საქართველოს შვიდაკაცა რაგბის ნაკრები ბუქარესტის გრან პრიზე იასპარეზებს

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი 21-22 სექტემბერს FIRA-AER-ის ეგიდით ორგანიზებულ 2013 წლის რაგბი-7-ის გრან პრის სერიის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს 7-კაცაც იასპარეზებს.

ტურნირზე 12 ნაკრები იღებს მონაწილეობას და ისინი ორ A და B ჯგუფებში განითესნენ.

"ბორჯღალოსნებს" აშკარად არ გაუმართლათ და ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები ინგლისის, იტალიის, უელსის, პორტუგალიის და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან. B პულში კი რუსეთის, საფრანგეთის, შოტლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და უკრაინის ნაკრებები ითამაშებენ.

დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე ტურნირი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირებით გაიხსნება, 13:32-ზე მასპინძლებს
ვეთამაშებით, 16:04-ზე იტალიას, 19:20-ზე უელსის უძლიერეს ნაკრებს, ხოლო ხვალ 12:28-ზე ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირებით დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას.

დებულების თანახმად პულებში 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ნახევარ ფინალურ ეტაპზე გააღწევს, სადაც A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო B ჯგუფის ტრიუმფატორი A ჯგუფის მეორე ადგილოსანს.

გრან პრის მეორე ეტაპის წინ საერთო რეიტინგში ლიდერი ინგლისია 18 ქულით, მეორე პოზიციაზეა რუსეთი - 16 ქულა, მესამეზე - საფრანგეთი 15ქ, მეოთხეა უელსი -14 ქ, მეხუთე - პორტუგალია 12 ქ, მეექვსე - შოტლანდია 10 ქ, მეშვიდე ესპანეთი - 8ქ, მერვე რუმინეთი 6ქ, მეცხრე იტალია 4ქ, მეათე გერმანია 3ქ, მეთერთმეტე -უკრაიანა 2ქ, ხოლო ბოლო ადგილზე 1 მოპოვებული ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება.

რუმინეთის გრან პრის დასრულების შემდეგ შეჯამდება ორი ეტაპის (ლიონი, ბუქარესტი) შედეგები და ბოლო ადგილოსანს 2014 წლიდან ბელგია ჩაანაცვლებს. ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, პორტუგალიის, შოტლანდიის და ესპანეთის ჩაუთვლელად ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გაისად ჩაებმება მსოფლიო სერიის შესარჩევ ეტაპზე, რომელსაც ჰონკონგი უმასპინძლებს.

7-კაცა ტურნირთა გრან პრის სერიის ბომბარდირთა დავას სათავეში ინგლისელი მეთ ტურნერი უდგას, რომლის ანგარიშზეც 45 მოპოვებული ქულაა (9 ლელო), მეორეზეა მისივე თანაგუნდელი ბიბი დანიელი 37 ქულით (7 ლელო,1 გარდასახვა). ქართველთაგან საუკეთესო შედეგი "არმიის" ჰავბეკ ირაკლი ღვინჯილიას გააჩნია, რომელიც 24 ქულით (4 ლელო, 2 გარდასახვა) მეთორმეტე პოზიციაზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტის ტურნირზე

1. ბიძინა სამხარაძე ("ტიმიშოარა")
2. ლევან გოგოლაშვილი ("ყოჩები")
3. რამაზ ხარაზიშვილი ("ჯიქები")
4. რატი ნუცუბიძე ("არმია")
5. გიორგი კალმახელიძე ("არმია")
6. გიორგი ჯიმშელაძე ("არმია")

7. ბახვა კობახიძე ("არმია")
8. გიორგი შკინინი ("არმია")
9. ზურაბ ძნელაძე ("აია")
10. დიმიტრი კალანდაძე ("ჯიქები")
11. შავლეგ მახარაშვილი ("ბოლნისი ყოჩები")
12. თორნიკე ცერცვაძე ("ლელო")

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული