"ბორჯღალოსანთა" კვაჭისთვის ინგლისური "სეილ შარქსის" შემდეგ ეს მეორე ბრიტანული კლუბია. ასევე, მამუკაშვილი მეორე ქართველი მორაგბეა, რომელიც შოტლანდიურ პროფესიულ კლუბში ითამაშებს - 2012/14 წლებში "ედინბურგში" თამაშობდა ბორჯღალოსანი დიმიტრი ბასილაია.
შალვას ახალი კლუბი, რომელიც "გინეს პრო 12"-ში (ყოფილი კელტთა ლიგა) ასპარეზობს, 1872 წელს ჩამოყალიბდა. კლუბი პირველობის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო 2015-16 წლების სეზონის 7 ტურის ჯამში 22 ქულით მე-6 ადგილზეა. შემდეგი თამაში "ვორიორზს"
"პრო 12"-ის გარდა, "ვორიორზი" ევროპული პროფესიული კლუბური რაგბის "ჩემპიონთა თასზე" მონაწილეობს, სადაც წლევანდელი სეზონი 14 ნოემბერს აიღებს სტარტს. მამუკაშვილის კლუბი "ნორსჰემპთონ სეინთსთან" (ინგ), "სქარლეთსთან" (უელ) და ბორჯღალოსან დავით ხინჩაგაშვილის "მეტრო რასინგთან" (საფ) ერთად მე-3 პულშია განთესილი. სეზონის პირველი თამაში "გლაზგო ვორიორზს" სწორედ "რასინგთან" აქვს, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მორაგბე, დენ ქართერი გადავიდა.
"ვორიორზის" სამწვრთნელო შტაბმა შალვა ჩემპიონთა თასისთვის გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში უკვე შეიყვანა, სადაც იგი ტრავმირებულ ქევინ ბრაისს შეცვლის.
"წინა სეზონში ჩემპიონთა თასსა და "პრო 12"-ს თვალს ვადევნებდი და ვიცი, რომ "გლაზგო" საკმაოდ კარგი გუნდია, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო.
მსოფლიოს თასზე თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც დარწმუნებული ვარ, კლუბში დამეხმარება.
"გლაზგოში" ბევრი საერთაშორისო მორაგბე და ლამისაა შოტლანდიის ნაკრების ნახევარი თამაშობს. მაღალი დონის პროფესიონალური კლუბია და აქ თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ", - თქვა შალვა მამუკაშვილმა.
"ვორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა განაცხადა:
"ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონთა თასის კამპანიის წინ ჩვენს გუნდს შალვა დაემატა. იგი საკმაოდ გამოცდილი კვაჭია, რომელიც სანაკრებო რაგბის ბოლო ოთხი წელია თამაშობს, ხოლო მსოფლიოზე ზელანდიის წინააღმდეგ საუცხოოდ ითამაშა. ინგლისური "სეილ შარქსის" შემადგენლობაშიც, პრემიერშიპში თუ ჩემპიონთა თასზე, ძალიან კარგად იასპარეზა".
შალვა მამუკაშვილმა სანაკრებო კვართი პირველად 2011 წლის ივნისში ბუქარესტში, სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრებთან მოირგო და მას შემდეგ 35 კეპი მოიხვეჭა. "ბორჯღალოსნების" რიგებში მან 5 ლელო მიითვალა. წლევანდელ მსოფლიოს თასზე მან "ბორჯღალოსანთა" ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით