერნარ ლაპასე საქართველოს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ ტურნირი უნდა გაიხსნას და საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შანსი მიეცეთ.

მაგრამ ეს მალე არ მოხდება. კარგად გვახსოვს ექვსი ერის შეფის ჯონ ფეჰანის სიტყვები: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი".

საქართველოს რაგბის კავშირი აუცილებლად მოიგებს ფინანსურად ექვს ერში ჩართვით. 2014 წელს ამ ორგანიზაციის მთელი შემოსავალი 7,5 მილიონი ევრო იყო, მაშინ, როცა იტალია მარტო ექვს ერზე სატელევიზიო უფლებებით წელიწადში 16,5 მილიონ ევროს შოულობს.

ამასთან, "ლელოებისთვის" მოგება ექვსი ერის ორგანიზაციისთვის წაგება იქნება, ტურნირის ორგანიზატორი კი კერძო კომპანიაა. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, იტალიის - 60.

"საერთო მედიაშემოსავლები დაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იტალია გავარდება და მის ადგილს საქართველო დაიკავებს. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოსა და იტალიის მედიაბაზრებს შორის უზარმაზარი სხვაობაა", - გვიხსნის რობინ ჯელისი, სატელევიზიო მედიამარკეტინგის სპეციალისტი.

რაგბი ევროპის შეფი ოქტავიან მორარიუ ამბობს, რომ რაგბის სამყაროს ჩაკეტილი ბუნების გამო რაგბი ერთადერთი სერიოზული სახეობაა, რომელსაც არ აქვს ევროპის ჩემპიონატი. შესაძლოა, საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემები მოუტანოს ექვსი ერის ორგანიზაციას, მაგრამ ეს ცვლილება კარგია გრძელვადიანი გათვლით.

საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რაგბის სერიოზულად თამაშობენ, მაგრამ არასოდეს ყოფილან ბრიტანეთის კოლონია. სწორედ ამ სპორტის იმპერიალისტური წარმოშობის გამო ძნელია მისი გლობალური განვითარება.

მაყურებელთა დიდ ნაწილს სიამოვნებს, როცა აუტსაიდერი გუნდი იმარჯვებს ფავორიტზე, როგორც ეს იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩში მოხდა. მათ ნამდვილად გაახარებთ საქართველოს შემდგომი წარმატებები, მაგრამ სანამ ექვსი ერი კარტელის ტიპის ორგანიზაციაა, საქართველოს შანსი არ მიეცემა".
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩვენი სურვილი მაღალ დონეზე თამაში, განვითარება და ნამდვილი წარმატებაა, თუმცა სიმართლე და რეალობა ჯონ ფეჰანის ნათქვამია: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი". დიახაც, სპორტი კომერციაა და თუ საქართველოს და რუმინეთს მიიღებენ, ამით "ექვსი ერი" მხოლოდ წააგებს. წარმოიდგინეთ, ზედმეტი ხარჯი, დიდ მანძილზე ფრენა, იაფი ბილეთები(საქართველოში 50 ევროს რაგბის საყურებლად ძალიან ცოტა გადაიხდის), ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის არქონა და ა.შ. რაგბი ერთგვარი კლუბია, სადაც არის ელიტა და ე.წ. "მომსახურე პერსონალი", ჰოდა, რატომ შეიყვანს ელიტა თავის ოჯახში მეორეხარისოვან პერსონალს?! მით უმეტეს, ამ "ელიტის" გარდა რაგბი შემოსავლის მომტანი არსად არის და დიდი ხანი არც იქნება.
გიო
14:16 02-07-2016
0
იმ კომერციულ ტურნირს ხელი კარგად მოუჭირონ და რასაც მოიგებენ 5–6 წელიწადში ნახავენ. რაც შეეხება იტალიას, ჩამოვიდეს საქართველოში და რა სახელითაც წავა, რომში დაიტრაბახოს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული