რაგბი. ლეგიონი: მეორე დივიზიონში "არაქართული გუნდი" გალიდერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი წრის ბოლოსწინა ტური გაიმართა. შედეგად, მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ სატურნირო ცხრილს სათავეში "არაქართული გუნდი" უდგას.

მიუხედავად ამისა, ქართველ მორაგბეთა გუნდები ლიდერთა შორის უხვად არიან. ასე მაგალითად: "ოიონაქსმა", "აჟენმა" და "ორიაკმა" თანაბარი, 41-41 ქულა დააგროვეს და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, გიორგი შარაშიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" შინ მიიღო ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის "ვანი" და 24:22 სძლია. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, შარაშიძე
მოედანზე 17 წუთის შემდეგ გამოჩნდა, მაისურაძე და ბეჯიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" სტუმრად ითამაშა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანთან" და 21:22 წააგო. გორგაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ვეფხვაძე და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ.

თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად წააგო "კოლომიესთან" - 27:33. ჩვენებურთაგან მხოლოდ მჭედლიძემ ითამაშა.

კვლავ შესანიშნავად თამაშობს შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი". მეორე დივიზიონის დებიუტანტმა ამჯერად შინ დაამარცხა "ნარბონი" - 23:10. სუთიაშვილმა, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, 23-ე წუთზე ლელო გაიტანა. თავბერიძეს არ უთამაშია.

"ანგულემს" ახლა 36 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. ჩვენებურთა ამ გუნდს შანსი აქვს, პლეი ოფში გააღწიოს, მაგრამ ამ ეტაპზე თუ დივიზიონში ადგილის შენარჩუნება შეძლო, ვფიქრობთ, ურიგო შედეგი არ იქნება.

აუტსაიდერთა შორის არიან ქართველ მორაგბეთა გუნდები "ალბი" და "ბეზიე". ბექა შეყლაშვილის "ალბიმ" შინ მოუგო "ბურგუენს" - 35:24. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

ისევ წააგო ლაშა ლომიძის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა ამჯერად შინ დათმეს ბასკურ "ბიარიცთან" - 23:34. ლომიძე განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი, XIV ტური
კოლომიე-აჟენი 33:27, ალბი-ბურგუენი 35:24, ანგულემი-ნარბონი 23:10, ორიაკი-ვანი 24:22, კარკასონი-დაქსი 36:0, მონ დე მარსანი-ოიონაქსი 22:21, მონტობანი-პერპინიანი 31:10, ბეზიე-ბიარიცი 23:34

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 43 ქულა, 2. ოიონაქსი - 41, 3. აჟენი - 41, 4. ორიაკი - 41, 5. კოლომიე - 39, 6. ანგულემი - 36, 7. მონ დე მარსანი - 35, 8. ბიარიცი - 32, 9. კარკასონი - 32, 10. ნარბონი - 29, 11. პერპინიანი - 28, 12. ვანი - 28, 13. ალბი - 27, 14. დაქსი - 25, 15. ბეზიე - 22, 16. ბურგუენი - 14.

XV ტური
აჟენი-მონტობანი, ანგულემი-კოლომიე, ბურგუენი-ორიაკი, დაქსი-ბეზიე, ნარბონი-კარკასონი, ოიონაქსი-ბიარიცი, პერპინიანი-ალბი, ვანი-მონ დე მარსანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული