ლეგიონერები: საფრანგეთის პირველი ტური სენსაციური გამოდგა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტური ელიტურ, პირველ დივიზიონში სენსაციური გამოდგა.

წააგეს ჩემპიონმა "კასტრმა", გრანდებმა "ტულუზმა" და "სტად ფრანსემ", ვერ მოიგო "ტულონმაც".

სატურნირო ცხრილს სათავეში "ბაიონი" და "ბორდო" მოექცნენ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გრძელი, მომქანცველი "მარათონია".

წლევანდელი ჩემპიონატი მონპელიეში გაიხსნა, სადაც მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის ადგილობრივმა გუნდმა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" უმასპინძლა. დაძაბული და ძალზედ საინტერესო შეხვედრა ფრედ, 22:22 დასრულდა.

თამაში, მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა გუნდი ვარსკვლავებითაა სავსე, "მონპელიეს" უპირატესობით დაიწყო და ასე გრძელდებოდა 68-ე წუთამდე. ამ დროისთვის
მასპინძლები ათი ქულის სხვაობით იგებდნენ - 22:12, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ შეძლეს.

ტულონელებმა ჯერ ჯონი ვილკინსონის საჯარიმოთი შეამცირეს ანგარიში, მერე კი, 71-ე წუთზე მაქსიმ მერმოსმა ლელო გაიტანა, რომელიც ასევე ინგლისელმა მგეზავმა გარდასახა - 22:22. დასკვნით ცხრა წუთში ანგარიში უცვლელი დარჩა.

ნარიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 52-ე წუთზე შეცვალეს; მიქაუტაძე ტულონელთა თადარიგში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა; გორგოძე ტრავმირებულია, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო.

საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტუმრად წააგო გიორგი ჟღენტის "პერპინიანთან" - 23:26.

სტუმართა გუნდი დასაწყისშივე დაწინაურდა. კასტრელებმა ლელო მესამე წუთზე გაიტანეს, რასაც კიდევ ერთი საჯარიმო მიაყოლეს და მე-10 წუთისთვის უკვე 10:0-ს იგებდნენ.

კატალონიურმა კლუბმა ნელ-ნელა მდგომარეობის გამოსწორება შეძლო და პირველი ტაიმის ფრედ დასრულება მოახერხა - 13:13. შესვენების შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, როცა "კასტრი" 23:19-ს იგებდა, მასპინძლების ხანგრძლივი იერიში გარდასახული ლელოთი დასრულდა და "პერპინიანმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ფეიქრიშვილი და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ.

საფრანგეთისა და ვეროპული რაგბის გრანდმა, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" სტუმრად წააგო ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოსთან" - 25:31.

ტულუზელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მალე სამი საჯარიმო გაიტანეს და 9:0-ით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლები სახელოვან სტუმრებს არ შეუშინდნენ და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით, 13:12 მოუგეს.

შესვენების შემდეგ "ბორდომ" ყველაფერი იღონა წარმატების მისაღწევად და მრისხანე მეტოქეს, რომელიც მუდამ პირველობისთვის იბრძვის, პირველივე ტურში მარცხი აგემა.

კაკოვინმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 53-ე წუთზე შეცვალეს; ბრეგვაძე სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა ასპარეზობის საშუალება არ მიეცა; ასევე არ უთამაშია ნავროზაშვილსაც.

სტუმრად "გრენობლთან" წააგო წლეულს საგრძნობლად მოღონიერებულმა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" - 16:19.

ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. "ალპელებმა" პარიზელებზე ერთი საჯარიმოთი მეტი გაიტანეს და "სტად ფრანსე" შინ გაწბილებული გაუშვეს.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანიას არ უთამაშია.

ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" სტუმრად მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 22:18.

ეს შეხვედრა ერთადერთია პირველ ტურში, სადაც წარმატებას სტუმრებმა მიაღწიეს. "ვულკანებმა" უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. ჩვენებურის გუნდი მე-20 წუთისთვის 13:0-ს იგებდა. შესვენების შემდეგ ბასკები საგრძნობლად გააქტიურდნენ, თუმცა საბოლოოდ ანგარიშის მხოლოდ ოთხ ქულამდე შემცირება მოახერხეს. ზირაქაშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.

წარმატებული სტარტი აიღო გათამაშების ფავორიტმა, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა", რომელმაც შინ დაამარცხა პირველ დივიზიონში წლეულს დაბრუნებული გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" - 19:14.

სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერებულ მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. პარიზულ გუნდში მოთამაშეთა უმრავლესობასთან ერთად მწვრთნელებიც შეიცვალნენ. ამიტომ "მეტრო რასინგი" ჯერ კიდევ სრულად ვერ ავლენს მის პოტენციალს.

შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილსა და ასეიშვილს არ უთამაშიათ.

I დივიზიონი
I ტური
მონპელიე-ტულონი 22:22, ბიარიცი-კლერმონი 18:22, ბაიონი-ოიონაქსი 39:11, ბორდო-ტულუზი 31:25, გრენობლი-სტად ფრანსე 19:16, მეტრო რასინგი-ბრივი 19:14, პერპინიანი-კასტრი 26:23.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიონი - 5 ქულა, 2. ბორდო - 4, 3. მეტრო რასინგი - 4, 4. კლერმონი - 4, 5. პერპინიანი - 4, 6. გრენობლი - 4, 7. ტულონი - 2, 8. მონპელიე - 2, 9. კასტრი - 1, 10. სტად ფრანსე - 1, 11. ბიარიცი - 1, 12. ბრივი - 1, 13. ტულუზი - 1, 14. ოიონაქსი - 0.

II ტური
ტულონი-მეტრო რასინგი, ოიონაქსი-კლერმონი, ბიარიცი-მონპელიე, კასტრი-გრენობლი, პერპინიანი-სტად ფრანსე, ტულუზი-ბაიონი, ბრივი-ბორდო.

სეზონის დაწყებისთვის ემზადებიან ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდებიც. აქ შეჯიბრება 31 აგვისტოს აიღებს სტარტს.

ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრები გამართეს. გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონმა" ნეიტრალურ მოედანზე "ბურგუენს" მოუგო - 26:10.

"მიხარია, რომ ამ მატჩში "ლიონის" შემადგენლობაში ჩემი დებიუტი შედგა. კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს, რათა თანაგუნდელებთან შეთამაშება შევძლო",
- თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა, რომელმაც კავთიძესთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბის" მინიმალური სხვაობით - 26:25 მოუგო.

ასევე ერთი ქულის სხვაობით დაამარცხა ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და გიორგი ჩხაიძის "ტარბმა" თანადივიზიონელი "კოლომიე" - 27:26.

საკონტროლო მატჩები
ტარბი-კოლომიე 27:26, ოში-კარკასონი 28:21, ორიაკი-ალბი 26:25, ლიონი-ბურგუენი 26:10.

23 აგვისტო
ნარბონი-ბეზიე, ალბი-კოლომიე, ოში-მონტობანი, მონ დე მარსანი-ბურგ ან ბრესი, ლა როშელი-აჟენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული