რაგბი. ლეგიონი: გაგი ბაზაძის ლელო და "ლა როშელის" ტრიუმფი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ნახევარფინალში იასპარეზებს ქართველი შერკინების ბურჯის, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი".

"ლა როშელის" საჩემპიონო ამბიცია მეორე წრის შუაწელისკენ გამოიკვეთა. გუნდი შინ თუ გარეთ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდა და აღწევდა კიდეც. სასიხარულოა, რომ ამ გუნდის მწვრთნელთა შტაბში ქართველი სპეციალისტი, ყოფილი "ბორჯღალოსანი" აქვსენტი გიორგაძე მუშაობს. ის შერკინების პირველი ხაზის დამრიგებელია. მანვე დანერგა დერეფანში თამაშის სავარჯიშო ახალი სისტემა, რომელმაც, როგორც ჩანს, "ლა როშელს" დიდი სარგებელი მოუტანა.

ჩვენებურთა ამ გუნდმა 23-ე ტურში
შინ მიიღო "ბორდო" და 16:5 დაამარცხა. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს.

ამ ტურში ერთი უცნაური ამბავიც მოხდა: შინ დამარცხდნენ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები, "კასტრი" და "კლერმონი". საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი სახლის გუნდებად მიიჩნევა, ანუ საკუთარ კედლებში იშვიათად აგებენ და აგერ, ორივემ ერთად წააგო.

დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" მარცხი განიცადა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივთან" დაპირისპირებაში - 21:26.

"ვულკანების" შემადგენლობაში მხოლოდ გიორგაძემ ითამაშა. ის შეხვედრაში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ბეკოშვილი და ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და 41-ე წუთზე შეცვალეს, ლობჟანიძე მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა.

სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან "კლერმონს" ოთხი ქულით ჩამორჩება მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით მოუგო "გრენობლს" - 54:14.

ნარიაშვილი, მიქაუტაძე და ბაზაძე თადარიგში იყვნენ და თამაშში ერთდროულად, მე-60 წუთიდან ჩაერთნენ, ბაზაძემ შვიდ წუთში ლელო გაიტანა, ნარიაშვილს მატჩის არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლების მოპოვების შანსს ინარჩუნებს მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონიც", რომელმაც შინ დაამარცხა ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 33:23. ჩილაჩავა 41-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინმა მოედანი 51-ე წუთზე დატოვა, გორგოძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
XXIII ტური
ლა როშელი-ბორდო 16:5, ბაიონი-სტად ფრანსე 16:32, კასტრი-ლიონი 16:17, კლერმონი-ბრივი 21:26, მონპელიე-გრენობლი 54:14, მეტრო რასინგი-პო 34:32, ტულონი-ტულუზი 33:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 79 ქულა, 2. კლერმონი - 65, 3. მონპელიე - 61, 4. ტულონი - 57, 5. კასტრი - 53, 6. 6. რასინგი - 53, 7. პო - 53, 8. ბრივი - 52, 9. ლიონი - 50, 10. ბორდო - 49, 11. სტად ფრანსე - 49, 12. ტულუზი - 47, 13. გრენობლი - 33, 14. ბაიონი - 26

XXIV ტური
ბრივი-ბორდო, გრენობლი-კლერმონი, ლიონი-ლა როშელი, მონპელიე-ბაიონი, სტად ფრანსე-პო, ტულონი-კასტრი, ტულუზი-მეტრო რასინგი

* * *
მეორე დივიზიონში პირველობისთვის ბრძოლა მაქსიმალურად დაიძაბა. პირდაპირ პირველ დივიზიონში გადასვლის უფლების მოპოვებისთვის ერთბაშად ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იბრძვის. ესენია: ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსი", ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" და თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი".

27-ე ტურში "ოიონაქსმა" სტუმრად "ბიარიცთან" წააგო და მას კონკურენტები წამოეწივნენ, რომლებმაც გამარჯვებას ასევე სტუმრად გამართულ მატჩებში მიაღწიეს. მომდევნო ტურში მათ ისეთი მეტოქეები ჰყავთ, რომ სატურნირო ცხრილში რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

II დივიზიონი
XXVII ტური
ბიარიცი-ოიონაქსი 16:13, ანგულემი-აჟენი 19:22, ორიაკი-ალბი 37:20, ბეზიე-მონტობანი 9:24, ბურგუენი-მონ დე მარსანი 14:56, დაქსი-კარკასონი 25:15, ვანი-კოლომიე 19:15, ნარბონი-პერპინიანი 12:28

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 81 ქულა, 2. აჟენი - 79, 3. მონ დე მარსანი - 76, 4. კოლომიე - 72, 5. მონტობანი - 72, 6. ბიარიცი - 72, 7. პერპინიანი - 69, 8. ორიაკი - 65, 9. კარკასონი - 59, 10. ბეზიე - 58, 11. ანგულემი - 56, 12. ვანი - 55, 13. დაქსი - 55, 14. ნარბონი - 51, 15. ალბი - 45, 16. ბურგუენი - 17.

XXVIII ტური
კოლომიე-ბიარიცი, აჟენი-ვანი, ალბი-ბეზიე, კარკასონი-ნარბონი, მონტობანი-დაქსი, ოიონაქსი-ბურგუენი, პერპინიანი-ანგულემი, მონ დე მარსანი-ორიაკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგი ბაზაძესა დ მონპელიეს მტელ სჰემადგენლობას გილოცავდ წარმატებას გამარჯვებებიდ გევლოდ მუდამ
giuligia mushkudiani
22:25 11-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული