მილტონ ჰეიგი: ეს, რაღაც დოზით, შეურაცხმყოფელიც კია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს 26 ნოემბერს შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად კილმარნოკში, "რაგბი პარკზე" გამართავს. ამ მატჩთან დაკავშირებით შოტლანდიური გაზეთის ვებგვერდმა heraldscotland.com-მა პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც "ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თამაში კილმარნოკში იმართება და არა შოტლანდიური რაგბის მექაზე, ედინბურგის "მერიფილდზე", სადაც "ნარშავები" ტრადიციულად მასპინძლობენ მოწინააღმდეგეებს.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება, უმასპინძლოს საქართველოს ნაკრებს კილმარნოკის "რაგბი პარკზე" და არა "მერიფილდზე", დამატებითი სტიმული იქნება
მისი მორაგბეებისთვის, რათა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან, შოტლანდიური რაგბის მთავარ არენაზე ითამაშონ - წერს heraldscotland.com.

"ეს, რაღაც დოზით, შეურაცხმყოფელიც კია" - თქვა ჰეიგმა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ასევე ახალზელანდიელი ვერნ კოტერის ახლო მეგობარია.

სავარაუდოდ, შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - ეს ორგანიზაცია შიშობდა, რომ საქართველოსთან მატჩზე "მერიფილდის" 67-ათასიანი სტადიონი ვერ შეივსებოდა და მეორე, შოტლანდიური რაგბის ხელმძღვანელებს მიზნად აქვთ, სანაკრებო თამაშები დედაქალაქს გარეთ, რეგიონშიც ჩაატარონ, მისი კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის.

ამის თაობაზე გადაწყვეტილება ივლისში იყო მიღებული და ოფიციალურ განცხადებაშიც სწორედ მეორე ვერსიაზე იყო აქცენტი გამახვილებული. მიუხედავად ამისა, ჰეიგი მაინც ნაწყენია.

"ცოტა გაღიზიანებული ვიყავი, ამ გადაწყვეტილების შესახებ რომ გავიგე. ძალიან მიყვარს "მერიფილდზე" რაგბის ყურება.

წარმოშობით შოტლანდიელი ვარ და რაღაც პერიოდის განმავლობაში აქ ვცხოვრობდი კიდეც. ახლაც თვალწინ მიდგას "მერიფილდზე" გამართული შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების ბატალიები", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შოტლანდიაში მასწავლებლად მუშაობდა.

მას შეეძლო უფრო მეტხანს ემუშავა შოტლანდიაში, მაგრამ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ შრომის უფლება არ გაუხანგრძლივა.

"მართალია,  წარმოშობით შოტლანდიელი ვარ, მაგრამ იმ დროს რაგბის კავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯიმი ტელფერმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე სამსახური მხოლოდ შოტლანდიის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს. გული ძალიან დამწყდა, როცა შოტლანდიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუშაობის უფლებაზე უარი მითხრა.

ჯიმიმ მოგვიანებით შესანიშნავი წერილი მომწერა. იმედი მაქვს, ის დაესწრება კილმარნოკში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების თამაშს", - იხსენებს ჰეიგი.

საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზეა, ევროპის რანგით მეორე ტურნირზე თამაშობს და კონტინენტზე ექვს ერს მიღმა საუკეთესო გუნდია. მან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ერთა თასის ყველა გათამაშება მოიგო და 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური შარშან გამართულ მსოფლიოს თასზე ავტომატურად მიიღო. ქართველებს ამბიცია აქვთ, რომ როდესმე ექვს ერს დაემატებიან. თუმცა, ევროპაში ამ საკითხის გადაჭრას არ ჩქარობენ.

ნახეს რა ევროპაში მათ მიმართ ასეთი ზერელე დამოკიდებულება, "ბორჯღალოსნებმა" ძალების მოსინჯვა სხვაგან გადაწყვიტეს. ისინი ტურნეში გაემგზავრნენ ოკეანეთში და ფენომენალური შედეგი აჩვენეს. მოუგეს ფიჯის და ტონგას, ხოლო სამოასთან ფრეს დასჯერდნენ.

"შარშან მსოფლიოს თასზე და წლეულს ივნისში ოკეანეთში მიღწეული გამარჯვებები ჩვენთვის დიადი იყო. წლის დასაწყისში მიზნად დავისახეთ, რომ რეიტინგში ათეულში შევიდეთ. ამიტომ ყველაფერს ვიღონებთ, ეს რეალობად რომ ვაქციოთ", - თქვა ახალზელანდიელმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მუდმივად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი მეუღლე სასწავლო ნაწილის გამგეა თბილისის ერთ-ერთ საერთაშორისო სკოლაში. მილტონს ორი გოგონა ჰყავს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად.

"ინგლისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ, რომელშიც ორი თამაში მოვიგეთ, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საკუთარ თავს ვკითხეთ, რა იქნება მომავალში? უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სულ განვითარებისკენ, წინსვლისთვის ვიღვწოდეთ. ასე რომ ვიქცევით, ამის დასტურია რეკორდული სხვაობით გამარჯვება რუმინეთის ნაკრებთან და წარმატებული ტურნე ოკეანეთში.

ბობოლა გუნდებთან თამაშისას მიღწეული შედეგები იმედს გვაძლევს, რომ შეიცვლება რაგბის აღქმა იმ ადამიანებისა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. შოტლანდიასთან მატჩი ჩვენთვის შანსია დავამტკიცოთ, რომ მეტი შეგვიძლია და ამ დონეზე ხშირად უნდა ვითამაშოთ", - აღნიშნა ჰეიგმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვერნ კოტერი ჰეიგის მეგობარია. მას უხარია, რომ მომავალ ზაფხულს კოტერი ფრანგული კლუბის, "მონპელიეს" თავკაცი გახდება, სადაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე თამაშობს.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ვერნი შოტლანდიიდან თავისი სურვილით მიდის. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთის სამხრეთი სულაც არ არის ცუდი ადგილი სამუშაოდ, მით უფრო, რომ მას გუნდში ჩვენი ნაკრების რამდენიმე წამყვანი მორაგბე დახვდება, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნიათ", - თქვა მილტონმა.

ჰეიგსა და კოტერს შორის ურთიერთობა ხასიათდება, როგორც ძმური. ამ ორიდან უფროსი ძმა კოტერია. ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც მწვრთნელები, ისინი ერთხელ იდგნენ, ისიც შორეულ წარსულში, როცა ორივე ახალ ზელანდიაში მუშაობდა.

"შოტლანდიას საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის უდიდესი გამოცდილება და მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენი ნაკრებისთვის "სკოტებთან" თამაში ისტორიული მოვლენაა. ისინი ერთ ნაბიჯში იყვნენ ნახევარფინალთან მსოფლიოს თასზე, შესანიშნავად ითამაშეს წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში. ის ბრწყინვალე გუნდია. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ბრძოლა" - დაასკვნა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე უკვე დამეწყო ნერვიულობა და კანკალი, სტატიებს და არა მარტო ქართულს, არ მინდა ხოლმე გავეცნო ისე ვიტვირთები .... მაგრამ მაინც ვერ ვარიდებს თვალს .... უხ თქვენ გენაცვალეთ რა
rezo110
03 ნოემბერი 2016 18:12
0
მელიტონა შოტი ანუ ქელთი ყოფილა, მეც არ გამიკვირდა....ქელთები ხომ გარკვეულწილად ქართველებს ჰგვანან :)
meliton
03 ნოემბერი 2016 17:22
0
ერთი ეგენი ამოატრიალეთ კილმარნოკი იქნება თუ ანტარქტიდა სულ ერთია, აუ გეხვეწებით მოუგეთ რა
გულშემატკივარი
03 ნოემბერი 2016 16:54
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული