სეუ-ს 7-კაცა მორაგბეთა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 7-კაცა გუნდი გუშინ იტალიაში, ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელსაც მილანი მასპინძლობს.

სეუ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატში მეხუთედ თამაშობს, რაც მისი რექტორის, გია კავთელიშვილის დამსახურებაა, რომელიც სტუდენტურ რაგბს მუდამ მხარში ედგა.

წინა ოთხ ჯერზე ჩემპიონები ქართველები გახდნენ და ამავდროულად სხვადასხვა ინდივიდუალური პრიზებიც მოიგეს. მათ შორის აღსანიშნავია სპეციალური პრიზი - ყველაზე სამართლიანი გუნდი: ფინალური მატჩის მსვლელობისას, მეტოქე გუნდს მორაგბე დაუშავდა, შეცვლები უკვე შესრულებული ქონდა, სეუ-მ ერთი მოთამაშე თავადაც მოიკლო
და გამარჯვება თანასწორ ბრძოლაში მოიპოვა.

საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი 21 ივლისს იწყება და სეუ-ს პირველი მეტოქე საფრანგეთის, რენის უნივერსიტეტის გუნდი იქნება. იმავე დღეს, 3 საათში, ქართველი სტუდენტები პორტუგალიელებს, კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდს შეხვდებიან, ხოლო საღამოს ბუქარესტის (რუმინეთი) ეკოლოგიური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ითამაშებენ. მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი მატჩია და ჯერ რუსეთის, ყუბანის სპორტისა და ტურიზმის, მერე მილანის უნივერსიტეტების გუნდებს შევხვდებით. დასკვნით დღეს ვალენსიელ (ესპანეთი) სტუდენტებს ვხვდებით, რის შემდეგაც ჯგუფური ეტაპი დასრულდება და დაკავებული ადგილის მიხედვით, ფინალური შეხვედრების დრო დადგება.

წელს სეუ-ს 7-კაცას ლევან ობოლაძე წვრთნის, ხოლო გუნდის კაპიტანი დიმიტრი კალანდაძეა, რომელსაც გუნდისთვის ორ ევროპის ჩემპიონატზე უკვე უკაპიტნია.

"სეუ 4-გზის ევროპის ჩემპიონია და წელსაც მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძოლებთ. მილანში კარგი შემადგენლობით მივდივართ. გუნდი სეუ-ს ბაზაზეა დაკომპლექტებული, რომელიც წელს სტუდენტური 7-კაცას ჩემპიონი გახდა. ამ უნივერსიტეტიდან 5 მოთამაშე გვყავს, ხოლო დანარჩენი 7 მორაგბე სხვა სასწავლებლებიდან დავიმატეთ. ეს მიღებული პრაქტიკაა. პორტუგალიისა და რუმინეთის გუნდები 7-კაცას ეროვნული ნაკრებების ბაზაზე შექმნილი გუნდებით მოდიან. ვფიქრობ, პირველობისთვის ჩვენი უპირველესი მეტოქეები სწორედ ისინი, ასევე საფრანგეთისა და რუსეთის გუნდები იქნებიან" - გვითხრა სეუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ.

სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე: დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელის ასისტენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი: პაატა მაისურაძე

ფიზ.მომზადების მწვრთნელი: გიორგი ჭყოიძე

მენეჯერი: ლელა წიკლაური

ექიმი: გიორგი მურადაშვილი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული