ნუ გავუტოლებთ: საქართველომ რუმინეთს რაგბის განვითარება მოუგო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში დაშვებას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. ძირითადად, ავტორები ჩვენთვის სასარგებლო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ცხადია, ეს თემა დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოხსნილი არ არის. ყველაფერი კი, სავარაუდოდ, მაინც 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გაირკვევა.

ყოველივე ამაში ერთი საგულისხმო დეტალი ისაა, რომ როდესაც საქართველოს ნაკრებზე საუბრობენ და მის ექვს ერში დაშვებას ითხოვენ, იქვე ჩაროზად რუმინეთსაც ახსენებენ ხოლმე, საქართველოს და რუმინეთს დახშული კარი უნდა გავუხსნათო.

ერთი მხრივ, ეს ჩვენთვის ცუდი არ არის. რუმინეთი დიდი ხანია მსოფლიოს სარაგბო ოჯახის წევრია და მათ
თავისიანებად მიიჩნევენ. თუმცა, სარაგბო ვებგვერდმა tier2rugby.blogspost.com-მა, რომელიც რეგულარულად აშუქებს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და შესანიშნავ ანალიზს აკეთებს, გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართული და რუმინული რაგბის ერთ კონტექსტში მოხსენიება დღესდღეობით უადგილოა, რადგან ქართული რაგბი ყველა პარამეტრით წინაა რუმინულზე.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, სადაც ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ ქართულმა რაგბიმ განვითარების გზაზე.

"საქართველო და რუმინეთი ერთი შეხედვით ერთი დონის სარაგბო ქვეყნები არიან, მაგრამ ბოლო წლებში ქართველები მეტოქეზე აშკარად დომინირებდნენ.

2011 წლის შემდეგ ქართველებმა რუმინელებს ექვსჯერ მოუგეს და მხოლოდ ერთხელ წააგეს. ერთა თასის ბოლო ექვსი გათამაშება ასევე "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. აქედან ოთხში სლემი შეასრულეს, ანუ ყველა შეხვედრა მოიგეს. რუმინელებმა ბოლოს ერთა თასზე 2010 წელს იპირველეს.

საინტერესოა, რომ რუმინელებს ქართველებისთვის ექვსი საათი და 33 წუთია, რაც ლელო არ გაუტანიათ. ქართველებმა კი ბოლო მატჩში ექვსი ლელო მიითვალეს.

საკმაოდ დიდი ნაპრალია ამ ორი ქვეყნის რაგბის შორის ახალგაზრდულ დონეზე. 20-წლამდელთა შორის საქართველო მსოფლიოს ათ საუკეთესო გუნდშია. რუმინელებმა კი, მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე ბოლოს 2010 წელს ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონატთან ახლოს არასდროს ყოფილან.

18-წლამდელთა შორის საქართველო რეგულარულად ასპარეზობს ევროპის ელიტურ ჩემპიონატზე. აქ მან ორჯერ დაიკავა მე-6, ერთხელ მე-7 და ერთხელაც მეორე ადგილი. რუმინელები ამ დროს მეორე დივიზიონში ასპარეზობენ და ორჯერ მე-12, ერთხელ მე-11 და ერთხელად მე-13 ადგილზე გავიდნენ.

ქართველებმა არაერთხელ შეძლეს ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელთა დამარცხება, მაშინ, როცა რუმინელები აგებენ ბელგიელ, ესპანელ, რუს, პორტუგალიელ და გერმანელ თანატოლებთან.

საქართველო სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით, რუმინეთი - არა. ქართველების უპირატესობა კარგად ჩანს შარშან გამართული მსოფლიოს თასის სტატისტიკიდან. 11 ქართველი მორაგბე იმ 23 მოთამაშისგან, რომლებმაც ტონგას მოუგეს, რუმინელთა ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის) მორაგბეზე უმცროსი იყო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეთა ნახევარი გასული საუკუნის 90-იან წლებშია დაბადებული (ნარიაშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, შარიქაძე, მჭედლიძე და სხვები), რასაც ვერ ვიტყვით რუმინელებზე. აქ ერთადერთი, ვინც ნიკოლაე ჩაუშესკუს დახვრეტას ვერ მოესწრო, ადრიან აპოსტოლია, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტი მოთამაშეა ამ გუნდში.

საქართველოს ნაკრები საკუთარ ქვეყანაში გაცილებით პოპულარულია, ვიდრე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში. წლეულს "დინამო არენაზე" საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩს 52 342 მაყურებელი დაესწრო. ამის საპირწონედ ბუქარესტში 4 000 ან 4 500 მაყურებელი ვერაფრით გამოდგება.

ქართულ სპორტულ საიტებზე რაგბი გამოყოფილია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სპორტის სახეობა ქვეყანაში. მაშინ, როცა რუმინეთში რაგბი შეგიძლიათ მოძებნოთ "სპორტის სხვა სახეობების" განყოფილებაში.

მამუკა გორგოძე ქართული სპორტის სიმბოლოა, რუმინეთში მისი ეკვივალენტი მორაგბე არ არსებობს.

ერთი სიტყვით, ცხადია, რომ რაგბის საქართველოში გაცილებით კარგი მომავალი აქვს, მით უფრო, რომ სპორტის ეს სახეობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან საკმაოდ დიდი ინვესტიციებს იღებს. შენდება სტადიონები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა.

ამიტომ უცნაურია, როცა ექვსი ერის გაფართოებაზე საუბრობენ, საქართველოსთან ერთად რუმინეთს რატომ ახსენებენ?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
1 ნორმალური საკლუბო გუნდი როგორ ვერ დააყენეთ ევროტურნირებისთვის, ესაა რაგბის ხელშეწყობა?
mdaaa...
03 ნოემბერი 2016 19:34
0
2010 წელს წავაგეთ ბოლოს რუმინეთტან და 2013 ში ვითამაშეთ 12-12 ბუქარესტში. ბოლო 8 თამაშში 7 გამარჯვება და 6 ფრე გვაქვს.
გიო
03 ნოემბერი 2016 16:49
0
ეს ყველაფერი მართალი და საამაყოა მაგრამ ძალიან ნუ გავყოყოჩდებით და ცოტა საპირწონეც ვთქვათ:
ეს არის საკლუბო რაგბი და მასობრიობა, რუმინეთს ბევრად მეტი კლუბი და მორაგბე ჰყავს, მაგრამ მაგასაც რომ შევეშვათ რუმინული კლუბები სისტემატურად გამოდიან ევროთასებზე, რუმინული კი არა უფრო სუსტი ქვეყნებისაც, რუსეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ბელგიის და ა.შ; ჩვენ კიდევ ერთი კლუბის გაყვანაც სანატრელი გვაქვს... სტადიონს რომ ვავსებთ ეგ ნაკრების თამაშზეა, ეროვნულ ჩემპიონატზე დასწრებაში ვერაფრით ვჯობივართ ვერც რუმინეთს, ვერც რუსეთს და კიდევ სხვებსაც...
მსოფლიო რაგბის მესვეურები კიდევ რაგბის განვითარებას და პოპულარიზაციას მხოლოდ ერთი გუნდის გულშემატკივრობით არ საზღვრავენ და იმ არასასურველი სიტუაციების გამო რაც ჩამოვთვალე იმ დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი ქულაც გვეწერება...
Walkabout
03 ნოემბერი 2016 14:32
0
J A G A-ს. არ ვიცი რამდენად იცნობ რუმინული რაგბის ისტორიას, მაგრამ ერთს გეტყვი მხოლოდ, როცა რუმინელები რაგბს თამაშობდნენ, ქართველები მაგ დროს "ტყეში დარბოდნენ". ეს ერთი. მეორეც ის, რომ ჩვენი და რუმინეთის რაგბის ფედერაციები ცდილობენ ტანდემში მიაღწიონ წარმატებას, მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიდგომა. ცნობისათვის, თუ ქართველები დღეს რაგბს კარგად თამაშობენ, ამაში ლომის წილი რუმინულ რაგბს მიუძღვის. კი, ჩვენ გაუსწარით რაღაც დონით, მაგრამ არა იმ დონით, რომ ცალკე ვიფრინოთ ცაში.
A G A J
03 ნოემბერი 2016 14:14
0
უზუსტესი ანალიზი. მართლაც ძალიან უადგილოა ხოლმე ჩვენი და რუმინეთის ერთ ქვაბში მოხარშვა
B-52
03 ნოემბერი 2016 13:43
0





თუ სკოლებშიც დვნერგავთ რაგბის სწავლას ?
უფრო მეტად განვითარდება ეს სპორტი . . .
J A G A
03 ნოემბერი 2016 11:47
0
მეტი ბავშვი რაგბში, ახალი მოედნები და სწორი კვება.
zaza
03 ნოემბერი 2016 09:58
0
თუ რუმინეთში რაგბი ეგეთი მიგდებულია მაშინ ქართველი მორაგბეები რუმინეთის კლუბებში რატომ თAმაშობენ???
nika
03 ნოემბერი 2016 02:57
0
ძალიან კარგად არის მართლაც ქართული რაგბი და მისადმი სიყვარული საქართველოში გადმოცემული,ბრავო ავტორს
konstantine
02 ნოემბერი 2016 23:37
0
მეც მაგას ვამბობ. რუმინეთი ძალიან სუსტია და ჩვენთან მაგათი ხსენება უხერხულია.
giorgi
02 ნოემბერი 2016 22:08
0

სიახლეები პოპულარული