A ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობენ "ქართული კლუბები": "მასი" და "ანგულემი". დავით დადუნაშვილის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, დავით აშვეთიასა და ვახტანგ ახობაძის "მასიმ" შინ "ბობინი" მიიღო და 26:11 დაამარცხა. ახობაძემ, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, მე-5 წუთზე ლელო გაიტანა, დადუნაშვილმა მოედანი 63-ე წუთზე დატოვა, ბუჯიაშვილმა კი ხუთი წუთით მეტი ითამაშა.
B ჯგუფში საპლეიოფო ზონაში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია. მათ შორის ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ბაჩუკი გუჯარაიძის, ნიკოლოზ კაზალიკაშვილისა და ლადო გუნიავას "ლიმოჟს" აქვს, რომელიც ახლა 48 ქულით მეორე ადგილზეა. ლიმოჟელებმა მე-14 ტურში სტუმრად მინიმალური სხვაობით - 20:21 წააგეს მეოთხეადგილოსანთან, ოთარ ტორაძის "რუენთან".
გუჯარაიძემ სრულად ითამაშა, კაზალიკაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, გუნიავა თამაშში იმავდროულად ჩაერთო, ტორაძე განაცხადში არ იყო.
"ლიმოჟს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილი", რომელმაც სტუმრად წააგო "სენ მედართან" - 11:15. ჩხაიძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, სორდია განაცხადში არ იყო.
C ჯგუფში პირველობისთვის თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის "ოში" იბრძვის. ჩვენებურთა ეს გუნდი მე-14 ტურში შინ დაუპირისპირდა ლიდერს და უშუალო კონკურენტ "ნევერს". ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა და "ოშის" გამარჯვებით დასრულდა - 13:3. შედეგად, ოშელებმა მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
ასევე პირველობისთვის იბრძვის D ჯგუფის ბინადარი, ბექა ბიწაძისა და ბექა გიგაშვილის "შამბერი". ქართველთა ამ გუნდმა შინ დიდი ანგარიშით სძლია დავით ბალანჩივაძის "ვიენს" - 66:0.
ბიწაძემ, რომელიც თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, 62-ე წუთზე ლელო მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში ეს მისი მე-4 ლელოა. გიგაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ბალანჩივაძემ მოედანი 10 წუთის შემდეგ დატოვა. "შამბერი" ლიდერ "ბურგ ან ბრესს" ხუთი ქულით ჩამორჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"