მამუკა გორგოძის მორიგო ლელო - "ლელოს" მკითხველის აღიარება

AutoSharing Option
- დიდი მადლობა ჩემი შრომის დაფასებისთვის, - თქვა 24 თებერვალს კაფე "მსოფლიო სპორტში" მორაგბე მამუკა გორგოძემ, რომელსაც 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი "ლელოს" მკითხველის ჯილდო უმშვენებდა ხელს.

...საქართველოს უძველესმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომლის მიხედვით გულშემატკივრების გამოკითხვის მიხედვით ყოველი წლის საუკეთესო სპორტსმენს "ლელოს" სპეციალური პრიზით დააჯილდოვებს. წლის სპორტსმენად მამუკა სპორტის სამინისტრომაც დაასახელა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამაც. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის "ლელოს" გამოკითხვა.

- ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გამოკითხვა იყო, რადგან სწორედ აქ უნდა დაფიქსირებულიყო ხალხის აზრი.
მიხარია, რომ გულშემეტკივარმაც საუკეთესოდ დამასახელა. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და ვეცდები ქართველთა იმედები მომავალშიც გავამართლო, - გვითხრა მამუკამ, რომელიც დაჯილდოვების ცერემონიალიდან მალე გავიდა, რადგან დღეს პორტუგალიასთან სერიოზული მატჩი ელის.

- ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ ქომაგის გასახარებლად. პორტუგალია ძლიერი გუნდია და მასთან მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა გავიდეთ, - ესეც გორგოძის სიტყვებია.

* * *
ახლა, ზოგადად ღონისძიების შესახებ. "მსოფლიო სპორტში" ქართული სპორტული სამყაროს ელიტა შეიკრიბა, 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანიდან დაწყებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცის, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგით დამთავრებული.

დაჯილდოებას უძღვებოდა თემურ ჯაფარიძე, შეკრების მიზანი კი გაზეთ "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გაგვაცნო:

- ეს დღე ღირსსახსოვარ მოვლენად დარჩება "ლელოს" არსებობის 78-წლიან ისტორიაში - გაზეთმა პირველად ჩაატარა მკითხველის გამოკითხვა წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი განხორციელდა "მედია პალიტრას" თანადგომით.

მოგეხსენებათ, საქართველო მსოფლიოში აღიარებული სპორტული ქვეყანაა და მკითხველს არჩევანი არ გაძნელებია. გამოკითხვაში ჩავრთეთ 40 სპორტსმენი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს 2011 წელს საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე, მოიპოვეს ერთი ან რამდენიმე მედალი. გამოვლინდა საუკეთესო ათეულიც. საბოლოოდ გამარვება ღირსეულ კანდიდატს დარჩა.

გამოკითხვის შედეგებს ქვემოთ შემოგთავაზებთ, აქ კი გეტყვით, რომ მეორე ადგილზე გავიდა კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, ხოლო მესამე იყო ფეხბურთელი კახა კალაძე.

საქვეყნოდ აღიარებულ ვარსკვლავებს რომ მიბაძონ და პროგრესისთვის დამატებითი სტიმული ჰქონდეთ, "ლელოსა" და "მედია პალიტრას" ინიციატივით ორი ახალგაზრდა სპორტსმენი გაზეთის ერთწლიანი ხელმოწერით დაჯილდოვდა - მორაგბე მერაბ შარიქაძე და კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი.

ამ მოვლენას რაგბის კავშირის ხელმძღვანელი გია ნიჟარაძე გამოეხმაურა:
Sportall.Ge
- "ლელოს" ერთწლიანი ხელმოწერა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის დიდი სტიმულია. მითუმეტეს მერაბ შარიქაძისთვის, რომელიც მეტად მონდომებულია, თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით 18 წლის ასაკში უკვე ეროვნულ ნაკრებშია. რაც შეეხება მამუკა გორგოძის აღიარებას, მისასალმებელია, რომ შრომა დაუფასდა. იგი მოედანზეცა და მის მიღმაც ლიდერია, სამაგალითო ადამიანია.

"პალიტრა L-მა" გია ნიჟარაძე ქართული კულინარიის ახლადგამოცემული წიგნით დააჯილდოვა. გალაქტიონის წიგნთა კრებული ერგო "ლელოს" ღვაწლმოსილ ფოტოგრაფ ალექსანდრე კოტორაშვილს, ხოლო მიხეილ ჯავახიშვილის კრებული საჩუქრად საღამოს წამყვან თემურ ჯაფარიძეს გადაეცა. ვაჟა ფშაველას ნაშრომები კი დამსწრე საზოგადოებაში ლატარიის წესით გათამაშდა და იგი ჟურნალისტმა პაატა თოთაძემ მოიგო.

* * *
შეხვედრის ბოლოს "ლელოს" კორესპონდენტმა ბესიკ ჯანგავაძემ წარმოგვიდგინა საკუთარი ნაშრომი, ფილმი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შესახებ, რომელშიც ახალზელანდიური ამბებია შესული. დოკუმენტური ფილმის ნახვა "პალიტრა TV-ის" საიტზე შეგიძლიათ.

ბესომ მორაგბეთა ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის რიჩარდ დიქსონის სიტყვები გაიხსენა:

- 2011 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა საზოგადოებას დაანახა, რომ ძლიერ მეტოქეებთანაც შეუძლია ღირსეულად თამაში. ეს მსოფლიოს თასი საქართველოს ნაკრებისთვის უნდა იქცეს ხიდად წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

2011-ის საუკეთესო
სპორტსმენი (სახეობა) ხმა
1. მამუკა გორგოძე (რაგბი) 1223
2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) 876
3. კახა კალაძე (ფეხბურთი) 570
4. ნინო ოძელაშვილი (სამბო) 289
5. ჯაბა ხოსიტაშვილი (კრივი) 235
6. გურამ კაშია (ფეხბურთი) 209
7. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) 189
8. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავ. ჭიდაობა) 173
9. ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი) 161
10. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) 128

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული