ქართული რაგბის კლუბებისთვის 2013 წელს 3.6 მილიონი ლარი გამოიყოფა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან და თამაზ თევზაძესთან ერთად სამინისტროში, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს, ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძეც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა რაგბის კავშირისა და კლუბების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომლის თანახმადაც 2013 წლის ბოლომდე მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რაგბის კლუბებისათვის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება და 3.600.000 ლარი გამოიყოფა.

აღნიშნული
თანხა ქართულ კლუბებთნ ერთად, ეროვნული ნაკრების ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების საორგანიზაციო საკითხებსა და ასევე ასაკობრივ ნაკრებებს მოხმარდება.

მინისტრის განცხადებით, რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელიწადია წარმატებულად ხორციელდება, მომავალ წლებში კიდევ უფრო დაიხვეწება.

საუბარია რაგბის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე და პროგრამის 2020 წლამდე გახანგრძლივებაზე. სახელმწიფოს მხრიდან კი თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მონიტორინგი განხორციელდება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობის პერსპექტივაზეც. მინისტრის განცხადებით, 2015 წლის თბილისის ევროპის ოლიმპიური ფესტივალისათვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება და ფესტივალისათვის საჭირო არენების პარალელურად, დღის წესრიგში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისათვის ახალი 25-30-ათასიანი სტადიონის მშენებლობაც დგას.

ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"შევაფასეთ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გაწეული საქმიანობა და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება მეტი მხარდაჭერა.

კარგი იქნებოდა, ეს ბიზნესს გაეკეთებინა. იმედი მაქვს, ეს მომავალში ასეც იქნება. ამ ვითარებაში სახელმწიფომ გადაწყვიტა განავითაროს ის დარგი, რომელიც წარმატებულია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგრესი გარდაუვალი იქნებოდა და მერე მდგომარეობის გამოსასწორებლად გაცილებით დიდი თანხების გაღება მოგვიწევდა".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"რომ არა სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება, ქართულ რაგბიში რეგრესი დაიწყებოდა. განვითარება ზოგადად დაფუძნებულია კლუბებზე, თუ ისინი კომფორტულად არ გრძნობენ თავს, ყველანაირი შრომა წყალში გადაყრილია.

წარმოიდგინეთ, ქართული კლუბების ბიუჯეტი წელიწადში საშუალოდ 100-150 ათასი ლარია, მაშინ, როცა რუსეთის ერთი გუნდის, კრასნოიარსკის "ენისეის" ბიუჯეტი 11 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არაადეკვატური განსხვავებაა.

ინფრასტრუქტურული და სხვა მიმდინარე პროექტები ისევ გრძელდება. მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის წევრებს, რომლებმაც ეს არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს თანხა ორი წელიწადი საკმარისი იქნება. დროებით პრობლემა მოგვარებულია. მერე, იმედი გვაქვს, ქვეყანაც განვითარდება, ეკონომიკური მდგომარეობაც გამოსწორდება და რაგბისთვის ბიზნესიც მოიცლის".


ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"გადაწყდა ქართული რაგბის ყოფნა არყოფნის საკითხი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერმინისტრს ყველაფრისთვის, რაგბის მხადაჭერისთვის".

ბათუ კევლიშვილი, სარაგბო კლუბ "ლელოს" პრეზიდენტი:

"მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს გაწეული ძალისხმევისთვის. ეს მხარდაჭერა ქართულ რაგბის ჟანგბადივით სჭირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით და იმედით ვუყურებთ მომავალს".

სპორტის სამინსიტროს პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლევან კიფიანმა დაგუპა სპორტი გლეხი გლეხად უნდა დატოვოთ გვარი არ უხდება,სულიტ გლეხია კიფიანი..მოაშორეტ იფიანი
mania
18:14 30-07-2013
0
გულით გილოცავთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ველით, პატივისცემით, კახა ბილაშვილი
Dato
18:17 30-07-2013
0

სიახლეები პოპულარული