სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდმა "დევები" დაამარცხა

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: ანი ბერთლანი

სან დიეგოს უნივერსიტეტის (SDSU) სტუდენტების ენერგიას ქართველმა მოყვარულებმა, "დევებმა" მხარი ვერ აუბეს და "ლელო არენაზე" გამართულ მატჩში სტუმრებმა 55:15 იმარჯვეს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის რაგბის კლუბი "აცტეკები" საქართველოში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.

მათი მეტოქე პირველი ქართული სამოყვარულო რაგბის კლუბი "დევები" იყო, რომლის შემადგენლობაშიც ვეტერანი და მოყვარული მორაგბეები თამაშობენ.

შეხვედრას ამერიკის ელჩი საქრთველოში იენ კელი, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი შვილები, საელჩოს თანამშრომლები, სტუდენტები და რაგბის ქომაგები დაესწრნენ. ტრიბუნებზე ჯამში 1000-მდე
მაყურებელი შეიკრიბა და ორივე გუნდს მხურვალე ქომაგობა ჰქონდა, რამაც სტადიონზე თამაშისთვის შესაფერისი საზეიმო განწყობა შექმნა.

სტუდენტები "დევებზე" მსუბუქები, ენერგიულები და სწრაფები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ "დევები" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი სტუმრებმა 19-5 მოიგეს. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში "დევებს" დაღლა დაეტყოთ და "აცტეკებმა" საბოლოოდ 55:15 იმარჯვეს.

გუნდებს შორის მეგობრული დაპირისპირება მესამე ტაიმში გაგრძელდა. აქ "დევები" უკეთეს ფორმაში იყვნენ და სრულფასოვანი რევანში აიღეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მორაგბეები გამოვლინდნენ და მათ საჩუქრები გადაეცათ. საჩუქრების გარეშე არც მაყურებელთა ნაწილი დარჩა.

შესვენებისას ტრიბუნებზე პატარა ზომის რაგბის ბურთები და სპეციალური სუვენირები ისროლეს, რომლებიც სპეციალურად საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლიანი იუბილესთვის დამზადდა.

"დევებს" საერთაშორისო თამაშები აქამდეც გაუმართავთ, თუმცა "აცტეკები" დანარჩენებზე ძლიერად გამოიყურებოდნენ და ეს ქართველმა მორაგბეებმა თავიანთ თავზე გამოსცადეს.

ლევან ჯაში: "ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი შეხვედრები ხშირად გვექნება. ქართული რაგბის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია. მეტოქე ახალგაზრდებით, კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული უმაღლესი დონის გუნდი იყო და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა".

ზუკა შენგელია: "სან დიეგოს უნივერსიტეტის ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდი კარგად მომზადებული აღმოჩნდა. სწრაფი ბიჭები იყვნენ, კარგ რაგბის თამაშობდნენ, სისწრაფასა და გადაწყობაში გვაჯობეს და დამსახურებულად მოგვიგეს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული