[რაგბი. ლეგიონი] ასეიშვილის სიმბოლური, მჭედლიძის ჩხუბი [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-19 ტურის შემდეგ გათამაშებას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს. ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" ზედიზედ ცხრა ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობს და 62 ქულით პირველ ადგილზეა.

"ლა როშელმა" მე-19 ტურში სტუმრად დაამარცხა ფრანგული რაგბის გრანდი, ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 27:21. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინებისას ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. კაკოვინი 46-ე წუთზე შეცვალეს. ერთ წუთში მოედანი ყაულაშვილმაც დატოვა.

"ლა როშელის" მიზანი ახლა რეგულარული გათამაშების მინიმუმ მეორე ადგილზე დასრულებაა, რაც პლეი ოფში, პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის საშუალებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს
ყაულაშვილის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მესამე ადგილზე მყოფ "კასტრს" 11 ქულით უსწრებს.

"ლა როშელს" ოთხი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად სწორედ "კასტრთან" წააგო 16:26 და ლიდერობა დაკარგა. ქართველებს არ უთამაშიათ.

სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "ლიონთან" დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე" - 3:16. თუმცა, მონპელიელები მაინც ინარჩუნებენ საპლეიოფო ზონაში ადგილს. ქართველთაგან მხოლოდ ნარიაშვილმა ითამაშა, ის 63-ე წუთზე შეცვალეს.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და შალვა მამუკაშვილის "ტულონი" კი ასევე სტუმრად დამარცხდა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივთან" - 5:15.

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს, მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ჩილაჩავა ძირითად შემადეგნლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ მასზე შვიდი წუთით მეტი ითამაშა.

I დივიზიონი, XIX ტური
კასტრი-კლერმონი 26:16, ბაიონი-პო 25:25, გრენობლი-მეტრო რასინგი 19:10, ბრივი-ტულონი 15:5, ლიონი-მონპელიე 16:3, სტად ფრანსე-ბორდო 32:9, ტულუზი-ლა როშელი 21:27

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 62 ქულა, 2. კლერმონი - 58, 3. კასტრი - 51, 4. მონპელიე - 50, 5. პო - 48, 6. ტულონი - 46, 7. მეტრო რასინგი - 45, 8. ტულუზი - 42, 9. ბრივი - 40, 10. ბორდო - 39, 11. სტად ფრანსე - 39, 12. ლიონი - 37, 13. გრენობლი - 27, 14. ბაიონი - 22.

მეორე დივიზიონში 23-ე ტურის შემდეგ ლიდერი არ შეცვლილა. 67 ქულით პირველ ადგილზე გიორგი ვეფხვაძისა და ირაკლი მირცხულავას "იონაქსია", რომელმაც სტუმრად შეძლო შალვა სუთიაშვილის "ანგულემის" დამარცხება - 13:9. ვეფხვაძე ძირითადში იყო და მე-19 წუთზე შეცვალეს.

"ოიონაქსს" ერთი ქულით ჩამორჩება თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად დაამარცხა უშუალო კონკურენტი "მონტობანი" - 22:18.

სამწუხაროდ, მატჩის 47-ე წუთზე ჩხუბი ატყდა. მჭედლიძე ოდნავ მოშორებით იდგა, მაგრამ მერე თანაგუნდელ ცხრა ნომერს გამოესარჩლა, რომელიც მეტოქის მეორეხაზელმა აშკარად დაჩაგრა. შედეგად, მჭედლიძეს და იმ მეორეხაზელს მატჩის არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს საქართველოს ნაკრების გარემარბისთვის მეორე წითელი ბარათია მიმდინარე ჩემპიონატში. ორივე მას ჩხუბის გამო უჩვენეს.

- თამაზ მჭედლიძემ ბასკური გუნდის მორაგბესთან იჩხუბა [VIDEO]

სავარაუდოდ, მჭედლიძეს რამდენიმე კვირით მოუწევს დასვენება, რის გამოც ვერც ეროვნულ ნაკრებში თამაშს შეძლებს.

II დივიზიონი, XXIII ტური
მონტობანი-აჟენი 18:22, ბეზიე-დაქსი 52:17, ბიარიცი-ბურგუენი 29:10, კარკასონი-კოლომიე 26:14, მონ დე მარსანი-ვანი 33:3, ნარბონი-ორიაკი 23:19, ანგულემი-ოიონაქსი 9:13, ალბი-პერპინიანი 26:24

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 67 ქულა, 2. აჟენი - 66, 3. ბიარიცი - 63, 4. კოლომიე - 62, 5. მონ დე მარსანი - 62, 6. მონტობანი - 60, 7. პერპინიანი - 55, 8. ორიაკი - 55, 9. კარკასონი - 53, 10. ანგულემი - 51, 11. ნარბონი - 51, 12. ბეზიე - 50, 13. დაქსი - 46, 14. ალბი - 40, 15. ვანი - 39, 16. ბურგუენი - 15

სიმბოლური ნაკრები
15. მარტინ ბუსტოს მოიანო (ბაიონი), 14. ლუკას დუპონი (გრენობლი), 13. გაბრიელ ლოვობალავუ (ბაიონი), 12. ჰემანი პაეა (ლიონი), 11. ჯიბრილ კამარა (სტად ფრანსე), 10. ჯონათან ვიშნევსკი (გრენობლი), 9. ტედი ირიბარენი (ბრივი), 1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი), 2. ჯოდი იანკერი (კასტრი), 3. მალიკ ამადაში (პო), 4. ჰენდრიკ რუდტი (გრენობლი), 5. ჯეისონ იტონი (ლა როშელი), 6. ლევანი ბოტია (ლა როშელი), 7. ენტონი ჯელონჩი (კასტრი), 8. სტეფონ არმითიჯი (პო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული