მე ვარ ქართველი, რაგბის ვთამაშობ 11 წლიდან! კოტე მიქაუტაძე "მონპელიეს" ქომაგს გაეცნო

AutoSharing Option
ფოტოზე: კონსტანტინე მიქაუტაძე
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ახალი სეზონიდან კარიერას ფრანგულ "მონპელიეში" განაგრძობს, რომლის ღირსებასაც ორი ქართველი შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი იცავენ.

ჩვენებური უკვე გამოცხადდა კლუბის ოფისში და მომავალი ჩემპიონატისთვის ემზადება.

ახლახან, "მონპელიეს" ხელმძღვანელებმა სტადიონზე ქომაგებს გუნდის პრეზენტაცია მოუწყვეს. მათ ახალი მორაგბეები გააცნეს, რომლებმაც ძველებთან ერთად გუნდის ახალი მაისური წარმოადგინეს, რომლითაც ამიერიდან მონპელიელებს იტალიური კომპანია "კაპპა" უზრუნველყოფს.

"მონპელიეს", რომელსაც წლეულს საკმაოდ სერიოზული მიზნები აქვს, მიქაუტაძის გარდა, კიდევ რამდენიმე ძლიერი მორაგბე დაემატა. ესენია: ნემანი ნადოლო (ფიჯი), ჯო
ტომანე (ახალი ზელანდია), ალექსანდრ დომულენი (საფრანგეთი), ბენ ბოტიკა (ახალი ზელანდია) და ვინსან მარტინი (საფრანგეთი). შეგახსენებთ, რომ "მონპელიემ" შარშანდელ ჩემპიონატში პლეი ოფში გააღწია.

"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს, როგორც ახალწვეულს, უმალ ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელიც "მონპელიეს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან.

- "მონპელიეს" იმ ქომაგებისთვის, ვინც თქვენ შესახებ არაფერი იცის, წარმოგვიდგინეთ თუ შეიძლება თქვენი თავი...
- მე ვარ ქართველი. რაგბის ვთამაშობ 11 წლიდან. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე სერიოზული საქმე გახდა პირველი დღიდან, რაც რაგბის ბურთი ხელში ავიღე. 17 წლის ასაკში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი. ამის მერე საფრანგეთში ჩამოვედი და "აჟენში" ერთი წელიწადი ვთამაშობდი. მერე "ტულონში" გადავედი და იქ ექვსი წელიწადი დავყავი. ახლა, კი მინდა "მონპელიეს" კვართით ვითამაშო.

- როგორ მოხვდით რაგბიში?
- თავდაპირველად კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი სპორტის სახეობა არაა. მის თამაშს რომ თავი დავანებე, ჩემს სკოლაში გახსნილ რაგბის სექციას მივაშურე. სპორტის ეს სახეობა და მისი ფასეულობები უმალვე შემიყვარდა.

- რატომ გადაწყვიტეთ დაგეტოვებინათ "ტულონი", რომლის შემადგენლობაშიც 2011 წლიდან თამაშობდით?
- "მონპელიეს" შემოთავაზება იმიტომ მივიღე, რომ ჩავთვალე ჩემი კარიერისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი მორაგბისთვის იმ სათამაშო დროს, რაც მას სეზონის განმავლობაში უწევს. "ტულონში" ამ მხრივ შეზღუდული ვიყავი. ახალ კლუბში, ვფიქრობ, შევძლებ ჩემი ადგილი ვიპოვო. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ამასთან ერთად, "მონპელიე" დიდი გუნდია, სადაც უმაღლესი რანგის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბია, რაც ხელს შემიწყობს, კიდევ უფრო განვვითარდე.

- როგორ დაამყარეთ კონტაქტი "მონპელიესთან"?
- ჩემმა მენეჯერმა დამირეკა. და მითხრა, "მონპელიეს" სპორტული დირექტორი შენით დაინტერესებულიაო. გადავწყვიტე, შევხვედროდი. ჩამოვედი მონპელიეში, შევხვდი გუნდის ხელმძღვანელობას და მალევე მოვილაპარაკეთ ჩემი კონტრაქტის თაობაზე. სწორედ მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე კლუბის გამოცვლა.

- შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ აირჩიეთ "მონპელიე"?
- როგორც უკვე ვთქვი, სერიოზული მიზეზი მქონდა საამისოდ. გუნდი, სამწვრთნელო შტაბი, კლუბის პრეზიდენტი, ჩემი კარიერა... ამასთან ერთად, ჩემმა ახლო მეგობარმა მამუკა გორგოძემ მირჩია "მონპელიეში" გადასვლაზე უარი არ მეთქვა.

- "მონპელიეში" საქართველოს ნაკრების მორაგბეები, თქვენი მეგობრები, მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი თამაშობენ...
- დიახ, ისინი ჩემი მეგობრები არიან. მიხარია, რომ მათთან ერთად ვითამაშებ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემს გვერდით არიან.

- ბოლოს, რას ეტყვით "მონპელიეს" ქომაგებს?
- იმედი მაქვს, გუნდის ქომაგების იმედებს გავამართლებ და მათთან კარგი ურთიერთობა მექნება.

P.შ. "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს 20 აგვისტოს სტუმრად ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" გამართავს.

Sportall.Ge
ფოტოზე: მიხეილ ნარიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მალე ჩამოოოოოოოო კოტე მაეტ წარმატებები ქარტველ ხალსაც გვჩირდება შნისთნა გამოცდილი რაგბისტი არ დაგვივიწყო
ნანა
13:38 16-09-2016
0
კოტე აბა შენ იცი წარმატებები გქონოდეს უფალი გფარავდეს
ნანა
13:35 16-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული