რაგბი. ლეგიონი: სოსო ბეკოშვილის წყვილი ლელო ევროთასებზე [VIDEO]

AutoSharing Option
დასრულდა ჯგუფური ტურნირის გათამაშება ევროთასებზე. ჩემპიონთა თასზე მეოთხედფინალში ქართველ მორაგბეთა სამმა გუნდმა გააღწია. ესენია: "კლერმონი", "ტულონი" და "ტულუზი". "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში კი პლეი ოფში ბრძოლას ქართველთა ოთხი გუნდი: "ლა როშელი", "კარდიფი", "ბრივი" და "სტად ფრანსე" განაგრძობენ.

ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონთა თასზე ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე უკეთ დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" იასპარეზა. "ვულკანებმა" E ჯგუფში 26 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მთლიანად ჩემპიონთა თსაზე. მასზე მეტი ქულის დაგროვება ვერავინ შეძლო.

"კლერმონმა" ბოლო ტურში შინ მიიღო ინგლისური "ექსეტერი" და
48:26 მოუგო. ეს მატჩი რეალურად არაფერს წყვეტდა, ამიტომ გუნდებმა საკმაოდ ღია, სანახაობრივი რაგბი ითამაშეს. ზირაქაშვილი მატჩში 54-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

მეოთხედფინალში "კლერმონი" კიდევ ერთ "ქართულ კლუბს", მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" შეხვდება, რომელმაც, მართალია, სტუმრად წააგო C ჯგუფის ლიდერთან, ინგლისურ "სარასენზთან" 3:10, მაგრამ ერთი საპრემიო ქულა მიიღო, რამაც საშუალება მისცა, მეორეადგილოსნებს შორის მესამე მაჩვენებელი ჰქონოდა. შედეგად, "ტულონი" მეოთხედფინალში სწორედ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე "კლერმონს" დაუპირისპირდება სტუმრად.

"სარასენზთან" მატჩი, მოლოდინისამებრ, დაძაბული გამოდგა. იმდენად, რომ პირველი ტაიმი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 3:0 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. გორგოძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა 53-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "ტულონის" მსგავსად, D ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ინგლისური "ნორსჰემპთონი" - 26:17. მიუხედავად ამისა, ის პლეი ოფის მიღმა დარჩა, რადგან "ტულონმა" მოპოვებული და გაშვებული ქულების სხვაობით აჯობა.

ნარიაშვილი და მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და 53-ე წუთზე შეცვალეს, მამუკაშვილი მოედანზე 75-ე წუთიდან გამოჩნდა, ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ბაზაძე განაცხადში არ იყო.

B ჯგუფში პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა ბოლო ტურამდე უცნობი იყო. ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელიც 14 ქულით მესამე ადგილზე იყო, შინ მიიღო ლიდერი, ირლანდიური "ქონოთი", რომელსაც აქტივში 18 ქულა ჰქონდა.

ტულუზელებმა მეტოქეს მძიმე ბრძოლაში 19:10 მოუგეს და მეორე ადგილთან ერთად, პლეი ოფის საგზურიც დაიბევეს. კაკოვინი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

პირველი ადგილი კი ინგლისურ "ვოსფსს" ხვდა წილად, რომელიც ბოლო ტურის წინ 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებოდა. ინგლისელებმა სტუმრად სძლიეს იტალიურ "ზებრეს" - 41:27.

ამრიგად, უკვე ცნობილია, რომ "ტულუზი" მეოთხედფინალში სტუმრად დაუპირისპირდება ირლანდიურ "მანსტერს".

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
მანსტერი-რასინგი 22:10, ლესტერ ტაიგერზი-გლაზგო 0:43
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 24 ქულა, 2. ედინბურგი - 19, 3. ლეტერ ტაიგერზი - 8, 4. რასინგი - 5

B ჯგუფი
ტულუზი-ქონოთი 19:10, ზებრე-ვოსფსი 27:41
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 22 ქულა, 2. ტულუზი - 18, 3. ქონოთი - 18, 4. ზებრე - 0.

C ჯგუფი
სეილ შარქსი-ჰლანეჰლი 25:23, სარასენზი-ტულონი 10:3
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 24 ქულა, 2. ტულონი - 16, 3. ჰლანეჰლი - 11, 4. სეილ შარქსი - 4

D ჯგუფი
კასტრი-ლენსტერი 24:24, მონპელიე-ნორსჰემპთონი 26:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 16, 3. კასტრი - 12, 4. ნორსჰემპთონი - 9

E ჯგუფი
კლერმონი-ექსეტერი 48:26, ალსტერი-ბორდო 22:26
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 26 ქულა, 2. ბორდო - 14, 3. ექსეტერი - 11, 4. ალსტერი - 10

მეოთხედფინალი
კლერმონი-ტულონი
ლენსტერი-ვოსფსი
სარასენზი-გლაზგო
მანსტერი-ტულუზი

ჩელენჯ კაპის გათამაშების მეოთხედფინალში, როგორც უკვე ვთქვით, ქართველ მორაგბეთა ოთხმა გუნდმა გააღწია. საუკეთესო შედეგი კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა" აჩვენა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ბრიველებმა ბოლო ტურში შინ მიიღეს უელსური ნიუპორტი და 36:19 დაამარცხეს. ბეკოშვილმა, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს, ორი ლელო გაიტანა, ლობჟანიძემ მასზე 11 წუთით ნაკლები ითამაშა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ დაამარცხა მიხეილ გაჩეჩილაძისა და დავით კაჭარავას კრასნოიარსკის "ენისეი" - 57:14. გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა და მე-40 წუთზე ლელო მიითვალა, ბრეგვაძეს და კაჭარავას არ უთამაშიათ. შედეგად, "ენისეიმ", რომელმაც ასპარეზობა ორი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ჯგუფური ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულა. ამ ჯგუფიდან პლეი ოფში მხოლოდ "ბრივმა" გააღწია.

A ჯგუფში მოასპარეზე ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ დაამარცხა იტალიური "ბენეტონი" - 31:8 და 24 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ეს კი საკმარისია, რათა ჩვენებურის გუნდმა ასპარეზობა პლეი ოფში განაგრძოს. ყაულაშვილს ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

პირველ ადგილზე ინგლისური "გლოსტერი" გავიდა, რომელმაც "ლა როშელს" ერთი ქულით გაასწრო. გლოსტერელებმა შინ დაამარცხეს დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 64:19. ხინჩაგიშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობდა: ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფი" და გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი". კარდიფელებმა უკეთესად იასპარეზეს და 22 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. მათ ერთი ქულით ინგლისურმა "ბასმა" აჯობა. ბოლო ტურში "კარდიფმა" "ბრისტოლს" უმასპინძლა და 37:21 დაამარცხა.

ინგლისურმა კლუბმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა მატჩის პირველ ნახევარში გაუწია, რომელიც მინიმალური სხვაობით - 14:15 წააგო. კარდიფელებმა შესვენების შემდეგ მაინც იმძლავრეს და პლეი ოფში გასვლისთვის საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. ფეიქრიშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, ერთი წუთის შემდეგ მოედანი ნემსაძემაც დატოვა.

E ჯგუფში პირველი ადგილი შოტლანდიურმა "ედინბურგმა" დაიკავა, რომელიც ერთი ტურით ადრე მეტოქეთაგან მიუღწეველი შეიქნა. მეორე საგზურის მოსაპოვებლად კი ბოლო ტურში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" შინ დაუპირისპირდა ინგლისურ "ჰარლიქვინზს", რომელსაც ორი ქულით ჩამორჩებოდა. პარიზელებმა საკუთარ მოედანზე აღმავლობით ითამაშეს, მეტოქე 27:17 დაამარცხეს და მეორე ადგილის დაკავებით პლეი ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ჟვანია 57-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გასულ ქართველ მორაგბეთა ოთხივე გუნდს სტუმრად უწევს თამაში.

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
გლოსტერი-ბაიონი 64:19, ლა როშელი-ბენეტონი 31:8
სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 25 ქულა, 2. ლა როშელი - 24, 3. ბენეტონი - 8, 4. ბაიონი - 1

B ჯგუფი
ლიონი-გრენობლი 57:13, ნიუკასლი-ოსფრიზი 21:26
სატურნირო მდგოამრეობა
1. ოსფრიზი - 30 ქულა, 2. ლიონი - 16, 3. ნიუკასლი - 12, 4. გრენობლი - 5

C ჯგუფი
ბრივი-ნიუპორტი 36:19, ვორსტერი-ენისეი 57:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 23 ქულა, 2. ნიუპორტი - 14, 3. ვორსტერი - 13, 4. ენისეი - 9

D ჯგუფი
ბასი-პო 69:10, კარდიფი-ბრისტოლი 37:21
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 23 ქულა, 2. კარდიფი - 22, 3. ბრისტოლი - 10, 4. პო - 2.

E ჯგუფი
ედინბურგი-ტიმიშოარა 49:3, სტად ფრანსე-ჰარლიქვინზი 27:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 24 ქულა, 2. სტად ფრანსე - 20, 3. ჰარლიქვინზი - 18, 4. ტიმიშოარა - 0

მეოთხედფინალი
ოსფრიზი-სტად ფრანსე
ბასი-ბრივი
ედინბურგი-ლა როშელი
გლოსტერი-კარდიფი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული