ევროპაში გვინდა! ანუ როგორ გავხსნათ ჩაკეტილი სისტემა

AutoSharing Option
სარაგბო სეზონი გასულ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრებით დასრულდა. იქამდე კი, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის ტესტები გამართა, რომელიც თვით ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ათბალიანი სისტემით ხუთიანზე შეაფასა.

"ბორჯღალოსნების" ბოლო მატჩებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს მიაჩნია, რომ მოწინავე ათეულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ და ექვსი ერის გაფართოებაზე საუბარი ნაადრევია.

ცხადია, არსებობს ამის საპირწონე მოსაზრებაც.

მერე, სადაა ეს ფარა?
ამას წინათ, თბილისის ფორუმზე (არსებობს ასეთი ვებგვერდი) ჩემმა ერთმა კოლეგამ არგენტინული რაგბის ცოცხალი ლეგენდის ავგუსტინ პიშოს ორი ფოტო გამოაქვეყნა. პირველ ფოტოზე პიშო
2008 წელსაა გადაღებული, ხელში პატარა აბრა უჭირავს, რომელზეც წერია "შეიძლება ჩვენ ვითამაშოთ"? და ზემოთ, ექვსი ერი თუ სამი ერი. მეორე ფოტოზე, რომელიც 2016 წელსაა გადაღებული პიშო ცივილურ კოსტიუმში ამაყად ზის, ის უკვე "მსოფლიოს რაგბის" ვიცე პრეზიდენტია და არგენტინა სამ ერს მეოთხე ერად რამდენიმე წლით ადრე დაამატეს.

Sportall.Ge

ერთი სიტყვით, ეს ფოტოები იმის დასტურია, რომ არგენტინელთა წარმატების მიუხედავად, 2007 წლის მსოფლიოს თასზე, სადაც ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ, მსოფლიოს რაგბის მამებისთვის მაინც სახვეწარი ჰქონდათ ბობოლებთან რაიმე ტურნირში ჩართვა. მათ საამისოდ ბევრი იმუშავეს, რაგბის განვითარებისთვის ფულიც ბევრი დახარჯეს და მიზანსაც მიაღწიეს. დღეს, ეს ნაკრები თვითონაა ბობოლა.

ვფიქრობთ, ჩვენც არგენტინის გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ამას ფული სჭირდება, საკმაოდ დიდი ფული და როგორც "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, "მერე, სადაა ეს ფარა?". არ არის. თუ არის, ისიც საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ ქართულმა რაგბიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ პროგრესისკენ.

დრო მოვა, აქეთ შეგვეხვეწებიან
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვაზე ბრიტანული პრესა დიდი ხანია წერს. ის განსაკუთრებით ივნისის ტესტების მერე ახმაურდა, როცა "ბორჯღალოსნებმა" ტრიუმფით მოიარეს კუნძულები.

მალევე გავრცელდა ექვსი ერის "ბოსების" განცხადებაც - ჩვენი ტურნირი კომერციულია, რომელიც შესანიშნავად მუშაობს და არავითარ ცვლილებას უახლოეს და, თუნდაც, შორეულ მომავალში არ ვგეგმავთო.

ცხადია, კარგი იქნებოდა ექვსი ერის გაფართოება. ის ქართულ რაგბის არა მარტო სპორტული თვალსაზრისით გაამდიდრებდა, არამედ ფინანსურადაც. მაგრამ, "ტორტის ამ გემრიელი ნაჭრის" ჩვენთვის განაწილება მის დამფუძნებლებს არ უნდათ.

ნურც მივეძალებით, როგორც "პირველ მერცხალში" დიდი იასონ კვირკველია ამბობს - "დრო მოვა და, აქეთ შეგვეხვეწებიან".

დავივიწყოთ ექვსი ერი, მოვითხოვოთ ევროპა
ცხადია, ეს ხუმრობით. ჩვენ არასდროს არავინ ხვეწნას არაფერზე დაგვიწყებს. უნდა დავივიწყოთ ექვსი ერი - დროებით მაინც. ვფიქრობთ, მთელი აქცენტი უნდა გადავიტანოთ და მეტიც, მოვითხოვოთ, რომ ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი რაგბიში ოთხ წელიწადში ერთხელ, ისე როგორც ტარდება სპორტის ყველა სახეობაში.

რაგბი ერთადერთია, რომელშიც ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება და ეს ნონსენსია.

ხომ ტარდება აზიის ერთა თასი, იგივე აზიის ჩემპიონატი, აფრიკის ერთა თასი, იგივე აფრიკის ჩემპიონატი (სადაც სამხრეთი აფრიკა არ კადრულობს თამაშს. ეს აფრიკელების პრობლემაა) ვინ უნდა ჩაატაროს ევროპის ჩემპიონატი? "რაგბი ევროპამ", რომლის წევრებიც ექვსი ერის ქვეყნებიც არიან. "მსოფლიოს რაგბიმ" კი, ამაში ხელი უნდა შეუწყოს, როგორც ამას სხვა კონტინენტებთან მიმართებაში აკეთებს.

2002 წელი იყო. 2003 წლის მსოფლიოს თასის საგზური უკვე მოპოვებული გვქონდა. თბილისში მაშინდელი IRB-ის დიდმოხელეები მიშელ არპაიაჟი და ბრუს კუკი გვსტუმრობდნენ. მაშინ ექვს ერზე ჩვენი თამაშის შესახებ არავინ საუბრობდა, არც იყო ვითარება მომწიფებული. თუმცა, დიდ გუნდებთან თამაში მაშინაც გვინდოდა და ამიტომ პრესკონფერენციაზე სტუმრებს ვკითხე, რატომ არ ტარდება რაგბიში ევროპის ჩემპიონატი, ისე როგორც ეს ხდება სპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობაში?

დაიბნენ, ერთმანეთს გადახედეს. მერე არპაიაჟმა რაღაც ქვეყნების მენტალურ განსხვავებაზე წაილუღლუღა. რა შუაში იყო, ცხადია, ვერავინ გაიგო. ერთი სიტყვით, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. მას შემდეგ 14 წელიწადი გავიდა და დარწმუნებული ვარ, პასუხი არც ახლა ექნებათ.

ეს იდეა, რამდენიმე წლის შემდეგ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს კოკა ლაზიშვილს გავუზიარე. სიხარულით, დიდი ენთუზიაზმით აიტაცა. აუცილებლად დავაყენებ მაგ საკითხს, სადაც არსო, მაგრამ მალე რაგბის კავშირიც დატოვა და საქმიანობაც სხვა ქვეყანაში განაგრძო.

რა სარგებლობას მოიტანს ევროპის ჩემპიონატი?
ამ თემაზე შარშან ინგლისში მსოფლიოს თასის მსვლელობისას საქართველოს ნაკრების მორაგბეებთან საკმაოდ სერიოზული განხილვა გვქონდა. სხვადასხვა მოსაზრების კორიანტელში ერთ, საერთო დასკვნამდე მისვლა ვერ შევძელით.

მთავარი კითხვა იყო ასეთი: რატომ უნდა ჩაატარდეს ევროპის ჩემპიონატი? მოწინააღმდეგეების არგუმენტი, - ის ფინანსურად მომგებიანი არ იქნება, - ყველაზე აქტიურად მუსირებდა.

რატომ არ იქნება მომგებიანი? "ევროპა რაგბი" იქნება თუ "მსოფლიო რაგბი" კეთილი ინებოს და მარკეტინგულად გათვალოს, ისე შეფუთოს, რომ კარგად გაიყიდოს. მისი ფუნქცია, თუ გნებავთ, მოვალეობაც ეგაა.

მერე, კარგად მახსოვს წლეულს, იანვარში, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა. დარბაზში მონაწილე გუნდების გარდა მაყურებელი საერთოდ არ იყო. დარწმუნებული ვართ, არანაირი ფინანსური მოგება ევროპის საწყლოსნო ფედერაციას ამ ტურნირიდან არ მიუღია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციას აზრადაც არ მოუვა, ევროპის ჩემპიონატი გააუქმოს და არ ჩაატაროს.

ერთი სიტყვით, ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ ვალდებული ხარ, ჩაატარო და ევროპაში რაგბის განვითარებაზე იზრუნო. წარმოვიდგინოთ, რომ გატყდა ნავსი და გადაწყვიტეს ევროპის ჩემპიონატის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარება. ეს, დარწმუნებული ვარ, ევროპაში რაგბის ბუმს გამოიწვევს. იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ უკან არიან (რუსეთი, გერმანია, ესპანეთი, ბელგია და ასე შემდეგ,) სპორტის ამ სახეობისადმი ყურადღება და დაფინანსებაც გაიზრდება, რადგან მათ უკვე არა ოთხ წელიწადში ერთხელ, არამედ ორ წელიწადში ერთხელ მოუწევთ შესარჩევ ტურნირში თამაში და შანსიც, ბობოლა ქვეყნების მარაქაში გაერიონ, გაცილებით მეტი იქნება. ეს გაზრდის ინტერესს, ეს გამოიწვევს რაგბის განვითარებას.

რა უნდათ ბობოლებს?
რა და ფული. ეს ცხადზე ცხადია. ყველა თემაზე ლაპარაკი იწყება და მთავრდება ფულით. ეს გასაკვირი არაა. მთელი მსოფლიო დიდი ხანია მხოლოდ ფულზე ლაპარაკობს. ფულის გამო იწყება ომები და იდება ზავი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სანამ ფინანსურად საინტერესო არ გავხდებით, ძნელი იქნება ნებისმიერ სტრუქტურაში შეღწევა.

თუმცა, ეს შეუძლებელი სულაც არაა. აგერ, არგენტინელი პიშო, სულაც "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტია. ამას, თუნდაც ოთხიოდ წლის წინათ აბა ვინ იფიქრებდა? მარტო პიშო? საქართველო "მსოფლიო რაგბის" საბჭოში შეიყვანეს და ჩვენი წარმომადგენელი იქ გიორგი ნიჟარაძეა, რომელსაც შესანიშნავად აქვს დალაგებული ურთიერთობა "მსოფლიო რაგბის" ხელმძღვანელებთან. ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო წინაც წაიწიოს?

იქამდე კი, განვიხილოთ, რატომ უნდა დათანხმდნენ ექვსი ერის ქვეყნები ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. პირველი იმიტომ, რომ იქ თამაში აუცილებელი უნდა იყოს. მეორე - დააინტერესონ ფინანსურად, გახადონ ევროპის ჩემპიონატი პრესტიჟულ ტურნირად, მისი მოგება ისეთივე საამაყო უნდა იყოს, როგორიც "ვებ ელისის" თასის, ან თუნდაც იმავე ექვსი ერის გათამაშებაში გამარჯვება. ეს ჩვენი საფიქრალი არ არის. ამაზე მათ უნდა იფიქრონ და ჩვენ, ჟურნალისტები თუ ქომაგები, მათ ნამუშევარს შევაფასებთ - დადებითად ან უარყოფითად.

ევროპის ჩემპიონატი რომ არ ტარდება ეს, ცხადია, მსოფლიოს რაგბის მამების ხარვეზია. რამდენიმე წლის წინათ გადაწყვიტეს ექსპერიმენტის სახით 18-წლამდელთა შორის ვეროპის ელიტური ჩემპიონატის გამართვა. ეს ელიტური ევროპის ჩემპიონატი რაღაა, მსგავსი ტერმინი სპორტის არც ერთ სახეობაში არ არსებობს. ევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატია და მორჩა. რას მიქვია ელიტური და ბოგანო ევროპის ჩემპიონატი.

ერთი სიტყვით, გადაწყვიტეს და ექვსი ერის ქვეყნების 18-წლამდელებთან ერთად საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებებმა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იასპარეზეს ერთად. პირველ ორ ტურნირში ჩვენმა გუნდმა ექვსერელი იტალია უკან მოიტოვა და მე-6 ადგილზე გავიდა. მესამე ჯერზე კი, ფინალში გააღწია, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა. უკან დარჩა ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალიაც.

და რა მოხდა მომდევნო წელს? ამ ქვეყნებმა ელიტურ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაზე უარი თქვეს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რამ თუნდაც ფეხბურთში მომხდარიყო. სანქციები იქნებოდა უმკაცრესი. და რაგბის შემთხვევაში, რა? არც არაფერი. არ უნდათ? - ნუ უნდათ. კრება დარჩა მხიარული.

მოკლედ რომ ვთქვათ, თევზი თავიდან ყროლდება. პრობლემა რაგბის მმართველი ორგანოს მართვის სტილშია და უკვე მთლიანად ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ სანამ რაგბის ბრიტანელები მართავენ, ის ჩაკეტილი, სექტური სისტემა იქნება და საყოველთაო განვითარება არაფრით არ მოხდება.

რაღაცნაირად უნდა შევძლოთ და დავანგრიოთ მსოფლიო რაგბის ეს "ბერლინის კედელი".

P.S. ცხადია, ამ მოკლე წერილში სრული, ყოვლისმომცველი ანალიზის გაკეთება ძნელია. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ აქტუალური, საპოლემიკო თემაა. საინტერესო იქნება რაგბის სპეციალისტთა მოსაზრებებიც, რომელსაც უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველაზე დიდი პრობლემა ხალხშია.
სწორედ აღნისნა იმ კაცმა მენტალური განსხვავებებიო. მენტალურიც და ფიზიკურიც. კადრში მახინჯებს ან უნდა აჩვენებდეს ოპერატორი ელემენტარული..
მაგრამ ამას თქვენ ბაბუინები ვერ მიხვდებით. ვისთვის ვლაპარაკობ.
Darko
16:35 19-12-2016
0
მაგ "მამებს" მართლა რომ უყვარდეთ რაგბი, პირველ რიგში მის პოპულარიზაციაზე იზრუნებდნენ და სხვადასხვა ტურნირებს მოაწყობდნენ, სადაც შედარტებით ბევრი გუნდის ჩართულობა იქნებოდა, მაგრამ ამათ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ, რა თქმა უნდა მართალია ავტორი სანამ მართვის სტლი არ შეიცვლება სულ ასეთი კარჩაკეტილი იქნება
ალეკსანდრე
13:26 18-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული