რაგბი. ლეგიონი: დავით ზირაქაშვილი ტურის სიმბოლურში მეორედ მოხვდა

AutoSharing Option
იმ დროს, როცა სარაგბო ევროპას ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება "აზანზარებდა", საფრანგეთში ქართველ მორაგბეთა გუნდები, ელიტურ, პირველ დივიზიონში ბრძოლას განაგრძობდნენ.

მორიგი გამარჯვება იზეიმა გათამაშების ლიდერმა, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა", რომელმაც შინ დაამარცხა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივი" - 36:17. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ლობჟანიძე და ბეკოშვილი ეროვნულ ნაკრებში ირჯებოდნენ.

"ლა როშელის" უახლოესი მდევარი
დავით ზირაქაშვილისა
და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია", რომელმაც ასევე შინ დაამარცხა "პო" - 65:13. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში უკვე 37:6 იყო. ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ქართველი შერკინების ბურჯი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ეს მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა.

მესამეადგილოსან მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიეს" შინ "მეტრო რასინგი" უნდა მიეღო, მაგრამ ეს მატჩი გადაიდო. მიზეზი კი ისაა, რომ პარიზული კლუბები "მეტრო რასინგი" და "სტად ფრანსე", სადაც ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე თამაშობენ, გაერთიანებას აპირებენ. ამ გუნდების მოთამაშეებმა ამის საპასუხოდ გაფიცვა გამოაცხადეს. შესაბამისად, გადაიდო "სტად ფრანსესა" და "კასტრის" დაპირისპირება, რომელიც ამ უკანასკნელის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

"მონპელიეს" ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და შალვა მამუკაშვილის "ტულონი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა "გრენობლთან" - 23:23. ამ შეხვედრაში "ტულონის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის დებიუტი შედგა. ის თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, გორგოძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

მიმდინარე გათამაშებაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა აუტსაიდერმა, დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონმა". ბასკებმა შინ "ბორდოს" სძლიეს - 24:20. ქართველი შერკინების ბურჯი განაცხადში არ იყო.

ასევე არ უთამაშია "ტულუზის" შემადგენლობაში ქართველ პირველხაზელ ვასილ კაკოვინს. ტულუზელები პლეი ოფისთვის იბრძვიან და შინ "ლიონს" მოუგეს - 42:26.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე დარჩა ხუთი ტური. პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად განაღდებული მხოლოდ ორს აქვს. ესენია: "ლა როშელი" და "კლერმონი". დარჩენილი ოთხი ადგილისთვის კი ერთბაშად რვა გუნდი იბრძვის. ჯერ კიდევ გაურკვეველია პარიზული გუნდების ბედი. თუ მათი გაერთიანება მოხდა, მაშინ ერთი ადგილი თავისუფლდება. სავარაუდოდ, მას რეგულარულ გათამაშებაში ბოლოსწინა გუნდი დაიკავებს.

სიმბოლური ნაკრები
15. მაქსიმ მედარი (ტულუზი), 14. დევიდ სტრიტლი (კლერმონი), 13. პაულ იორდანი (ლა როშელი), 12. გაბრიელ ლოვობალავუ (ბაიონი), 11. ალექსის პლისონი (ტულუზი), 10. ჯონათან ვიშნევსკი (გრენობლი), 9. ენრიკო იანუარი (ლა როშელი). 1. რაფაელ შომი (კლერმონი) 2. მანუ ლეიატაუა (ბაიონი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. ჯეისონ იტონი (ლა როშელი), 5. პიულა ფაასალელე (ტულუზი), 6. პესელი იატო (კლერმონი), 7. ლევანი ბოტია (ლა როშელი), 8. ჟან მონრიბო (ბაიონი).

I დივიზიონი, XXI ტური
ბაიონი-ბორდო 24:20, კლერმონი-პო 65:13, ლა როშელი-ბრივი 36:17, ტულუზი-ლიონი 42:26, გრენობლი-ტულონი 23:23, კასტრი-სტად ფრანსე (გადაიდო), მონპელიე-მეტრო რასინგი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 71 ქულა, 2. კლერმონი - 63, 3. მონპელიე - 55, 4. ტულონი - 53, 5. პო - 52, 6. კასტრი - 51, 7. ტულუზი - 47, 8. მეტრო რასინგი - 45, 9. ბორდო - 45, 10. ბრივი - 44, 11. ლიონი - 41, 12. სტად ფრანსე - 40, 13. გრენობლი - 29, 14. ბაიონი - 26.

XXII ტური
მეტრო რასინგი-კლერმონი, გრენობლი-კასტრი, ლიონი-ბაიონი, პო-ლა როშელი, ბორდო-ტულუზი, ბრივი-მონპელიე, სტად ფრანსე-ტულონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული